დიმიტრი ხუნდაძე - სუროგაცია შეიძლება დასაშვები იყოს მაშინ, თუკი სუროგატი დედობის სურვილი ჰუმანიზმს ეფუძნება

დიმიტრი ხუნდაძე - სუროგაცია შეიძლება დასაშვები იყოს მაშინ, თუკი სუროგატი დედობის სურვილი ჰუმანიზმს ეფუძნება

აბორტის თემასთან დაკავშირებით პარლამენტსა და ჯანდაცვის სამინისტროში სამუშაო ჯგუფია შექმნილი და ამ თვალსაზრისით საქართველოში არსებული პრობლემის გადაჭრის მიმართულებით, ექსპერტების მონაწილეობით ერთობლივი მუშაობა მიმდინარეობს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუნდაძემ აცნობა. დეპუტატის თქმით, სამუშაო მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ შეიქმნას მაქსიმალური პირობები, რათა ოჯახმა ასეთ მძიმე გადაწყვეტილებაზე უარი თქვას. ამასთან, ხუნდაძე ე.წ. სელექციური აბორტების აკრძალვაზეც საუბრობს.

"აბორტების კუთხით საქართველოში ნამდვილად არასახარბიელო სტატისტიკა არსებობს. წელიწადში რეგისტრირებული აბორტების რიცხვი დაახლოებით 35 ათასია, თუმცა არარეგისტირებული აბორტების რაოდენობა შეიძლება იყოს ოთხჯერ-ხუთჯერ მეტი. ეს ძალიან ცუდი მაჩვენებელია და ამ მაჩვენებლით ევროპაში პირველი ვართ, ანუ ყველაზე მკვლელი ერი, რომელიც საკუთარ შთამომავლებს ამ გზით ანადგურებს. აღსანიშნავია სელექციური აბორტები, როცა გოგონებს სიცოცხლის გაგრძელების უფლებას არ აძლევენ და არჩევანს ბიჭებზე აკეთებენ. ამან გარკვეულწილად დემოგრაფიული პრობლემა შექმნა. ზოგადად, აბორტების აკძალვასთან დაკავშირებით ასეთი რადიკალური ვერ ვიქნები, რადგან ამან შეიძლება არარეგისტრირებული აბორტების რაოდენობის გაზრდა გამოიწვიოს და შეიძლება სიკვდილიანობამ მოიმატოს. აბორტის თემასთან დაკავშირებით შექმნილია სამუშაო ჯგუფი პარლამენტში და ჯანდაცვის სამინისტროში და ექსპერტებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა. სამუშაო მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ მაქსიმალურად შეიქმნას პირობები, რათა ოჯახმა ასეთ მძიმე გადაწყვეტილებაზე უარი თქვას. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ უნდა აიკრძალოს სელექციური ტიპის აბორტები. ასევე, დღეს კანონში არსებობს რეგულაცია, რომელიც სამდღიან გაფრთხილებას ითვალისწინებს, რათა მშობელს ჰქონდეს სამი დღე მოსაფიქრებლად, როცა ასეთ გადაწყვეტილებას იღებს. ვფიქრობ, რომ აქ ჩვენი მიდგომა უნდა გააქტიურდეს. მაქსიმალური ინფორმირებულობის საშუალება უნდა მივცეთ პირს, ვინც ასეთ გადაწყვეტილებაზე მიდის, ანუ ამ შემთხვევაში უნდა ჩაერთონ ფსიქოლოგებიც და დედამ უნდა იცოდეს, რა პრობლემის წინაშე დგას და ამ პრობლემის გადაჭრის რა გზას ირჩევს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" დიმიტრი ხუნდაძემ.

რაც შეეხება სუროგაციასა და ხელოვნურ განაყოფიერებას, ამ კონტექსტში დეპუტატმა ყურადღება სუროგაციაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ეს შეიძლება დასაშვები იყოს მაშინ, თუკი სუროგატი დედობის სურვილი ჰუმანიზმს ეფუძნება. "როცა ეს სხეულის გაყიდვის ფასად ხდება და ადამიანმა შეიძლება ეს შემოსავლის წყაროდ გაიხადოს, რა თქმა უნდა, მიუღებელია", - აცხადებს ხუნდაძე.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საშობაო ეპისტოლეში კიდევ ერთხელ დაგმო და დააფიქსირა კრიტიკული პოზიცია აბორტებთან, ხელოვნურ განაყოფიერებასთან და სუროგაციასთან დაკავშირებით.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია