"მომხმარებელს შეეძლება, ყოველ 14 დღეში ახალი მანქანით იაროს" - ახალი კანონპროექტის თავსატეხი

"მომხმარებელს შეეძლება, ყოველ 14 დღეში ახალი მანქანით იაროს" - ახალი კანონპროექტის თავსატეხი

პარლამენტში შეტანილი "მომხმარებელთა უფლებების" კანონპროექტის ფონზე კიდევ უფრო აქტუალურია კითხვა: არის კი დაცული ჩვენში მომხმარებლის უფლებები? ფრთიანი ფრაზისა არ იყოს, მართლა "ყოველთვის მართალი მყიდველია"? - ამ საკითხზე მოსაზრებას სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის კოორდინატორი ლია თოდუა და დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ კორძახია გამოთქვამენ.

მიხეილ კორძახია: - მიგვაჩნია, რომ ამ კანონის ამოქმედება ბიზნესს პრობლემებს შეუქმნის. წუნდებული პროდუქციის გამოცვლა მისაღებია, მაგრამ არასწორია, რომ მომხმარებელს ნებისმიერ საფუძველზე მიეცეს უფლება, 14 დღის განმავლობაში უკან დააბრუნოს პროდუქტი და თანხაც მიიღოს. ეს ხომ მარტო ნაყინს ან სათამაშოს კი არა, ბაზარზე არსებულ ნებისმიერ ძვირად ღირებულ პროდუქციას ეხება, დღევანდელ სიტუაციაში ამ მუხლის ამოქმედება მეწარმეებს პრობლემებს შეუქმნის; სალიზინგო მომსახურებაც (საქონლის იჯარით გაცემა) მოკვდება, რადგან მომხმარებელს შეეძლება, ყოველ 14 დღეში ახალი მობილური ეჭიროს, ახალი მანქანით იაროს, თან ერთხელ გადახდილი თანხით. მთავარია ჩეკი გქონდეს და ნაყიდი მანქანა 14 დღეში არ გააფუჭო. სავალდებულო ხდება ისიც, რომ წერილობითი ხელშეკრულება წინ უსწრებდეს პროდუქტის შეძენას, ანუ როცა ქუჩაში ბამბის ნაყინს ვყიდულობ, წერილობითი ხელშეკრულება უნდა დავდო? რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როცა ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი ბიზნესმენი წუნდებულ პროდუქტს ყიდის, მაგრამ ამას სამოქალაქო კოდექსის ნორმები არეგულირებს, საბოლოოდ კი დავა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. ამ ეტაპზე პრობლემის გადაწყვეტა ახალი მაკონტროლებლის, მათ შორის, მომხმარებელთა ომბუდსმენის შემოყვანა კი არა, ის არის, თუ რატომ არ მიმართავს სასამართლოს მყიდველი. პროდუქცია ორ ნაწილად შეიძლება გაიყოს - ჯანმრთელობისთვის საზიანოდ, მაღალი რისკის მქონედ, რისთვისაც უფრო მკაცრი რეგულაციები უნდა არსებობდეს, მაგრამ ამის გავრცელება ყველა პროდუქციაზე, მაგალითად, როიალსა და გიტარაზე, მიუღებელია. მეწარმეების უფლებები ისევე უნდა იყოს დაცული, როგორც მომხმარებლის.

ლია თოდუა: - კანონი მომხმარებელს შეცდომაში შეყვანისგან დაიცავს, ეს ევროკავშირის ქვეყნების პრაქტიკაზე დამყარებული კანონპროექტია. საქართველოში პროდუქტის შეძენისას გარანტიებთან დაკავშირებით დიდი პრობლემაა ის, რომ გარანტიას არქმევენ ხელშეკრულებას, რომელზედაც მომხმარებელს აწერინებენ ხელს და რომლითაც მას მხოლოდ ხუთი დღე აქვს პროდუქციის გამოსაცვლელად - ლაპარაკია ტელევიზორებზე, კომპიუტერებზე, საკმაოდ ძვირად ღირებულ, ხანგრძლივი მოხმარების საგნებზე; ნაკლი თუ ერთ კვირაში აღმოაჩინე, გამოგიცვლიან, თუ არა და... შემდეგ კი საუბარია შეკეთებაზე შეღავათიან ფასში, ესეც არ არის უფასო, ტრანსპორტირების ხარჯიც მომხმარებელზე გადადის და ა.შ. ეს სრულიად არ შეესაბამება ევროპულ პრაქტიკას, იქ ნებისმიერ საქონელზე ორწლიანი გარანტია ვრცელდება, მოკლევადიანი სარგებლობის ნივთის ყიდვისას კი მითითებული უნდა იყოს, რომ მას აქვს ხანმოკლე სარგებლობის ვადა და ფასიც - შესაბამისი. მაგალითად, თუ ტელევიზორს ორწლიანი გარანტიის ნაცვლად 5-თვიანი მოხმარების ვადა აქვს, უფრო ნაკლები უნდა ღირდეს, ანუ ნებისმიერი პროდუქცია შეიძლება გაიყიდოს, თუ მომხმარებელი ინფორმირებული იქნება სრულად და არა შეფარვით, მოტყუების პრაქტიკით - მომხმარებელს მოაჩვენებენ, რომ ფასდაკლებაა, ლიკვიდაციაა და საქონელს იაფად ყიდულობს, ასეთ შემთხვევაში კი მყიდველს უკვე ექნება უფლება, საქონელი უკან დააბრუნოს ან გამოცვალოს. ევროპისგან განსხვავებით, ჩვენში მომხმარებლის ომბუდსმენს არ ექნება დაჯარიმების, სანქციების გატარების უფლება, ის უფრო მომრიგებელი იქნება მომხმარებელსა და მეწარმეს შორის.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია