თინა ბებოს აუსრულებელი ოცნებები, გამზადებული კუბო და პირველი განსხვავებული ახალი წელი

თინა ბებოს აუსრულებელი ოცნებები, გამზადებული კუბო და პირველი განსხვავებული ახალი წელი

ბორჯომიდან 26 კილომეტრში, სოფელ პატარა ცემის ერთადერთ მკვიდრს, თინა ბებოს, რომელსაც არც დენი აქვს, არც წყალი და აღარც ოცნებები, მაგრამ, აქვს წინასწარ გამზადებული საფლავი, წელს ყველაზე განსხვავებული ახალი წელი ექნება...

სოფელ პატარა ცემის მარტოხელა მცხოვრების, 74 წლის თინა ტაბატაძის ჩუმ სახლში, წინასაახალწლოდ უჩვეულო ხალხმრავლობა იყო. დამდეგი ახალი წელი თინა ბებოს ჯერ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, 100 ლარის ნობათით მიულოცა, შემდეგ კი მისი ერთფეროვანი ცხოვრება "სამხრეთის კარიბჭემ", მოულოდნელი სიურპრიზით გაახალისა.

საკვები პროდუქტებით, ტკბილეულით, სარეცხი საშუალებებით, სასმელი წყლით, სანთლებითა და ელემენტებით დატვირთული "სამხრეთის კარიბჭე" თინა ბებოს 27დეკემბერს, მას შემდეგ ესტუმრა, რაც მისი ცხოვრების შესახებ შეიტყო... აქციის ორგანიზებაში "სამხრეთის კარიბჭეს" ყოფილი "პოპულარის" ადგილას, რუსთაველის N66-ში გახსნილი საბითუმო მაღაზია "იაფი", იაიძის N7-ში მდებარე მაღაზია "ივერი" და ნათენაძის N18-20-ში მდებარე სერგეი კირაკოსიანის მაღაზია დაეხმარა. მათი წყალობით თინა ბებოს განსხვავებული, იმედიანი ახალი წელი ექნება. მაგრამ, არაფერს ინატრებს: "ცხოვრებაში არცერთი სურვილი და ოცნება არ ამსრულებია. ღმერთმა ჩემს შვილებს მოუმართოს ხელი"...

თუმცა, ასეთი არ ყოფილა გასული 23 ახალი წელი.

წლებია თინა ბებო ახალ წელს მარტო, სანთლის შუქზე, უწყლოდ, უპროდუქტოდ და უიმედოდ ხვდება, მთელი ცხოვრების მუშაობით შეგროვილი სახსრებით ნაყიდი სასახლით, საფლავის ქვითა და წინასწარ გათხრილი სამარით...

თინა ბებოს აუსრულებელი ოცნებები, გამზადებული კუბო და პირველი განსხვავებული ახალი წელი. ტყის პირას მცხოვრებს ცხოველები ხშირად, მაგრამ ადამიანები იშვიათად სტუმრობენ. სოფელთან მისასვლელი სამანქანო გზა ზამთრობით იკეტება და პატარა ცემში მისვლა მხოლოდ ბორჯომი-ბაკურიანის მატარებელით, ე.წ. კუკუშკითაა შესაძლებელი.

კუკუშკის მემანქანეები არიან თინა ბებოს ერთადერთი მომკითხავებიც. ამბობენ, რომ თინა ბებოს კარგად ყოფნის მანიშნებელი, მისი სახლის საკვამურიდან ამოსული კვამლია. რომ არა მემანქანეები, თინა ბებო სასმელი წყლის გარეშე დარჩებოდა. ათეული წლებია ცემს სასმელი წყალი არ აქვს. ახლა ზამთარია და წყალიც მთელი კვირა ჰყოფნის, რადგან საჭმლისა და სარეცხისთვის თოვლს ადნობს.

"წარმოიდგინეთ 20 წელი წყალი რომ არ მოდის, მთლიანი სისტემაა შესაცვლელი. რაც შეგვეძლება ყველაფერს გავუკეთებთ", - ჩვენს დარწმუნებას ცდილობს სოფლის რწმუნებული ზურაბ ლომიძე.

23 წელია თინა ბებოს სახლში არც ნათურა ანთებულა. ამბებს რადიოდან იგებს. რადიო ძველია, ელემენტებზე მომუშავე... ისეთი, დღეს რომ აღარ იშოვება, ყოველ შემთხვევაში, ახალციხის ვერცერთ მაღაზიაში მსგავსი ვერაფერი ვიშოვეთ.

"ელემენტები ძვირი ღირს და ორი კვირაც არ ძლებს, მოტანაც ჭირს. ჩემს რკინიგზელებს ვაწუხებ. არასოდეს მაძლევენ დენის ვაუჩერს, დენი არ გაქვსო... დენი, რომ არ მაქვს, ხომ შეიძლება ვაუჩერი გადავცვალო და ნავთი ვიყიდო ლამფისთვის? პატარა ლამფა მაქვს და ნავთი რომ არ მაქვს, მხოლოდ გამთენიისას ვანთებ", - გვეუბნება თინა ბებო. სახლში ჭაღი მაინც აქვს, იქნებ ოდესმე შუქი აინთოს...

მარტოობას და არავის იმედზე ყოფნას მიეჩვია, ამიტომაცაა, რომ საფლავი წინასწარ მოიმზადა, "საკადრის დასაფლავებაზე" იზრუნა.

საფლავის ქვიდან სამი: ახალგაზრდა, საშუალო ასაკის და ხანდაზმული თინა ბებო იმზირება... ხომ არ იცის რა ასაკში გარდაიცვლება და ამიტომ. სამარე გაჭრილია, საფლავის ღობე გაკეთებული, სასახლე სხვენში ინახება. საფლავთან პატარა ეკლესიაც გააშენა, გზად გამვლელებმა ეკლესიის გამო მაინც რომ დაანთონ მის საფლავთან სანთლები.

თინა ბებოს აუსრულებელი ოცნებები, გამზადებული კუბო და პირველი განსხვავებული ახალი წელი"მთელი ცხოვრება პედაგოგად ვმუშაობდი, კარგი ხელფასი მქონდა და გადავწყვიტე ყველაფერი მეყიდა. როცა გარდავიცვლები, უბრალოდ მოვლენ და დამკრძალავენ".

თინა ტაბატაძე 1939 წლის 1 სექტემბერს დაიბადა. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ პატარა ცემის სატყეო სკოლა-სანატორიუმში დაიწყო მუშაობა: "სანატორიუმს რომ ვუყურებ, ვნერვიულობ. ჩემს ხელში აშენებული, დანგრეულია ყველაფერი და განვიცდი. აშენება მახსოვს, მტკაველებით ვზომავდი როდის დასრულდებოდა და შევიდოდით სამუშაოდ".

იხილეთ სტატიის გაგრძელება

წყარო:  სამხრეთის კარიბჭე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია