2014 წლის მბრძანებელი ცხენი იქნება. ძირითადი ფერი - მწვანე, ძირითადი ელემენტი - ხე. ამბობენ, მწვანე ცხენის ხის წელიწადში ადამიანი განსაკუთრებულად ფხიზლად უნდა იყოს, რადგან მოულოდნელობებით სავსე წელი იქნება. მაქსიმალურად უნდა გააქტიურდეთ - გართობაც უნდა შეგეძლოთ და მუშაობაც. ეს წელი განსაკუთრებით, ცხენის წელში დაბადებული ადამიანებისთვის იქნება კარგი, მაგრამ მათ გულხელდაკრეფილი ჯდომის უფლება არა აქვთ - მიზნების მისაღწევად მუხლჩაუხრელი შრომა სხვებზე მეტად მოეთხოვებათ. ცხენის მსგავსად, კარგი წელი ელის ხარსაც. აღმოსავლური ნიშნების 2014 წლის ასტროპროგნოზს მომავალი ნომრიდან შემოგთავაზებთ. ახლა კი გავიგოთ, თუ როგორ უნდა დავხვდეთ ცხენის წლის შემობრძანებას.
ცხენი სიცოცხლისა და მხიარულების მოყვარული ცხოველია. ახალ წელსაც მხიარულად და ოპტიმისტური განწყობილებით უნდა შევეგებოთ. კარგი იქნება, თუ ახალ წლამდე გამოფენას დაათვალიერებთ, კონცერტს ან სპექტაკლს დაესწრებით. 31 დეკემბრამდე სახლში მოაწესრიგეთ სანტექნიკა, რადგან, როგორც ამბობენ, თუ გაფუჭებული ონკანიდან წყალი ჟონავს, სახლიდან კეთილდღეობა გაედინება. ახალი წლის შესახვედრად შეიკრიბეთ ოჯახის წევრები, ნათესავები. 12 საათის დადგომის შემდეგ კი დღესასწაული მიულოცეთ ახლობლებსა და მეგობრებს.
რადგან წლის სტიქია ხეა, სუფრაზეც და სახლის მოსართავადაც გამოიყენეთ ხის ჭურჭელი, სუვენირები. სუფრაზე აუცილებლად შემოდგით ცხენის, სასურველია - ხის ფიგურა. კარზე ნალი მიამაგრეთ, რომელსაც ზარს ჩამოჰკიდებთ. ცხენი მიჯაჭვულია ოჯახს, ნათესავებს, ამიტომ მათ უყურადღებოდ ნუ დატოვებთ; წინასწარ შეარჩიეთ მათთვის საჩუქრები. ახლობლებისთვის საუკეთესო საახალწლო საჩუქარი ცხენისგამოსახულებიანი სუვენირი იქნება; ხის სამკაული ან ზარდახშა. აგრეთვე, ნამცხვრების ან კანფეტების ნაკრები.
ჩინური ტრადიციით, წლის მთავარი ფერი მწვანეა. ჩაცმულობაში აგრეთვე შეგიძლიათ გამოიყენოთ: ყვითელი, ოქროსფერი, კრემისფერი და თეთრი ფერები. სასურველია, ნატურალური ქსოვილის სამოსი გეცვათ. სინთეტიკას არ გირჩევთ. უპირატესობა მიანიჭეთ აგრეთვე, ცისფერ და ნაცრისფერ აქსესუარებს. მოერიდეთ წითელს, ფორთოხლისფერს.
თუ წვეულებაზე წასვლას აპირებთ, კოვბოის ან ამორძალის ფორმაში გამოეწყვეთ. მთავარია, სამოსი არ გზღუდავდეთ. ყურადღება მიაქციეთ ფეხსაცმელს, სამკაულებს, თმის სამაგრებს. სასურველია ხის ბეჭედი, სამაჯური გაიკეთოთ ან მძივებით მოირთოთ. მანდილოსნები უნდა მოერიდონ ექსტრავაგანტურ ვარცხნილობას; უმჯობესია, ან ნაწნავი გაიკეთოთ, ან თმა გაიშალოთ. ფრჩხილებზეც მკრთალი ფერის ლაქი წაისვით.
ბედნიერების მომტან განსაკუთრებულ "ცხენურ" კერძად წყალზე მოხარშული შვრიის ფაფა გამოგადგებათ, რომელსაც წვრილად დაჭრილ შავ ქლიავს, ქიშმიშსა და გარგარის ჩირს დაუმატებთ. სასურველია, იგი ხის ფიალებით ჩამოარიგოთ ან ხის კოვზებით მიირთვათ.
რაც შეეხება სადღესასწაულო სუფრას: ბევრი და მრავალფეროვანი კერძი მოამზადეთ. არ დაგავიწყდეთ მწვანილი. სუფრა ლამაზად უნდა გააწყოთ, გამოიყენოთ დეკორატიული სანთლები, პატარა ნაძვის ხეები. სიმბოლიკისთვის, შეგიძლიათ, ფიალებით წყალი და ქერი დადგათ, ქერის ორცხობილაც მიიტანოთ. თუ ორცხობილას შინ გამოცხობას დააპირებთ, მას ცხენის ან ნალის ფორმა მიეცით. თქვენი შვილებისა და სტუმრების აღფრთოვანებას დაიმსახურებს ცხენისგამოსახულებიანი ნამცხვარი ან ტკბილი ღვეზელი, რომელსაც ასე მოამზადებთ: ქაღალდისგან გამოჭრილი ცხენის ტრაფარეტი დაადეთ ნამცხვარს და ისე მოაყარეთ კაკაო ან შაქრის პუდრი. ასევე შეგიძლიათ გამოსახოთ ცხენი ან ნალი სალათებზეც: დაადეთ ტრაფარეტი და ზემოდან წვრილად დაჭრილი მწვანილი (ტკბილი წიწაკა, ზეთის ხილი, მოხარშული კვერცხი) მოაბნიეთ.
გახსოვდეთ, რომ ქაღალდის ხელსახოცები არ გამოგადგებათ (სუფრაც ნატურალური ქსოვილის უნდა იყოს), თეფშებს თეთრი ან მწვანე ქსოვილის ხელსახოცები შემოულაგეთ, რომლებსაც ხის ან მძივის რგოლებს დაუმაგრებთ. ცხენს ხშირად, შაქრის ნატეხით ანებივრებენ. ახალი წლის ღამეს თქვენც ჩაიკოკლოზინეთ პირი, რათა მომდევნო წელს სიტკბო და სიამოვნება დაგებედოთ.
ცხენს ნასვამი ადამიანები არ უყვარს, ამიტომ - ნუ გამოთვრებით. უპირატესობა უალკოჰოლო კოქტეილებს, მინერალურ წყალსა და წვენებს მიანიჭეთ. ერთადერთი ნებადართული ალკოჰოლური სასმელი - შამპანურია, რომელიც რაც შეიძლება ხმაურიანად უნდა გახსნათ.
გისურვებთ, ხალისიანად შეჰგებებოდეთ დამდეგ ახალ წელს!
მოამზადა რუსუდან გელაშვილმა
(გამოდის ხუთშაბათობით)