500-მდე თბილისელმა ახალი წლის ზეიმი სასწრაფოს გამოძახებით დაასრულა

500-მდე თბილისელმა ახალი წლის ზეიმი სასწრაფოს გამოძახებით დაასრულა

ზოგისთვის ახალი წელი უბრალოდ მიზეზია, მიზანი - დალევა. ტრადიციული ქართული კერძებით სავსე სუფრაც ტრადიციაა, დალევაც ამ ტრადიციის ნაწილი. თუმცა ზოგისთვის...

თბილისში 31 დეკემბერს ათეულობით ადამიანს სასწრაფოს ექიმებმა მხოლოდ იმის გამო მიაკითხეს, რომ მათ ჭარბი ოდენობით ალკოჰოლური სასმელი დალიეს. უფრო მეტი მოქალაქე გონების დაკარგვამდე 1 იანვარს დათვრა. კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა კი 2 იანვარს სასწრაფოს ექიმები იმის გამო დაიბედა, რომ ზომაზე მეტი დალია.

სისხლში ალკოჰოლის 0.05%-ის შემცველობა მსუბუქი თრობაა. 0.1% - საშუალო ხარისხის, სისხლში ალკოჰოლის 0.15%-იანი შემცველობა კი უკვე მძიმე ხარისხის თრობაა, რაც ძირითადად ძლიერ მოწამვლას, ბარბაცით სიარულს, მეხსიერებასა და აზროვნებაში პრობლემებს, ასევე ემოციური არასტაბილურობასა და აგრესიას იწვევს.

მარტო თბილისში ახალი წლის დღეებში - 31 დეკემბერს, 1 და 2 იანვარს ალკოჰოლური სასმელით ინტოქსიკაციის 499 შემთხვევა დაფიქსირდა.

კერძოდ, 31 დეკემბერს ალკოჰოლით ინტოქსიკაციის 134 ფაქტი გამოვლინდა. 1 იანვარს - 161. 2 იანვარს კი ალკოჰოლური სასმელის ჭარბი ოდენობით მიღების გამო სასწრაფოს გამოძახება 204 მოქალაქეს დასჭირდა.

როგორც "ამბები.გე-ს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, არცერთი ნასვამი მოქალაქის ჰოსპიტალიცაზია საჭირო არ გამხდარა და მათ ექიმებმა დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს.

"როგორც ჩანს, დოზებთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემებია. ზოგს სხვადასხვა დაავადება აქვს, რომლის გამწვავებას სწორედ ალკოჰოლის ჭარბი ოდენობით მიღება იწვევს. სწორედ ამიტომ არის, ალკოჰოლით ინტოქსიკაციით ამდენი გამოძახება", - აცხადებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში.

მათივე ინფორმაციით, ახალი წლის დღეებში გამოვლინდა ასევე კვებითი ინტოქსიკაციის შემთხვევებიც, თუმცა ალკოჰოლით ინტოქსიკაციაზე გაცილებით ნაკლები. კერძოდ, 31 დეკემბერს საკვებით 14 ადამიანი მოიწამლა, 1 იანვარს - 22, 2 იანვარს კი - 17.

რაც შეეხება ზოგად სტატისტიკას, თბილისში 31 დეკემბერს სასწრაფოს გამოძახების 1530 შემთხვევა დაფიქსირდა. აქიდან ჰოსპიტალიზაცია 270 ადამიანს დასჭირდა. 1 იანვარს სასწრაფოს 1724 გამოძახება დაფიქსირდა, მათ შორის საავადმყოფოში 312 ადამიანს დასჭირდა გადაყვანა. 2 იანვარს კი სასწრაფოს გამოძახების 1718 ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის 307 პაციენტის ჰოსპიტალიცაზია აუცილებელი გახდა.

მინდია აფციაური

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია