ბოლო წლებში პირველად საახალწლოდ რესტორნებს კლიენტი შემოაკლდათ

ბოლო წლებში პირველად საახალწლოდ რესტორნებს კლიენტი შემოაკლდათ

საახალწლოდ თბილისურ რესტორნებს მომხმარებელი შემოაკლდათ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ამჯერად იშვიათი შემთხვევაა, როდესაც წინასაახალწლოდ რესტორნების უმეტესობას შეკვეთები შეუმცირდა.

მიუხედავად იმისა, რომ მომსახურების ფასი არ გაზრდილა, სარესტორნო ბიზნესში კლიენტების შენარჩუნება უჭირთ. წამყვანი რესტორნების მენეჯერები ფიქრობენ, რომ მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობა გაუარესებულია. ისინი სხვა მიზეზს ვერ ხედავენ, რასაც შეეძლო მომხმარებლის აქტიურობაზე გავლენა მოეხდინა.

შარშან ამ დროს თბილისური რესტორნების უმეტეს ნაწილში მაგიდები წინასწარ დაიჯავშნა და ახალ წლამდე 1 კვირით ადრეც ადგილის დაკავება კლიენტისთვის შეუძლებელიც იყო. ახლა კი, გამონაკლისი შემთხვევის გარდა, ადგილები რესტორნებს თავისუფალი აქვთ და შეკვეთებს 31 დეკემბრის დღის საათებშიც კი ელოდებიან. უმეტესობას იმედიც გადაეწურა და აღიარებს, რომ განსაკუთრებული წელია, როცა ქართველებმა საახალწლოდ რესტორანში ქეიფსა და გართობაზე უარი თქვეს.

კლიენტების დეფიციტის გამო, ზოგიერთმა მათგანმა საახალწლო ღონისძიებების დაგეგმვისგან თავიც შეიკავა. მათ შორის არის რამდენიმე ცნობილი რესტორანი: "წისქვილი", "აფხაზეთი", "ჰარალე" და სხვები.

ვინც საახალწლო ღონისძიების დაგეგმვაზე უარი არ თქვა, მომხმარებელს მაღალი კლასის მომსახურებას და სრულიად ახალ მენიუს ჰპირდება.

მიუხედავად იმისა, რომ სამომხმარებლო ფასები გაიზარდა, მაღალი კონკურენციის გამო, რესტორნებმა მომსახურების ღირებულება უცვლელად დატოვეს. მათი მენეჯერები ამბობენ, რომ ადგილების დაჯავშნა ერთი თვით ადრე დაიწყო, მაგრამ ჯერაც აქვთ თავისუფალი ადგილები და არ გამორიცხავენ, რამდენიმე შეკვეთა კიდევ მიიღონ. ბევრი მათგანი ასეთი ოპტიმიზმისგან შორსაა.

რესტორან "ევროპის" წარმომადგენელი "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ წლეულს კლიენტების ნაკლებობაა, თუმცა რესტორანი არ ღალატობს ტრადიციას და ერთგულ მომხმარებელს დაუვიწყარ საღამოს ჰპირდება.

"საახალწლოდ გვაქვს მრავალფეროვანი მენიუ და ლამაზი ღონისძიება. ძალიან საინტერესო მუსიკალური პროგრამაა. თითო კაცის მომსახურება ჩვენთან 120 ლარი ეღირება. ასეთი ფასი გვქონდა შარშანაც. ამ დროს ყველა ადგილი შევსებული იყო. წელს რამდენიმე ადგილი თავისუფალი რჩება. წინ კიდევ მთელი დღეა და არ გამოვრიცხავ, კლიენტებმა მოგვმართონ. სპეციალურად ღონისძიებისთვის ცნობილი მომღერლები მოვიწვიეთ. რესტორნის სტუმრებს დაუვიწყარ საღამოს ჰპირდებიან ანრი ჯოხაძე, მარკუს მეტრეველი, ნინო ჩხეიძე და სხვები.

ფინანსური პრობლემები ყოველთვის იყო, მაგრამ მოლხენისა და საახალწლო გართობისთვის ქართველი თანხას არ ზოგავდა. სიმართლე გითხრათ, მათი პასიურობა მიკვირს, მიზეზის ახსნაც გამიჭირდება. არსებული მდგომარეობით უკმაყოფილო არ ვარ, მაგრამ ეს არ არის ის, რასაც ახალი წლის დღესასწაულზე ველოდით", - ამბობს რესტორნის წარმომადგენელი.

მართალია, ქართველი მომხმარებელი პასიურობს, სამაგიეროდ უცხოელმა ტურისტებმა უკვე მოასწრეს ადგილების დაჯავშნა რესტორან "ბაბილოში". რესტორნის მენეჯერი ფრიდონ პეტრიაშვილი დარწმუნებულია, რომ ახალი წლის ღამე სტუმრებისთვის გამორჩეული იქნება, რისთვისაც რესტორნის ანსამბლი და მოწვეული მომღერლები იზრუნებენ. მისი განმარტებით, აქტიურობა შეინიშნება, თუმცა შარშან ამ დროს მოთხოვნა გაცილებით მეტი იყო.

"ახალი წლის ღონისძიებაზე დასასწრებად სტუმრებმა ადგილები წინასწარ დაჯავშნეს, ძირითადად, სომეხ და აზერბაიჯანელ ტურისტებს ველოდებით. თითო ადამიანის მომსახურება, საშუალოდ, 100 დოლარი ჯდება. საღამოს ჩვენი დიჯეი გაუძღვება, გვყავს საკუთარი ანსამბლიც, რომელიც მოწვეულ მომღერლებთან ერთად, ღონისძიების სტუმრებს შესანიშნავ განწყობას შეუქმნის. მათ მოხიბლვას მაესტრო მორისი ცეცხლოვანი ცეკვებით შეეცდება. ვპირდებით მომხმარებლებს, რომ ელოდებათ ძალიან ლამაზი და დაუვიწყარი საღამო. ამისთვის ძალიან დიდი სამზადისია", - ამბობს ფრიდონ პეტრიაშვილი.

რესტორან "მეტეხის ჩრდილში" განსაკუთრებული მდგომარეობაა იმ მხრივ, რომ ადგილები სრულად აქვთ დაჯავშნული. მომსახურების ღირებულება არ შეცვლილა და კვლავინდებურად თითო ადამიანზე 170 ლარს შეადგენს.

"ადგილები სრულად არის დაჯავშნული. ვფიქრობთ, "მეტეხის ჩრდილში" ახალ წელს სტუმრებს არაჩვეულებრივ საღამოს შევთავაზებთ. ამისთვის საგანგებოდ მოვემზადეთ. მიუხედავად იმისა, რომ ლარი გაუფასურდა და ყველაფერი ძალიან ძვირია, მაქსიმალურს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოწვეულები კარგად გაერთონ და ქართულადაც მოილხინონ.

მომხმარებელს ჩვენი მომღერლები და დიჯეი მოემსახურებიან. სტუმრებს ახალი წლის ღამეს პოპულარული სიმღერებით და არაჩვეულებრივი სუფრით გავუმასპინძლდებით. გვჯერა, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის და ნამდვილად კარგი სანახაობა გვექნება", - აცხადებენ რესტორანში.

მიუხედავად იმისა, რომ საახალწლოდ ნაწილი ადგილების უკვე დაჯავშნეს და სტუმრების მოლოდინშიც არიან, რამდენიმე თბილისური რესტორნის წარმომადგენელმა საახალწლო ღონისძიებების შესახებ საუბრისგან თავი შეიკავა. თუმცა, დაგვიდასტურეს, რომ კლიენტურა შეუმცირდათ და ამ მხრივ მდგომარეობა გაცილებით რთულია, ვიდრე შარშან იყო - წლეულს შეკვეთები ნაკლებად აქვთ და ეს მათ მუშაობაზეც აისახა. სარესტორნო ბიზნესის წარმომდაგენლებს იმედი აქვთ, რომ მომავალი წლიდან სიტუაცია შეიცვლება და მეტ ადამიანს მიეცემა რესტორანში გართობა-მოლხენის შესაძლებლობა და განწყობაც!

მარი ჩიტაია

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია