საქართველოში პური უმთავრესი საკვები პროდუქტია. შესაბამისად, ახალი წლის დღესასწაულზე, როცა ყველა ოჯახი საზეიმო სუფრის გაწყობილებაზე ზრუნავს, განსაკუთრებულად ბევრი პური იყიდება და მეპურეებსაც დიდი ჯაფა ადგებათ: ოჯახები საკმარისი პურით უნდა უზრუნველყონ და ამავდროულად, საკუთარ სადღესასწაულო სუფრაზეც უნდა იზრუნონ... ახალი წლის დღეებში ერთ-ერთ საცხობს ვესტუმრე, სადაც ენაწყლიანი მეპურე - 21 წლის გიორგი ქებაძე დამხვდა.
- წინასაახალწლოდ პურის ყიდვის მსურველთა რიგი გზის მეორე მხარემდეა გადაჭიმული. პურს "სტელაჟებზე" ვერც ვალაგებთ, რადგან გამოცხობისთანავე იყიდება. როცა დღესასწაული ახლოვდება, მუშაობა განსაკუთრებულად რთულდება: ჩვეულებრივ დღეებში საშუალოდ, 5 ტომარა ფქვილისგან გამოცხობილ ნაწარმს თუ ვყიდით, ახალ წელს - 25-30 ტომარა ფქვილი იხარჯება.
- კლიენტები პურის "დაჯავშნას" არ გთხოვენ?
- "უფროსობა" გვაფრთხილებს, რომ ჯერ რიგში მდგომ ხალხს უნდა მოვემსახუროთ, შემდეგ კი, თუ იმის საშუალება იქნება, რომ პური სხვებსაც გადავუნახოთ, პრობლემა არ არის...
- ყოფილა თუ არა ისეთი შემთხვევა, რომ საახალწლოდ პური საკუთარ ოჯახში ვერ წაგიღია?
- როგორ არა! ვინაიდან საცხობში ფანჯრიდან ხალხი გვხედავს, მათი მოტყუება ადვილი არ არის... შარშან, სამუშაო საათების დამთავრების შემდეგ, შინ წასაღები პური ძლივს მოვაგროვე: 20 მინდოდა, მაგრამ 10 წავიღე. წელს თადარიგი დავიჭირე, რათა შინ მეტი პური წამეღო.
- ახალი წლის დღესასწაულს საცხობში შეხვედრიხარ?
- არა. უფროსი 31 დეკემბერს გამონაკლისს უშვებს და საღამოს მაქსიმუმ, 9 საათამდე გვამუშავებს. აქ მანდილოსნებიც მუშაობენ და საახალწლო სუფრის მომზადება მათაც ხომ სჭირდებათ? ბოლოს და ბოლოს, შინ სტუმრებს ელიან... პირველ იანვარს პური ბევრს სჭირდება, მაგრამ უფროსი არ გვეუბნება ახალ წელს იმუშავეთო. ამ დღეს ქეიფი ყველას უნდა.
- დიდი ხანია, რაც საცხობში მუშაობ?
- წელიწად-ნახევარია. ოჯახს შემოსავალი სჭირდებოდა, ახალგაზრდა კაცს ჯიბის ფულიც მინდოდა და საცხობში მუშაობა ამიტომაც დავიწყე.
- პურის გამოცხობა იოლად ისწავლე?
- კი, 1 დღეში ვისწავლე. ზოგი 2 კვირაში სწავლობს, ზოგი - 1 თვეში. გააჩნია, ვინ როგორ აითვისებს. თავდაპირველად, ცოტა არ იყოს დაღრეჯილი, ულამაზო პური გამომდიოდა. არადა, ორივე მხარე თანაბარი ზომის უნდა იყოს. "მეცომეობასაც" ვითავსებ: ადრე მქონდა შემთხვევა, როცა 600 გრამი ცომის ნაცვლად 800-ს ვჭრიდი (იცინის).
- საცხობში როგორ მოხვდი?
- აქ ძმაკაცი მუშაობდა და მითხრა, - თავისუფალი სამუშაო ადგილიაო. მოვედი, პურის ცხობა ვისწავლე და მუშაობაც დავიწყე. აქვე ახლოს ვცხოვრობ - მგზავრობისთვის ფული არ მეხარჯება.
- ვიდრე აქ დაიწყებდი მუშაობას, პურის გამოცხობის არანაირი გამოცდილება არ გქონდა?
- ბავშვობაში სოფელში, ბებიასთან სტუმრად რომ მივდიოდი, თონეში პურს ვაკრავდი, მაგრამ სულ მიცვივდებოდა (იცინის). თონეში მუშაობა უფრო რთულია - იქ მაღალი ტემპერატურაა, სიცხე სახეში "გირტყამს". არც ღუმელთან მუშაობაა იოლი - ბუნებრივი აირი (რაზეც ღუმელი მუშაობს) ნაოჭებს აჩენს, ადამიანს მალე აბერებს.
- რა თვისებები უნდა გქონდეს, რომ კარგი პური გამოაცხო?
- უპირველეს ყოვლისა, პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა გქონდეს. ცხობას როგორც გასწავლიან და როგორც ისწავლი, ისეთი ხარისხის პური გამოგივა.
- პრეტენზიული კლიენტები გყავთ?
- როგორ არა! ზოგს დაბრაწული პური მოსწონს, ზოგს - თეთრი, ზოგი "კლიაოზნიკი" მოდის და ამბობს, პურს მარილი აკლიაო ან სხვა რამეს იგონებს. არადა, მართლა კარგ პურს ვაცხობთ.
- ქალაქში ბევრი საცხობია. კონკურენციას როგორ უძლებთ?
- ყველას თავისი კლიენტი ჰყავს. მყიდველი იმ შემთხვევაში დაიკარგება, თუ პურის ხარისხს გააფუჭებ. ჩვენ სტაბილურად ხარისხიანი პური გვაქვს.
- საცხობში მოსვლამდე სხვა საქმით თუ იყავი დაკავებული?
- ფეხბურთელი გახლდით. რუსთავის "მეტალურგში" ვთამაშობდი. კონტრაქტიც მქონდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ იქიდან გამომიშვეს. "დაჟე", თანხას მთხოვდნენ, რომ მეთამაშა. ვიფიქრე, თანხის გადახდას ჯობია, ვიმუშაო და ოჯახს დავეხმარო-მეთქი. მოკლედ, 8 წელი ვთამაშობდი, შემდეგ კი სპორტს თავი დავანებე.
- სპორტი არ გენატრება? ფეხბურთელის კარიერის გაგრძელებაზე არ გიფიქრია?
- კი, მაგრამ ადამიანი ფეხბურთს თავს რომ დაანებებს, ფორმას მალე კარგავს, წონაში იმატებს... ბოლო დროს ამაზე არც ვფიქრობ, რადგან ახლა ნორმალური შემოსავალი მაქვს და ოჯახის რჩენაც შემიძლია.
- პურის ცხობა შენთვის საინტერესო საქმეა?
- ჩემთვის საინტერესო საქმე იმიტომ არის, რომ ხელფასს მიხდიან. ისე კი, დილით გაღვიძება მეზარება.
- მაინც, თვეში რამდენ ლარს იღებ?
- აქ ყოველდღიური შემოსავალი გვაქვს - 25-30 ლარს ვშოულობთ. ჰოდა, ყოველდღე თუ არა, 2 დღეში ერთხელ მაინც უნდა იმუშაო, რომ რაღაც დაგრჩეს... პურის ცხობა საინტერესო პროცესია. თან, დანადგარი გვაქვს ისეთი, რომ ბევრი წვალება არ გვჭირდება.
- ამბობენ, ცომის ხარისხი მცხობელის ხასიათზე, განწყობილებაზეა დამოკიდებულიო.
- ხასიათი რა შუაშია?! როგორი პასუხისმგებლობაც გაქვს, ისეთ პურს გამოაცხობ. საქმე კარგად უნდა გააკეთო, თორემ უფროსი მოვა და გეტყვის, კარგად იყავიო.
- შენი ოჯახის წევრებიდან პურს კიდევ ვინმე აცხობს?
- მე, დედა და ჩემი ძმა ერთად ვმუშაობთ. ცოლი 2 თვის წინ შევირთე. მას არ ვამუშავებ. ისე, სამზარეულოში კი ფუსფუსებს: კარგი ხელი აქვს და გემრიელ ნამცხვარს, ღვეზელებს აცხობს.
- მომავალი როგორი წარმოგიდგენია?
- ოპტიმისტი ვარ, ყველაფერი კარგად იქნება. ახალგაზრდა ბიჭი გახლავართ - მივდგები, მოვდგები...
- წარმატებას გისურვებ! დასასრულს, რამის თქმა ხომ არ გინდა?
- მთელ საქართველოს ვულოცავ ახალ წელს! ჩვენს ქვეყანას დაკარგული ტერიტორიების აღდგენას, სიხარულს, სიკეთეს ვუსურვებ!
ეთო ყორღანაშვილი
(გამოდის ხუთშაბათობით)