ილია მეორე - მართალია ზნეობა ჩამორჩა, მაგრამ მეცნიერება და ტექნიკა წინ მიდის და მას უნდა მივდიოთ

ილია მეორე - მართალია ზნეობა ჩამორჩა, მაგრამ მეცნიერება და ტექნიკა წინ მიდის და მას უნდა მივდიოთ

საქართველო ცოდნისა და ღრმა აზროვნების გარეშე ვერ იარსებებს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

უწმინდესმა ანალიტიკური აზროვნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერს საკითხების სიღრმისეული ცოდნა აკლია. პატრიარქის აზრით, ადამიანებმა ხშირად უნდა გააანალიზონ მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები და ზერელე ცოდნა არ კმარა.

"ცოდნისა და ღრმა აზრების გარეშე საქართველო ვერ იარსებებს, რადგან მეცნიერება და ტექნიკა წინ უზარმაზარ ნაბიჯებს დგამს. მართალია ზნეობა ჩამორჩა, მაგრამ მეცნიერება და ტექნიკა წინ მიდის. ჩვენ უნდა მივდიოთ მას. უნდა გვესმოდეს სად მიდის და სად მიჰყავს ხალხი. როდესაც მეცნიერი მუშაობს, ის კეთილი მიზნებით ხელმძღვანელობს, მაგრამ შემდეგ იმ ტექნიკას ბოროტად იყენებენ. თუნდაც ავიღოთ ბირთვული იარაღი. ამიტომ ადამიანისთვის ზერელე ცოდნა არ კმარა. ადამიანი ერთი დარგის სპეციალისტი მაინც უნდა იყოს", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქის თქმით, ადამიანებმა უნდა გააანალიზონ წარსული და აწმყო და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებენ მომავლის დანახვას. უწმინდესის შეფასებით, წარსული, აწმყო და მომავალი ერთმანეთთან უშუალოდ არის დაკავშირებული.

"როდესაც ხდება ესა თუ ის მოვლენა, ხშირად ჩვენ ფაქტის შემდეგ ვფიქრობთ რატომ მოხდა ეს, მაშინ, როდესაც უნდა გვქონდეს წინასწარ განჭვრეტის უნარი. უნდა ავირჩიოთ გზა ერისა, ქვეყნისა, ეკლესიისა, სადაც იქნება უშფოთველობა, მიმტევებლობა და ურთიერთგაგება. ეს გზა ერთადერთია, რომელიც გადაარჩენს ადამიანს, ერსა და ქვეყანას. ხშირია, როდესაც ფაქტის შემდეგაც ვერ ვააანალიზებთ მომხდარს და გვავიწყდება ჩვენი შეცდომები. რამდენი რამ გადაგვხდა, მაგრამ არც ერთი ფაქტი გაანალიზებული არ არის", - აღნიშნა უწმინდესმა.

პატრიარქის თქმით, ეს არ შეიძლება აიხსნას იმით, რომ ქართველ ერს ანალიზის უნარი არ აქვს. უწმინდესი მიიჩნევს, რომ ადამიანები ამ საკითხს ყურადღებას არ აქცევენ.

"დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ანალიტიკურ აზროვნებას და ანალიტიკურ აზროვნებას უნდა ვასწავლიდეთ სკოლაში პირველიდან მეთორმეტე კლასამდე. თუ ამას ისწავლის ადამიანი, მას გაუადვილდება ცხოვრება, თავიდან აიცილებს მრავალ განსაცდელს. ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როდესაც ძალიან ბევრი ვიცით, მაგრამ სიღრმისეული ცოდნა გვაკლია, ყველაფერს ვეხებით, მაგრამ არ ვაანალიზებთ, ყველაფერი ზერელეა. ვკმაყოფილდებით ტელევიზიით და პრესით, როდესაც უნდა ვკითხულობდეთ წიგნებს როგორც საღვთისმეტყველო, ასევე ისტორიულ, ლიტერატურულ, ფილოსოფიურ, ანთროპოლოგიურ, ფსიქოლოგიურ წიგნებს. ჩვენ უნდა ვიფიქროთ სიღრმისეულ ცოდნაზე", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა ამ საკითხთან დაკავშირებით მრევლს მისცა ლოცვა-კურთხევა, ყველამ აიღოს თითოეული საკითხი, რომელზეც სიღრმისეულად იმუშავებს და რომელთან დაკავშირებით არსებულ მასალებსაც სრულად შეისწავლის.

"მაქვს სურვილი, ყველა ჩვენგანმა აიღოს რომელიმე საკითხი. თუნდაც ფილოსოფიიდან, ისტორიიდან, მედიცინიდან ან სოფლის მეურნეობიდან და ღრმად შეისწავლოს იგი. გახდეს სპეციალისტი, შეისწავლოს ლიტერატურა, რომელიც გამოცემულია ამ საკითხზე. შეგიძლიათ აირჩიოთ რომელიმე პიროვნება, დავუშვათ დავით აღმაშენებელი ან თამარ მეფე, რაც გამოცემულია მათ შესახებ შევისწავლოთ და ჩვენ ვიქნებით სპეციალისტები. თუ ერთად შევკრებთ ამ მასალას, გვექნება უზარმაზარი ცოდნა, რაც გამოგვადგება ჩვენ და ჩვენს ერსაც", - ბრძანა უწმინდესმა და აღნიშნა, რომ თავად შესასწავლად ნეტარი ავგუსტინეს ცხოვრება აირჩია.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია