ყველაზე სასურველი მეკვლე პოლიტიკოსები

ყველაზე სასურველი მეკვლე პოლიტიკოსები

მეკვლეობის ტრადიცია საქართველოში ოდითგანვე არსებობდა და მას საკრალურ მნიშვნელობასაც კი ანიჭებენ. ქართული ტრადიციის მიხედვით, მომავალი წლის ავკარგიანობა პირველ სტუმარზეა დამოკიდებული.

"მთელი კვირა" იმის დადგენას შეეცადა, დღევანდელი პოლიტიკოსებიდან ვის მიიჩნევენ ყველაზე ფეხბედნიერად თბილისელები. ამისათვის დედაქალაქის მასშტაბით მცირე სატელეფონო გამოკითხვა ჩატარდა, რომელშიც შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულმა 250-მა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ გამოკითხულთა 40%-სათვის პოლიტიკოსის მეკვლეობა კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა. მათმა უმრავლესობამ კი, ვინც სხვაგვარად ფიქრობს, ყველაზე სასურველ მეკვლედ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. ისინი ასეთ არჩევანს იმით ხსნიდნენ, რომ ღარიბაშვილი სამართლიანი, გაწონასწორებული და სანდომიანი პოლიტიკოსია.

პრემიერის შემდეგ გამოკითხულთა უმრავლესობამ სასურველ მეკვლედ ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დაასახელა. ძირითადი კრიტერიუმი კი, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა ნაწილი მას მეკვლედ ისურვებდა, მინისტრის მხრიდან საქმისადმი სერიოზული მიდგომაა.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა ქალბატონები იყვნენ, რომლებიც ახალგაზრდა მინისტრს მისი გარეგნობის გამოც ასახელებდნენ.

"შეიძლება ითქვას, რომ კალაძე მინისტრებს შორის ყველაზე სიმპათიურია", - გვითხრა 27 წლის ქალბატონმა და აღნიშნა, რომ მინისტრებს შორის ის ასევე ყველაზე მიზანდასახულია.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერ დავით ბაქრაძესა და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას ხმების დაახლოებით თანაბარი რაოდენობა ერგო. მათ ოდნავ ჩამორჩა "ლეიბორისტთა" ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

ნათელაშვილს სასურველ მეკვლედ მისი განსაკუთრებული იუმორისა და ხალისის გამო ასახელებდნენ.

"მასთან ერთად საახალწლო სუფრაზე ჯდომა სახალისო იქნებოდა, ვინ იცის, რამდენ ანეკდოტს მომიყვებოდა", - გვითხრა 40 წლის მამაკაცმა.

უნდა აღინიშნოს, რომ გამოკითხულთა უმრავლესობამ მეკვლედ არცერთი პოლიტიკოსი არ ისურვა.

"ისედაც ჩემს კმაყოფაზე არიან, ჩემს ფულს ჭამენ და კიდევ სახლში მომადგეს, რომ სიმწრით ნაყიდი საჭმელი შემიჭამოს?!" - აღნიშნა ერთ-ერთმა რესპონდენტმა.

მსურველები "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერ ნინო ბურჯანაძესაც აღმოაჩნდა:

"ბურჯანაძე მაინც ქალია და მისი ყველა სიტყვა მჯერა", - გვითხრა 50 წლის ქალბატონმა მანანამ.

"ბაქრაძეს ვისურვებდი, მევასება ეგ კაცი", - განსაკუთრებული ენთუზიაზმით გვითხრა ერთ-ერთმა გოგონამ, ხოლო ერთმა ახალგაზრდა ბიჭმა კი საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ნდობის გამო გამოარჩია - "მწამს და მჯერა მისი".

85 წლის ქალბატონმა 2014 წელს მეკვლედ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ისურვა, რადგან ყველაზე ქარიზმატულ და აღმშენებელ პრეზიდენტად მიაჩნია.

საინტერესოა, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მეკვლეობა გამოკითხულთა მხოლოდ 2,4%-მა ისურვა.

მეკვლედ ყველაზე სასურველ პოლიტიკოსთა ათეული

1. ირაკლი ღარიბაშვილი 16% (40 ხმა)

2. კახა კალაძე 8,8% (22)

3. ირაკლი ალასანია 6,8% (17)

4. დავით ბაქრაძე 5,4 (16)

5. შალვა ნათელაშვილი 5,6 (14)

6. გიორგი მარგველაშვილი 2,4% (6)

7. დავით უსუფაშვილი 2% (5)

8. დავით სერგეენკო 1,2% (3)

9. სოზარ სუბარი 0,8% (2)

10. ნინო ბურჯანაძე 0,8% (2)

სხვა პოლიტიკოსები მეკვლედ გამოკითხულთა 6,4%-მა (16 ადამიანი) ისურვა, ხოლო რესპონდენტთა 42,8%-მა (107) განაცხადა, რომ 31 დეკემბრის ღამეს არცერთ პოლიტიკოსს არ გაუღებდა საკუთარი სახლის კარს.

გაზეთი "რეზონანსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია