ვინ მიიყვანა მაია რჩეულიშვილის დეიდაშვილი თვითმკვლელობამდე?

ვინ მიიყვანა მაია რჩეულიშვილის დეიდაშვილი თვითმკვლელობამდე?

კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდა მამაკაცმა, გიორგი გურგენიძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი სამშენებლო კომპანია "ცენტრ-პოინტის" ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო, რომელსაც ფინანსური პრობლემები ჰქონდა - მეგობრის მამის საცხოვრებელი ბინა ბანკში იპოთეკით დატვირთა და თანხას ვერ იხდიდა. გურგენიძემ თავი საკუთარი იარაღით მოიკლა. შსს-მ სუიციდის ფაქტი დაადასტურა. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ნინო გიორგობიანის განცხადებით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. "ვერსია" კომპანია "ცენტრ-პოინტის" დამფუძნებელს, მაია რჩეულიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ გარდაცვლილი გიორგი გურგენიძე მისი დეიდაშვილია და თვითმკვლელობამდე ერთ-ერთმა მენაშენემ მიიყვანა.

- გიორგი კომპანიის დამფუძნებელი კი არა, არქიტექტორი იყო, რომელიც არაჩვეულებრივი ადამიანი გახლდათ და რამდენიმე წარმატებულ ობიექტს უძღვებოდა. ეს ტრაგედია ჩვენი ერთ-ერთი მენაშენის, ნათია ყიფშიძის ბრალია. ღრმაღელის ობიექტი "აქილევსის ქუსლად" გვექცა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეჩერდა. ამ პროექტის საძირკველი, მიწის ყიდვა, მიწის სამუშაოები და სპეცტექნიკა 5 000 000 აშშ დოლარი დაჯდა, უკვე 4 სართული ავაშენეთ, მაგრამ ობიექტიდან კომპანიაში შემოსასვლელი თანხა 1 700 000 აშშ დოლარია. მთლიანობაში, 10 000 კვადრატული მეტრია ასაშენებელი, აქედან 4000 კვადრატული მეტრი უკვე ავაშენეთ. 1 700 000 აშშ დოლარი, რომელიც მენაშენეებმა უნდა შემოიტანონ, თავისუფლად ჰყოფნის ობიექტის დასრულებას. ღრმაღელის ობიექტზე ერთ-ერთი მომჩივანი ნათია ყიფშიძეა, რომელმაც გიორგის ქონება და ღრმაღელის ობიექტი დააყადაღა. ნათია ყიფშიძის ადვოკატმა გაყიდა გიორგის ერთი ნაკვეთი, არმატურა და ბეტონიც კი, რომელიც ობიექტზე გვქონდა და, იცით, ამას ასე დარწმუნებით რატომ გეუბნებით? - იმიტომ, რომ მთელი ჩვენი ოფისი მუშაობდა, რათა ნათია ყიფშიძე სხვა ობიექტზე, თუნდაც ბათუმში, წყნეთში ან "დაკიდებულ ბაღებში", სადაც უკვე დასრულებულია მშენებლობა, გადაგვეყვანა, მაგრამ ვერ მოვრიგდით. საბოლოო ჯამში, გიორგი გურგენიძემ ასეთ ზეწოლას ვერ გაუძლო და თვითმკვლელობამდე მივიდა. გიორგის რომ ნათია ყიფშიძის ვალი გაესტუმრებინა, საკუთარი ბინა იპოთეკით დატვირთა და, პირადად მე, ორი ტრანზაქცია გავაკეთე. საერთოდ, ობიექტებზე ორი ან სამკაციანი ჯუგფებია, რომლებიც მშენებლობას აფერხებენ. ეს აქტიური, მაგრამ საკმაოდ გაუნათლებელი ხალხის ჯუგფებია, რომლებიც სხვების ცუდად განწყობას ახერხებენ და ობიექტსაც აჩერებენ. გიორგი გურგენიძე უკვე მეშვიდე დეველოპერია საქართველოში, რომელმაც თავი მოიკლა.

- მას შემდეგ, რაც "ცენტრ-პოინტი" დაიბრუნეთ, მაგრამ მენაშენეებთან სერიოზული პრობლემები დაგხვდათ, ღიად აღნიშნეთ, რომ თბილისის მერი გიგი უგულავა ხელს გიშლიდათ...

- არა, ახლა გიგი უგულავა არაფერ შუაშია! თბილისის მერიასთან ურთიერთობა ნელ-ნელა დავალაგეთ.

- რას ფიქრობს, მენაშენე ნათია ყიფშიძის უკან ხომ არავინ დგას?

- ალბათ, უგუნურება ან ბოღმა, რაც აუცილებლად უნდა დასრულდეს. იცით, როგორი ვითარება იყო პირველ თვეებში, როცა "ცენტრ-პოინტში" დავბრუნდით? - მოვარდნები, გისოსებზე აძვრომა, ფანჯრების ლეწვა... არადა, მე ხომ არ გავურბივარ პასუხისმგებლობას, გიორგიც ხომ არსად მიდიოდა? პირდაპირ გეუბნებით, ნებისმიერ სახლში ვაძლევდი ნათია ყიფშიძეს ბინას, მაგრამ არ წამომყვა, ავუხსენი, რომ მისი ქმედებით, ღრმაღელის ობიექტის 150 მენაშენე ზარალდებოდა, მაგრამ უშედეგოდ, ესე იგი, მას ეს მოსწონდა.

- კომპანიაში ახლა რა ვითარებაა?

- ორშაბათს, 30 დეკემბერს, ჩემს იურისტებთან ერთად, სხვადასხვა დეველოპერი პრესკონფერენციას გამართავს, რადგან ამ პროცესის მიშვება არ შეიძლება. სამშენებლო დარგს პატრონი არ ჰყავს და, ამის გამო, სატკივარს ვერავის ვეუბნებით. ჩემი პრობლემა ისაა, რომ არ ვიცი, როგორ შევამცირო წერილი ისე, რომ რომელიმე უწყებაში წაიკითხონ! არ ვიცნობ საქართველოში არც ერთ ორგანიზაციის პირველ პირს, რომელიც ორგვერდიანზე დიდ წერილს წაიკითხავს და გაიგებს! ყველაზე დიდი დარგი, რომელიც წინა წლებში საქართველოს ბიუჯეტის ნახევარს ავსებდა, უპატრონოდაა! პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარის, ზურაბ ტყემალაძის გარდა, ტელეფონს საპარლამენტო უმრავლესობის ერთი წევრიც არ პასუხობს! ზურაბ ტყემალაძე ერთადერთი ადამიანია, რომელთანაც ურთიერთობა უიოლესია. უმრავლესობის დანარჩენი წევრები, რომლებსაც ორი დღის განმავლობაში, გამუდმებით ვურეკავდი, არ მპასუხობდნენ. 1937 წელი მგონია, რადგან ვფიქრობ, ტელეფონზე პასუხის ეშინიათ. ასეთი რამ არასოდეს მომხდარა, თუნდაც წინა მოწვევის პარლამენტში, რადგან ვისთანაც უნდა დამერეკა, ყველა მპასუხობდა. მაგალითად, ძალიან კარგად ვიცნობდი მიშა მაჭავარიანსა და გიგა ბოკერიას, მაგრამ არ ვიცნობდი პალიკო კუბლაშვილს, არ ყოფილა შემთხვევა, რომელიმე მათგანს ტელეფონის ზარზე არ ეპასუხა!

- კონკრეტულად, ვის ურეკავდით, ქალბატონო მაია, ვინ არ გპასუხობდათ?

- საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ვურეკავდი. ოჯახის წევრების საშუალებითაც ვცადე დაკავშირება, რადგან ზოგიერთი მათგანის მეუღლეს ვიცნობ, თუმცა უშედეგოდ. გიმეორებთ, რაღაცის ეშინიათ და ეს შიში თუ არ მოისპო, ქვეყანა ფეხზე ვერ დადგება! პარლამენტის წევრთან, საქმიანი ურთიერთობის გარდა, რა შეიძლება მომინდეს? მართლა ხომ არავის სჯერა, რომ თაღლითი ვარ? 500 000 კვადრატული მეტრი ავაშენე და ამის შემდეგ გავხდი თაღლითი? ეს ხომ წინასაარჩევნო, ბინძური კამპანია იყო, რომელიც ორივე მხარემ დადგა. ვრეკავ, რადგან საქმე მაქვს და მე რომ მემალებიან, ხომ წარმოგიდგენიათ, რიგით მოქალაქეები რა დღეში იქნებიან? ალბათ, მათთან კომუნიკაცია საერთოდ აღარ აქვთ!

მაია მიშელაძე

გაზეთი "ვერსია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია