საქართველოს მთავარი პროკურორი, შესაძლოა, პაატა შავაძე გახდეს

საქართველოს მთავარი პროკურორი, შესაძლოა, პაატა შავაძე გახდეს

საქართველოს მთავარი პროკურორი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა უახლოეს დღებში უნდა დაასახელოს, შესაძლოა, "საქართველოს ანტიკორუფციული პალატის" თავმჯდომარე პაატა შავაძე გახდეს. ამის შესახებ ინფორმაციას შავაძე "გურია ნიუსთან" ადასტურებს და საკუთარ გეგმებზეც საუბრობს.

- ბატონო პაატა, ვინ დაასახელა თქვენი კანდიდატურა ამ თანამდებობაზე და როდის დაიწყო თქვენთან მოლაპარაკებები?

- ნება მომეცით, ეს არ გავამხილო. ვფიქრობ, ის უფრო საინტერესოა, რისი გაკეთება შეგვიძლია, ვიდრე ის, ვისი კანდიდატურები განიხილება და ვინ დაგვასახელა. დანარჩენი, იცით, რომ ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია. შემიძლია გითხრათ, რომ უკვე ვამზადებ ჩემს პროგრამას. თუკი ჩემზე იქნება შეჩერებული არჩევანი, მაქვს ჩემი მუშაობის სტრატეგია. მთავარი პროკურატურა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამართალდამცავი ორგანოა და მიმაჩნია, რომ ის რადიკალურად უნდა გარდაიქმნას და მხოლოდ ხალხის სამსახურში უნდა ჩადგეს. პროკურატურა უნდა იყოს მზად, რომ ყველაფერი კანონის შესაბამისად გააკეთოს. დანარჩენი, ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია. მე მზადყოფნას გამოვთქვამ და ვდებ პირობას, რომ ეს უწყება სამაგალითო იქნება. მიმაჩნია, რომ ჩემი სახით მთავარი პროკურორი იქნება ის პიროვნება, რომელსაც საზოგადოება ითხოვს.

- ყოველთვის გქონდათ შენიშვნები მთავარი პროკურატურის მუშაობასთან დაკავშირებით. რას გვეტყვით, ყოფილ მთავარ პროკურორებზე? რა შეცდომები დაუშვეს მათ?

- არჩილ კბილაშვილი ჩემი მეგობარი და კოლეგაა. ღირსეული ადამიანია, თუმცა რატომღაც უუნარო პროკურორი დაარქვეს, რასაც არასდროს ვეთანხმებოდი და არც ახლა დავეთანხმები. მთავარი პროკურორი არის ის თანამდებობის პირი, რომელსაც უნდა მიეცეს უფლება, რომ უწყება სრულფასოვნად მართოს. თუკი არ იქნება პოლიტიკური ნება, რომ მთავარმა პროკურორმა იმუშაოს და ის ფუნქციები შეასრულოს, რაც ევალება, მაშინ ვინც არ უნდა იყოს პროკურორი, უუნარო იქნება.

- დანიშვნის შემთხვევაში აპირებთ თუ არა უწყებაში რეორგანიზაციას?

- რა თქმა უნდა, იქნება საკადრო ცვლილებები. ყველა იმ პროკურორზე, რომლებზეც საჩივრებია მოქალაქეთა მხრიდან და უკავშირდება შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, მივცემ შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს დავალებებს, რომ საქმეები უმკაცრესად განიხილონ. ყველა იმ "გამოცდილ" პროკურორს, რომლებსაც 9 წლის მანძილზე ადამიანის ტანჯვა-წამების, უკანონო გადაწყვეტილების მიღების და ასევე უკანონო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მეტი არაფერი უკეთებიათ, მინიმუმ სახლში მივაბრძანებ, მაქსიმუმ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მივცემ. სადამდეც მიგვიყვანა მათმა "პროფესიონალიზმმა", კარგად ვიცით. მიხეილ სააკაშვილს და ზურაბ ადეიშვილს სჭირდებოდათ ეს "პროფესიონალები". ჩვენ, პირველ რიგში, ადამიანები გვჭირდება. არის ძალიან ბევრი კარგი და პროფესიონალი იურისტი, ახალი ხედვებით და რეალობებით, ამ ადამიანებს დავასაქმებთ კონკურსების, გასაუბრებების და რეკომენდაციების საფუძველზე. საქართველოს პროკურატურა ჩამოყალიბდება ახალგაზრდა, ნიჭიერი კადრებით, რომლებიც არ იქნებიან რეპუტაციაშელახულები. საზოგადოებას პროკურატურის არ უნდა ეშინოდეს. ის უნდა წარმოგვედგინოს სამართლიანობის ქვაკუთხედად. ვდებ იმის პირობას, რომ თუკი მე გავხდები მთავარი პროკურორი, პირველი წუთიდანვე გატარდება "ქართული ოცნების" ის პოლიტიკა, რასაც სამართლიანობის აღდგენა ჰქვია. ჩვენ ამის ვალდებულება ავიღეთ.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა