ვის რა შანსები აქვს თვითმმართველობის არჩევნებზე

ვის რა შანსები აქვს თვითმმართველობის არჩევნებზე

"წლევანდელი წელიც პოლიტიკურად მეტად დატვირთული იქნება, წინ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია, რომლის მშვიდობიანად დასრულება არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე საპარლამენტო ან საპრეზიდენტო არჩევნები. 2014 წლის ადგილობრივი არჩევნები ბოლო შანსია ნაციონალებისთვის. რეგიონებში მათი მყარი პოზიციები "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეირყა, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ კი, თუ საარჩევნო შედეგები მათ სასარგებლოდ არ დაფიქსირდება, ნაციონალები რეგიონებსაც დაკარგავენ. სახელისუფლებო გუნდა რაც შეეხება, კოალიციას ჯერ საბოლოოდ არა აქვს გადაწყვეტილი, ერთიანად მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში თუ კოალიციის სუბიექტები ცალკე იყრიან კენჭს. როგორც პოლიტიკური ექსპერტები ვარაუდობენ, ცალკე თითოეული პარტია, რომელიც დღეს კოალიციის რიგებშია, საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავს, არასაპარლამენტო პარტიებმა კი შესაძლოა საარჩევნო ბლოკად გაერთიანების შემთხვევაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიონ", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით ვის რა შანსები აქვს თვითმმართველობის არჩევნებზე.

"კოალიციაში სულ რამდენიმე ლიდერია, რომელთაც პატივი აქვთ პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში იმყოფებოდნენ და თუ ადრე ნაციონალების შვიდი ან რვა ლიდერი წყვეტდა ქვეყნის ბედს, ახლა "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს რამდენიმე დეპუტატი წყვეტს, მაგალითად, ისეთ საკითხს, ვინ უნდა მიიღოს დედაქალაქის მერის არჩევნებში მონაწილეობა.თუმცა, ფაქტია, რომ ივანიშვილმა ხელისუფლებიდან წასვლამდე მოასწრო და დაასახელა კიდეც დავით ნარმანია, რომელიც კოალიცია "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი უნდა იყოს თბილისში. თითქმის გადაწყვეტილი საკითხია, რომ ნარმანია იქნება თბილისელების მერი თუ, რასაკვირველია, არჩევნებში გაიმარჯვებს. აქ ასევე მნიშვნელოვანია, ვინ იქნება ნარმანიას კონკურენტი, მერობისთვის კი შეიძლება ისეთმა ფიგურებმა იბრძოლონ, როგორიც, მაგალითად, სალომე ზურაბიშვილია", - აღნიშნავს გამოცემა.

"ქართულმა ოცნებამ" სალომე ზურაბიშვილი ახლოს არ გაიკარა.ძნელი სათქმელია, ივანიშვილს არ სურდა სალომე ზურაბიშვილი თავის გუნდში ახლოს ჰყოლოდა, თუ შიგნით გუნდს არ სურდა ჭკვიანი და საკმაოდ საღად მოაზროვნე პოლიტიკოსის შიდა სამზარეულოში ფუსფუსი. ამ ბოლო დროს სამწუხარო ტენდენცია იკვეთება, ჭკვიანი და კრეატიულად მოაზროვნე ექსპერტები, პოლიტიკოსები "ქართულმა ოცნებამ" განზე გასწია და ავთანდილ ბერიძის და მურმან დუმბაძის მსგავს ადამიანებზე გააკეთა არჩევანი. ასეთი ხალხი უფრო იოლად სამართავია და, როგორც ჩანს, ამ მოსაზრებით არ სურთ რესპუბლიკელებს, პარტია "ქართულ ოცნებას" და კონსერვატორებს წარმატებული პოლიტიკოსებითა და ექსპერტებით კოალიციის გადახალისება. არადა, ეს მართლა კარგი იქნებოდა. შიგნით, კოალიციაში, თვითკრიტიკა ნაკლებად იგრძნობა", - წერს სტატიის ავტორი.

"გამოითქვა ვარაუდი, რომ სალომე ზურაბიშვილი დასავლური ორიენტაციის პარტიების საერთო კანდიდატი გახდება ადგილობრივ არჩევნებზე. ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჩამოერთვა, მაგრამ იმედია, მას თბილისის მერის არჩევნებისთვის მაინც არ დაუდებენ კვანტს. თვითმმართველობის არჩევნები სხვა არასაპარლამენტო პარტიებისთვის სერიოზული შესაძლებლობაა, ადგილობრივ დონეზე რეგიონებში მიიღონ მონაწილეობა ქვეყნის მართვაში. აქ, ცხადია, გასათვალისწინებელია, როგორი იქნება თვითმმართველობის კოდექსი და ბოლოს და ბოლოს ხელისუფლება პასუხისმგებლობით დაიწყებს თუ არა ერთ-ერთი დაპირების შესრულებას, რომ საარჩევნო კოდექსში, რბილად რომ ვთქვათ, ხარვეზები გამოასწოროს. ნაციონალებმა კოდექსი სხვა მნიშვნელოვან კანონებთან ერთად საკუთარ თავზე მოირგეს, ახალი ხელისუფლება კი საეჭვოდ პასიურობს და ეტყობა, ეს ხარვეზებიანი საარჩევნო კოდექსი სათავისოდაც მოეწონა. 2014 წლის ადგილობრივი არჩევნები საარჩევნო პოლიტიკური ციკლის დაგვირგვინება იქნება, რითიც ამომრჩეველი ნაციონალებს ისტორიის სანაგვეზე თუ არ ისვრის, იმის შესაძლებლობას მაინც დაუკარგავს, რომ უახლოესი ათი წლის მანძილზე მაინც არ ნახოს ქვეყნის სათავეში", - დასძენს სტატიის ავტორი.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა