ცნობილების საშობაო ტრადიციები

ცნობილების საშობაო ტრადიციები

ქრისტესშობა ქრისტიანული რელიგიური დღესასწაულია, რომელსაც თითქმის მთელ მსოფლიოში აღნიშნავენ: კათოლიკეები 25 დეკემბერს, ხოლო მართლმადიდებელი ეკლესია 7 იანვარს. 7 იანვარსვე სრულდება მარხვა, რომელსაც მორწმუნე საზოგადოება 40 დღის განმავლობაში ინახავს. საინტერესოა, როგორ ხვდებიან შობის დღესასწაულს პოლიტიკოსები და შოუბიზნესის წარმომადგენლები, რა ტრადიციები აქვთ მათ და რა მოლოდინით შეხვდნენ 2014 წელს.

ირინა იმერლიშვილი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი:

- პირველ რიგში, მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო შობა-ახალი წელი. წარმატებებს, სიხარულს, სიყვარულს, სიუხვესა და ღვთის წყალობას გისურვებთ!.. ახალი წლის დადგომა ყოველთვის განსაკუთრებულად მიხარია. დღემდე ისეთივე სიხარულით ველი შობა-ახალ წელს, როგორც - ბავშვობაში. ჩემთვის ეს დღესასწაული სიახლეებთან ასოცირდება. მჯერა, რომ 2013 წელს თუ რაიმე ცუდი იყო, ძველ წელში დარჩება... ნაძვის ხეს ყოველთვის თავად ვრთავ და ტრადიციულად, ყოველ წელს ერთ ახალ სათამაშოს მაინც ვყიდულობ.

- ახალ 2014 წელს სად შეხვდით?

- დამდეგს ყოველთვის შინ, ოჯახის წევრებთან ერთად ვეგებები, მაგრამ 12 საათის შემდეგ შესაძლოა, რომელიმე ახლობელს ვესტუმრო. 31 დეკემბერს, ღამით, სუფრას ყოველთვის თავად ვშლი. ამ დღესასწაულისთვის აუცილებლად ვაცხობ ვაშლის ნამცხვარს, რომელსაც ძალიან საინტერესო სახელი "ვაშლის ნამცხვარი, მარშრუტით ბა­კურიანი-თბილისი" ჰქვია. როდესაც ამ ნამცხვრის რეცეპტი ჩამაწერინეს, გამეცინა, მაგრამ როდესაც თავად მოვამზადე, მივხვდი, თუ რატომ დაარქვეს ასეთი სახელი. ის ვიზუალურად მართლაც, თოვლის გორაკს ჰგავს. სხვათა შორის, ძალიან გემრიელია.

- მარხვას თუ იცავთ ხოლმე?

- სამწუხაროდ, წელს მარხვის შენახვა ვერ შევძელი, იმ მიზეზის გამო, რომ თბილისსა და ქუთაისს შორის სიარული ხშირად მიწევდა და ასეთ დროს საკვების შერჩევა ძალიან რთულია.

- შობის დღესასწაულს სად შეხვდით?

- როგორც ყოველთვის, ტაძარში, ანთებული სანთლებით ხელში. მას შემდეგ, რაც ჩვენმა პატრიარქმა გვირჩია, რომ შობის ღამეს საკუთარ სახლში, ფანჯრებთან ანთებული სანთლებით შევხვდეთ, მეც მუდამ ასე ვიქცევი, მერე კი ტაძარში მივდივარ.

- შობის დღესასწაულზე რაიონებში ღორს კლავენ...

- დიახ, ვიცი, რომ სოფლებში ამ დღესასწაულისთვის გრანდიოზულად ემზადებიან. მთელი წლის განმავლობაში ზრდიან ღორებს, შობას რომ დაკლან. ბავშვობის მერე ამ რიტუალს არ დავსწრებივარ.

- ბავშვობაში საახალწლო არდადეგები თუ გიყვარდათ?

- არდადეგებზე უფრო მეტად, ახალი წლის დადგომა მიხაროდა. ყოველთვის გულის ფანცქალით ველოდებოდი ამ დღეს და თუ თოვლიც მოვიდოდა, უბედნიერესი ვიყავი.

- დაბოლოს, რას ელით 2014 წლისგან?

- ვიმედოვნებ, რომ 2014 წლისთვის საქართველოში ნაკლები უმუშევარი და გაჭირვებული ადამიანი იქნება. იმედი მაქვს, რომ ამ წელს ეკონომიკური წინსვლა გვექნება. მინდა, ქართული სოფლები ძალიან მალე, ფეხზე წამოვაყენოთ და რაც მთავარია, ქუჩაში ბევრ მოღიმარ და ბედნიერ ადამიანს ვხედავდე.

ვინ ამარაგებს ნინო დარასელის ოჯახს საშობაო ღვეზელებით

ნინო დარასელი, ჟურნალისტი:

- შობა ჩემთვის ულამაზესი და ყველაზე საყვარელი დღესასწაულია. ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, ეს დღე განსაკუთრებულად აღვნიშნო. შობას ყოველთვის ოჯახთან ერთად ვზეიმობ.

- საშობაო ღვეზელებს თუ აცხობ?

- პირადად მე, საშობაო ღვეზელების გამოცხობა არ ვიცი. გვყავს ნათესავი გურული ქალბატონი, რომელიც ტრადიციულად, ყოველ წელს საშობაო ღვეზელებს მოგვართმევს ხოლმე. იმედია, ამ ტრადიციას წელსაც არ დაარღვევს (იღიმის). სხვათა შორის, ძალიან გემრიელს ამზადებს.

- მორწმუნე საზოგადოების ნაწილი შობის დღესასწაულამდე მარხვას ინახავს. შენ თუ დაიცავი მარხვა?

- სამწუხაროდ, წელს მარხვაზე არ ვყოფილვარ. ისე კი, საშობაო მარხვის შენახვას ვახერხებ ხოლმე... შობის ღამეს ფანჯრებთან სანთლებს ვანთებ, მერე კი მთელ დღეს საყვარელ ადამიანებთან, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად ვატარებ. აუცილებლად მივდივარ ეკლესიაში, ოღონდ იმ დროს, როცა იქ ძალიან ბევრი ხალხი არ არის.

- ეს დღესასწაული ოდესმე, სოფელში თუ გაგიტარებია?

- სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, შობას სოფელში არასოდეს ვყოფილვარ. სამწუხაროდ იმიტომ, რომ სოფელში ნებისმიერი დღესასწაული ძალიან ლამაზი და საინტერესოა; საბედნიეროდ იმიტომ, რომ ამ დღესასწაულზე რაიონებში ღორის დაკვლა იციან, მე კი მიმაჩნია, ცხოველის დაკვლა და მსხვერ­პლთშეწირვა არასწორი საქციელია.

- დაბოლოს, რაიმეს თქმა ხომ არ გსურს?

- ადამიანები ყოველ ახალ წელს დიდი სიხარულითა და უკეთესი მომავლის იმედით ვეგებებით. ბედნიერი ვარ, რომ მყავს მეუღლე, შვილები და ვგრძნობ მათ დიდ სიყვარულს. ვისურვებდი, საქართველოს მოსახლეობას სიმშვიდეში გვეცხოვროს.

"ღორის ხორცს არ მივირთმევ"

ხატია შამუგია, პარფიუმერიული კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი:

- ოჯახში შობის დღესასწაულისთვის უფრო მეტად ვემზადებით, ვიდრე ახალი წლისთვის. სამწუხაროდ, ჩემი არანორმალური სამუშაო დღის რეჟიმიდან გამომდინარე, დიდ მარხვას ვერ ვიცავ, მაგრამ მთელი წლის განმავლობაში, ოთხშაბათსა და პარასკევს ვმარხულობ.

- საშობაო ღვეზელებს თუ აცხობ? ღორის დაკვლის ტრადიცია თუ მოგწონს?

- სამწუხაროდ, მაინცდამაინც კარგი დიასახლისი არ ვარ, ამიტომ საშობაო ღვეზელებს დედა აცხობს ხოლმე. რაც შეეხება საშობაოდ ღორის დაკვლის ტრადიციას - სიმართლე გითხრა, ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. ალბათ იმიტომ, რომ ღორის ხორცს არ მივირთმევ.

- შობის ღამეს ტაძარში შეხვდები თუ სახლში?

- გამომდინარე იქიდან, რომ თბილისში ერთ-ერთი ტაძრის მოპირდაპირე მხარეს ვცხოვრობ, ეკლესიაში შესვლას და სანთლის დანთებას ხშირად ვახერხებ. შობას და აღდგომას ტაძარში ვხვდები, სანთელს ვანთებ და შინ ვბრუნდები.

- შობის ღამეს ფანჯრებთან სანთელს ანთებ?

- ფანჯრებთან სანთელს შობასაც და ახალ წელსაც ვანთებ. ახალ წელს ჩემს სახლში მეკვლე თავად ვიყავი, 12 საათის შემდეგ კი სახლიდან წამოსვლა მომიხდა - ერთ-ერთი კონცერტის წამყვანი ვიყავი.

- რას ელოდები ახალი 2014 წლისგან?

- გასული წელი გველის იყო. თავადაც გველის წელში ვარ დაბადებული და ვფიქრობ, 2013 ჩემთვის ძალიან კარგი ამიტომაც იყო. 2014 წელი კი მოგეხსენება, ცხენის წელია და გამოდის, რომ წელს დედაჩემსა და ჩემს შვილს გაუმართლებთ. იმედი მაქვს, ცხენის წელი ჩემთვისაც ბედნიერების მომტანი იქნება. მინდა, თქვენი ჟურნალის ყველა მკითხველს მივულოცო ახალი წელი და თითოეულს ჯანმრთელობა, ბედნიერება, ღვთის წყალობა ვუსურვო!

"ჩემი სიდედრი ფანტასტიკური მზარეულია"

ზაზა გაბუნია, ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე:

- პირველ რიგში, ახალ 2014 წელს და დამდეგ შობის დღესასწაულს ვულოცავ მთელ საქართველოს! ღვთის წყალობა, სიკეთე და ჯანმრთელობა ჰქონოდეს თითოეულ ოჯახს.

- ბატონო ზაზა, შობის დღესას­წა­ულისთვის როგორ ემზადებით?

- ეს დღე, ქრისტეს აღდგომის დღესასწაულთან ერთად, უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია როგორც შინაარსობრივად, ასევე სამზადისის თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ წინასაახალწლო პერიოდის ემოციური განწყობა უკვე გავლილია, შობის დღესასწაულს ბუნებრივია, დიდი მოლოდინით და განსხვავებული შინაგანი განწყობით ველოდები, იქიდან გამომდინარე, რომ ამ დღეს სამყაროს მხსნელისა და მაცხოვრის, იესო ქრისტეს დაბადებას ვზეიმობთ.

- შობის დღესასწაულზე თქვენი მეუღლე საშობაო ღვეზელებით თუ განებივრებთ?

- ჩემი მეუღლე - ნუცა შავლაძე ძალიან კარგი მზარეულია. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ჩემს სიდედრს კულინარია სახელოვნებო დონეზე აქვს აყვანილი. ის ფანტასტიკური მზარეულია. გურული ღვეზელების გამოცხობა ნუცამ სწორედ მისგან ისწავლა და ოჯახის წევრებს ამით გვანებივრებს კიდეც.

- მორწმუნეები 40 დღის განმავლობაში ინახავენ მარხვას...

- მეც ვმარხულობ და ეს გარემოება განსაკუთრებულ ხიბლს მატებს 7 იანვარს. ძალზე სასიამოვნოა, მარხვის გახსნილების დღე... სხვათა შორის, შობის სოფელში აღნიშვნას სულ სხვა ეშხი აქვს. იქ მთელი წლის განმავლობაში ღორებს საგულდაგულოდ ზრდიან და შობის დადგომამდე კლავენ, რომელზეც ოჯახის ახლობლები, ნათესავები იკრიბებიან და არის ერთი ჟრიამული. აქვე გეტყვით: შობას ღორის დაკვლის ტრადიცია ესთეტიკურად ლამაზი და მიმზიდველი სანახაობა ნამდვილად არ არის.

- სად აპირებთ შობის დღესასწაულის აღნიშვნას?

- შობის დღესასწაულს სხვადასხვა ტაძარში ვხვდებით ხოლმე. უფრო ხშირად, სამების საკათედრო ტაძარში, სადაც მისი უწმინდესობა ამ დღეს საღვთო ლიტურგიას აღავლენს ხოლმე. წელს დიდი სურვილი გვაქვს, რომ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს ქრისტეს შობის სახელობის ტაძარში შევხვდეთ.

- ოჯახის წევრები ფანჯრებთან სანთლებს თუ ანთებთ?

- ეს ის საშობაო ტრადიციაა, რომელსაც უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დაუდო საფუძველი. ამიტომ შობის ღამეს ჩვენს ოჯახშიც ინთება სანთლები. ეს ტრადიცია ძალიან მოგვწონს.

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია