ვნებები სუროგაციის ირგვლივ - რომელ ქვეყნებში ითვლება ის უკანონოდ

ვნებები სუროგაციის ირგვლივ - რომელ ქვეყნებში ითვლება ის უკანონოდ

პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს, რომელშიც ილია მეორემ ხელოვნური განაყოფიერება, სინჯარაში ჩასახული ბავშვები და სუროგაცია "მძიმე ეთიკურ საკითხებად" მოიხსენია, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ დაუშვებელია, უშვილო წყვილებს ბავშვის ყოლის უფლება წაართვა. მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ამორალურია, სუროგაცია ქალმა შემოსავლის წყაროდ გაიხადოს.

მეცნიერული კვლევების შედეგად, ყოველ შემთხვევაში აქამდე ჩატარებული კვლევების მიხედვით, სუროგაციის გზით გაჩენილი ბავშვები მათი თანატოლებისგან არაფრით განსხვავდებიან, თუმცა ბევრი სპეციალისტი ამ მოვლენის ეთიკურ ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას და სწორედ ეთიკური მიზეზით ეწინააღმდეგება მას.

ეს საკითხი დასავლეთის (და აღმოსავლეთის) განვითარებულ ქვეყნებშიც საკმაოდ საკამათოა და ბევრგან საერთოდ კანონგარეშედ არის გამოცხადებული.

აღსანიშნავია, რომ სუროგაცია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში უკანონოა. მაგალითად, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, პოლონეთი, პორტუგალია, თურქეთი, იაპონია, ჩინეთი და აშშ-ს ზოგიერთი შტატი. ბევრ ქვეყანაში სუროგაცია დაშვებულია მხოლოდ ალტრუისტული მოტივით, კომერციული კი, როდესაც ქალს ბავშვის გაჩენაში ფულს უხდიან, უკანონოა. მაგალითად, ასეთი ქვეყნებია დანია, ბელგია, ნიდერლანდები, დიდი ბრიტანეთი, კანადა (კვებეკის შტატის გარდა, სადაც ყველანაირი სუროგაცია უკანონოა), ავსტრალია და უნგრეთი.

ბევრგან, მაგ. სკანდინავიაში და აშშ-ს ბევრ შტატში ის კანონით მკაფიოდ არ რეგულირდება.

იმ ქვეყნების სიაში, სადაც სუროგაცია სრულიად დაშვებულია, შედიან: აშშ-ს რამდენიმე შტატი (მაგ. კალიფორნია და არკანზასი), რუსეთი, უკრაინა, ბელორუსი, სამხრეთ აფრიკა და საქართველო.

აღსანიშნავია, რომ სუროგაციის წინააღმდეგია არა მარტო მართლმადიდებელი ეკლესია, არამედ კათოლიკურიც და ზოგიერთი პროტესტანტული დენომინაციაც.

სუროგაცია ორ ძირითად ჯგუფად იყოფა: ტრადიციული, როცა სუროგატი დედა ბავშვის გენეტიკური დედაა და გესტაციური, როცა დედისა და მამის სასქესო უჯრედების განაყოფიერება ლაბორატორიულ პირობებში ხდება (ინ ვიტრო განაყოფიერება) და შემდეგ განაყოფიერებული კვერცხუჯრედი შეჰყავთ სუროგატი დედის სხეულში. ამ დროს სუროგატი დედა ბავშვის გენეტიკური მშობელი არ არის.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში სუროგატი დედობის მსურველთა რიცხვი მზარდია. სუროგატი დედის დახმარებით ბავშვის გაჩენა საქართველოში დაახლოებით 23 ათასი დოლარი ჯდება. ეს კი სხვა ქვეყნების ფასებთან შედარებით, საკმაოდ იაფია.

ბევრი პროტესტი გამოიწვია ეპისტოლეში ნახსენებმა შემდეგმა ფრაზამ: "შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება? ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისთვის, მიუსაფრობისა და მარტოობისთვის. იგი კეთილდღეობაშიც რომ გაიზარდოს, მუცლადყოფნის პერიოდის ამ სიმძიმეს ვერაფერი შეცვლის და ეს აუცილებლად იჩენს თავს ზრდასრულ ასაკში.

პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა...

ამიტომ, არავითარი უფლება არა გვაქვს, ხელვყოთ უფლის ეს წყალობა და ვინც ამას აკეთებს და არ შეინანებს, დაისჯება!" - ნათქვამია პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში.

ეს ბევრმა ბავშვების სტიგმატიზაციად აღიქვა. მკაცრი რეაქცია მოჰყვა ბევრი პოლიტიკოსის და არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდანაც.

ალილოს მსვლელობისას საპატრიარქოს პოზიცია გააპროტესტეს პლაკატებით, რომელზეც ეწერა: "სინჯარაში ჩასახული ბავშვიც ბავშვია, ნუ წაართმევ უფლებას, გახდეს მშობელი".

საშობაო ეპისტოლეს ამ ნაწილს პრემიერის თანაშემწე თამარ ჩუგოშვილი "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა და მათ შობის დღესასწაული მიულოცა:

"განსაკუთრებით ვულოცავ ხელოვნური განაყოფიერების და სუროგაციის გზით დაბადებულ სრულიად არაჩვეულებრივ პატარებს, მათ ოჯახებს, სუროგატ დედებს, უმცირესობათა ჯგუფის წარმომადგენლებს; ქალებს, რომლებიც თურმე, ვიღაცას უნდა ვემორჩილოთ; გოგონებს, რომლებიც თურმე ფსევდოკულტურითა და ცრუ თავისუფლებით არიან გატაცებული და ყველა სხვას, ვისაც დღეს გული ეტკინა. დარწმუნებული ვარ, ღმერთს განსაკუთრებულად ვუყვარვართ. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი ჩასახვით დაბადებული, ეთნიკურად ქართველი, მართლმადიდებელი, ჰეტეროსექსუალი მამაკაცის გარდა ყველა არასრულფასოვნები გამოვდივართ, მაინც მათაც მრავალ ბედნიერ შობას ვუსურვებ", - წერს ჩუგოშვილი.

ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე ფიქრობს, რომ სუროგაცია იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს დასაშვები, თუკი სუროგატი დედობის სურვილი ჰუმანიზმს ეფუძნება: ხუნდაძის თქმით, "როცა ეს სხეულის გაყიდვის ფასად ხდება და ადამიანმა შეიძლება ეს შემოსავლის წყაროდ გაიხადოს, რა თქმა უნდა, მიუღებელია".

"აღშფოთებული ვარ ეპისტოლეს იმ ნაწილის შინაარსით, სადაც გამოთქმულია მოსაზრება, თითქოს ხელოვნური განაყოფიერებით ჩასახული ბავშვები არასრულფასოვანნი გამოდიან, - "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს დონორობისა და რეპროდუქციის ცენტრის ხელმძღვანელი თამარ ხაჭაპურიძე, რომელმაც საპატრიარქოს პოზიცია ალილოს მსვლელობისას პლაკატებით გააპროტესტა, - დაუშვებლად მიმაჩნია ამ ნიშნით მათი გამორჩევა. ისინი არ განსხვავდებიან სხვა ბავშვებისგან და მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანის ორგანიზმში მოხდება განაყოფიერება თუ მის გარეთ. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ძალიან ბევრი სასულიერო პირი გაუთვითცნობიერებელია ამ საკითხებში. არ მგონია, ასეთ მიდგომას ჰუმანიზმთან და მართლმადიდებლობასთან ჰქონდეს რამე კავშირი. ასე ხელაღებით არ შეიძლებოდა ასეთი განცხადების გაკეთება. ამგვარი პრობლემა ათასობით ოჯახს ეხება და ათასობით ოჯახის ბედია ამაზე დამოკიდებული. თუკი შეიძლება, რომ თანამედროვე სამედიცინო საშუალებებით ვუმკურნალოთ გულს, თირკმლებს და ა.შ., რატომ არ შეიძლება, რომ ვუმკურნალოთ უნაყოფობას?! მითუმეტეს, რომ უნაყოფობის მკურნალობით ბავშვი და ერის გამგრძელებელი იბადება".

თამარ ხაჭაპურიძის თქმით, სუროგაცია წყვილს 20 ათას დოლარზე მეტი უჯდება:

"სუროგატი დედა 12-13 ათას დოლარს იღებს. გამოკვლევები, და ა.შ. დაახლოებით 10 ათას დოლარამდე ჯდება. საქართველოში მსგავსი ტიპის ბევრი კლინიკაა და ვერ გეტყვით, წელიწადში რამდენი ხელოვნური განაყოფიერება ხდება, თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს ციფრი მზარდია. ნებისმიერი ქალი, რომელსაც საშვილოსნოსთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, სუროგაციის მეთოდს მიმართავს და თავის შვილს სხვას აჩენინებს. საკვერცხეები კი თვითონ ამ ქალის გამოიყენება და გადანერგვა ხდება. სუროგაციისთვის ქართველი წყვილებიც მოგვმართავენ და უცხოელებიც. მაგალითად, მოუმართავთ ისრაელიდან, სადაც სუროგაცია კანონმდებლობითაა ნებადართული, თუმცა იქ ეს გაცილებით ძვირი ჯდება", - ამბობს ხაჭაპურიძე.

ნინო ნაცვალაძე

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია