მოქალაქეები მთავარ პრობლემად უმუშევრობას ასახელებენ - "რეზონანსი" შემთხვევთ შერჩეულ თბილისელებს 2014 წლის მოლოდინსა და 2013 წლის მთავარ მიღწევებზე გაესაუბრა. გამოკითხულთა 90%-მა 2014 წელს დასაქმება და ფინანსური სიტუაციის გაუმჯობესება ისურვა.
მოსაგვარებელ პრობლემათა სამეულში მოხვდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საგარეო ურთიერთობის მოწესრიგება.
მაყვალა ბერბიჭაშვილი (78 წლის პენსიონერი): ღმერთმა ყველას ბედნიერი ახალი წელი გაუთენოს. ვისურვებდი, რომ თითოეული ქართველის ოჯახში ლხინი და მშვიდობა სუფევდეს. სამი შვილიშვილი მყავს და სამივე დაუსაქმებელია.
ჩემი აზრით, ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოში ისევ უმუშევრობაა. შვილები დაღუპული მყავს და სამივე შვილიშვილი ჩემი პენსიით ცხოვრობს. შესაბამისად კარგი იქნებოდა, მთავრობას მეტი ყურადღება სოციალური პრობლემების მოგვარებაზე დაეთმო. იმედია, რომ ეს საკითხი ქვეყანაში ეტაპობრივად გადაიჭრება".
ნუცა მეტრეველი (17 წლის სტუდენტი): "ჩემი აზრით, ქვეყანაში განათლების კუთხით რიგი რეფორმებია გასატარებელი. სასურველი იქნებოდა, რომ ერთი მხრივ, განათლების მიღება უფრო ხელმისაწვდომი იყოს და, მეორე მხრივ, სწავლის დონე თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებდეს".
მალხაზ კასაბოვი (71 წლის პენსიონერი): "ამბობენ, წამლების ფასი მომავალ წელს კიდევ მოიმატებსო, იმედი მაქვს, ეს ჭორია და კიდევ უარესად არ გაძვირდება ცხოვრება. საზოგადოება ცხოვრების გაიაფებას ელოდება, თორემ ასე უკვე გაუსაძლისი მდგომარეობაა".ვაკო ფაჟავა (20 წლის სტუდენტი): ჩემი აზრით, 2013 წლის მთავარი მოვლენა ძველი ხელისუფლების ახლით ჩანაცვლება იყო. 2014 წელს, მგონია, რომ პოლიტიკური სიტუაცია კიდევ უფრო აირევა, ველოდები, რომ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის ომი გაგრძელდება, რაც ხალხში უკმაყოფილების განცდას კიდევ უფრო გაზრდის. ამიტომ აუცილებელია, მთავრობამ იყოჩაღოს და დაპირებები შეასრულოს.
თომა გოგუაძე (60 წლის იურისტი): "მთავარი გამოწვევა, რაც საქართველოში დგას, ეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. როცა ეს პრობლემა მოგვარდება, მერე თავისთავად გადაწყდება ყველა სხვა დანარჩენი. საგარეო პოლიტიკა უმნიშვნელოვანესია".
იაკობ შენგელია (21 წლის სტუდენტი): "ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა, მთავარი აფხაზეთის დაბრუნება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა".
მაია მაყიშვილი (51 წლის დიასახლისი): "ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და უმუშევრობაა, ეს საქართველოში უკვე წლებია უმთავრეს გამოწვევად რჩება. მთავარ მიღწევებს ჯანდაცვის სფეროში ვხედავ. პირადად მინდა, დავით სერგეენკოს მადლობა გადავუხადო ჩემი ოჯახის დახმარებისთვის. მეუღლეს ოპერაცია დასჭირდა და 1700 ლარიდან კაპიკი არ გადაგვიხდია. ასეა თუ ისე, ამ მიმართულებით სიტუაცია უკეთესობისკენ იცვლება და დარწმუნებული ვარ, მომავალში სადაზღვევო სისტემა კიდევ უფრო გაუმჯობესდება".
ინგა ჩანადირი (41 წლის იურისტი): "ვისურვებდი, რომ 2014 წელს ხალხი დასაქმდეს, საქართველოში სიდუხჭირე უმრავლესობის პრობლემაა. მე, სამწუხაროდ, ამ წელს მიღწეულს ვერაფერს ვხედავ, ვფიქრობ, რომ უარეს გარემოში ვცხოვრობთ. პირადად ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის მდგომარეობა გაუარესდა. ვმუშაობდი და აღარ ვმუშაობ, დღეს ხალხს სამსახურიდან იმის მიხედვით ათავისუფლებენ, თუ ვის დროს დაიწყეს მუშაობა. ამას ჯობია, კადრების შერჩევა კვალიფიკაციის მიხედვით მოხდეს".
ჯემალ სანიკიძე (80 წლის მეცნიერი): "მე სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში ვმუშაობ და ვისურვებდი, რომ ხელისუფლებას ამ დარგისთვის მეტი ყურადღება დაეთმოს. მოსვლამდე ახალი ხელისუფლების მხრიდან იყო დაპირება, რომ მიწასთან გასწორებულ მეცნიერებას ფეხზე დააყენებდნენ, თუმცა ჯერჯერობით არაფერი იცვლება.
საერთო სიტუაციას უკვე განვლილ წელში დადებითად ვაფასებ, ვფიქრობ, რომ პოლიტიკა უფრო ორიენტირებული გახდა ადამიანებზე. მართალია, სამართლიაონობის აღდგენას უჩივიან, ბუნებრივია, ეს მარტივი პროცესი არ არის, მაგრამ იმედია, ამ კუთხით ახალ, 2014 წელს სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება".
ირაკლი გოგიჩაიშვილი (21 წლის სტუდენტი): ჩემი აზრით, წლის მთავარი მოვლენა იყო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება. რაც შეეხება მომავალ 2014 წელს, ვისურვებდი, რომ ქვეყნის უმთავრესი პრობლემა - უმუშევრობა გადაწყდეს, გაჩნდეს სამუშაო ადგილები და გამოსწორდეს ეკონომიკური მდგომარეობა. ასევე, დავამატებდი, რომ ჩვენმა პოლიტიკოსებმა "პოლიტიკური კულტურა" აიმაღლონ და ერთმანეთს "შე ჩმორო" აღარ ეძახონ.
ეთერ ლესელიძე (69 წლის ექიმი): "დამდეგ წელს სიტუაციის დამშვიდებას და წინსვლას ველოდებით, იმედი მაქვს, მშვიდი წელი იქნება. აღარ გვინდა ერთმანეთის მიმართ ამდენი ბრალდებები, რადგანაც ეს ყველაფერი გარე თვალიდანაც ცუდად ჩანს და არც ქვეყნისთვის არის სახარბიელო. ქვეყანაში ეკონომიკური სტაბილურობა არ არსებობს და ეს შედეგზეც აისახა, ეკონომიკური ზრდა ხალხის კეთილდღეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია".
ვიქტორია მღებრიშვილი (25 წლის ჟურნალისტი): წლის მთავარ მიღწევად შეგვიძლია ქვეყნის პირველი პირის ცივილური ფორმით შეცვლა დავასახელოთ, სხვა საკითხია, რამდენად გაამართლებს ის მასზე დამყარებულ იმედს.
ახალ 2014 წელს ძალიან მინდა, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანებისთვის გაუმჯობესდეს მდგომარეობა, ვთვლი, რომ ამ მხრივ სიტუაცია უფრო და უფრო მტკივნეული ხდება. 2014 წლიდან მინდა, რომ ჯანდაცვის სფერო კიდევ დაიხვეწოს და გაჭირვებული ხალხის მკურნალობისთვის მეტი თანხა გამოიყოს".
ნაზი ნადირაშვილი (66 წლის ქიმიკოსი): "წელს ეკონომიკური ჩავარდნები იყო, თუმცა ახალი მთავრობა ამბობს, რომ ეს რეალობიდან გამომდინარეობს და მომავალში უკეთესი შედეგი იქნება. ახალ 2014 წელს იმედით ვხვდებით. მთავარი მიღწევა 2013 წელს სააკაშვილის წასვლა იყო მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ იცოდა და ძალიან ჭკვიანი პიროვნება იყო, მაგრამ ბევრი რამ გააკეთა ისეთი, რაც ხალხმა ვერ აპატია".
სოფო ნადირაძე (24 წლის დიზაინერი): "გასული წლის ყველაზე მთავარ და კარგ მოვლენად ის მიმაჩნია, რომ საქართველოში ბელადებისა და მესიების დრო აშკარად დასრულდა და იმედი მაქვს, აღარც დადგება. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შედეგად მესია ნამდვილად აღარ გვყავს, როგორიც ივანიშვილი თუ სააკაშვილი იყო. ერთპიროვნული ლიდერი და მმართველი საქართველოს აღარ ჰყავს და ეს მართლაც მიღწევაა. სწორედ ეს აამაღლებს საზოგადოების პოლიტიკურ კულტურას.
2014 წელს კი მინდა, ერთხელ და სამუდამოოდ მოიცალოს მთავრობამ შრომის კოდექსისთვის და ის დაპირება, რომელსაც ამ კუთხით გვაძლევდნენ, აასრულონ. ისინი გვპირდებოდნენ, რომ შრომის კოდექსი დასაქმებულების ინტერესებზე მეტად მორგებული გახდებოდა და ამის იმედი მაქვს, ვინაიდან დასაქმებულები ახლა მონებს უფრო ვგავართ, ვიდრე დემოკრატიულ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს".
ცოტნე ბუხრაშვილი (23 წლის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი): განსაკუთრებულს არაფერს ველი, თუმცა მე თუ მკითხავთ, მთავარი მოსაგვარებელი პრობლემა ჯანდაცვას უკავშირდება, ვისურვებდი, რომ ამ მხრივ სიტუაცია გაუმჯობესდეს".
თათია ჩაფიჩაძე