BBC - საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები " ყუთებში ჰყავთ გამოკეტილი"

BBC - საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები " ყუთებში ჰყავთ გამოკეტილი"

"საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები "ყუთებში ჰყავთ გამოკეტილი", - ამ სათაურით აქვეყნებს "ბიბისი" რაიან დიმიტრიეს სტატიას საქართველოში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებსა და მოზარდებზე.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველო პირველი პოსტ-საბჭოთა ქვეყანა გახდა, რომელმაც სახელმწიფო ბავშვთა სახლები გააუქმა მინდობით აღზრდის სასარგებლოდ. თუმცა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები კვლავაც მარგინალიზებული არიან და საზოგადოებისგან გრძელვადიანი იზოლაციის პერსპექტივის წინაშე დგანან.

ავტორს ასევე მაგალითად მოჰყავს კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სახლში მცხოვრები, ცერებრალური დამბლით დაავადებული 18 წლის ვანოს (ავტორმა მას სახელი შეუცვალა) მაგალითი და აღნიშნავს, რომ მისი სიცოცხლის ერთადერთი ნიშანწყალი ის ხმაა, რომელსაც ვანო გამოსცემს.

"ეს არის მისი ცხოვრება. ეს არის ყველაფერი, რისი გაკეთებაც მას შეუძლია. როგორც აქაურმა თანამშორმლებმა გვითხრეს, უკვე ხუთი წელია, ვანო საწოლიდან მხოლოდ დასაბანად დგება. ეს საწოლია მისი სახლი", - ციტირებს ავტორი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის (DRI) მკვლევარის, ერიკ მეთიუსის კომენტარს.

ამასთან, ავტორი ხაზს უსვამს, რომ (DRI)-ის რამდენიმე ხნის წინ გამოქვეყნებულ ანგარიშში, სახელწოდებით "უყურადღებოდ მიტოვებულები", ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ბავშვთა ზრუნვის რეფორმებიდან გარიყვასა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მფარველობის ქვეშ არსებული ბავშვთა თავშესაფრებში არსებულ პარალელურ სისტემაზე თვალის დახუჭვაში ადანაშაულებს.

ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ ეკლესიის დაწესებულებებში მცხოვრებ ბავშვთა ზუსტი რაოდენობა გაურკვეველია.

ამასთან, როგორც სტატიის ავტორი წერს საქართველოს ხელისუფლება არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ შეზღუდული შესაძლებობების მქონე ბავშვები იგნორირებული არიან.

"როდესაც ბავშვთა ზრუნვის რეფორმის გატარება დავიწყეთ, იმის გამო, რომ ასეთი ბევრი ბავშვი გვყავს, ყველა მიმართულებით ვერ გავწვდებით. ამიტომ თავდაპირველად ჯანმრთელ ბავშვებთან მუშაობით დავიწყეთ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის ახალი ოჯახების პოვნა კი რეფორმის მეორე ეტაპია", - ციტირებს სტატიის ავტორი სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის, მამუკა მაჭავარიანის კომენტარს.

რაიან დიმიტრიე ასევე წერს, რომ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 104 ბავშვი კვლავაც სახელმწიფო თავშესაფრებში რჩება, 127 კი მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს.

თუმცა, როგორც DRI-ის მკვლევარი ერიკ მეთიუსი "ბიბისისთან" საუბრისას აღნიშნავს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა უმრავლესობა არ გადაუყვანიათ თავშესაფრებიდან მინდობით აღზრდაში.

"ზოგიერთი ბავშვი დაიღუპა, ზოგიერთი მოზრდილთა დაწესებულებებში გადაიყვანეს. დანარჩენები კი ეკლესიის მმართველობის ქვეშ არსებულ დაწესებულებებში არიან ხელისუფლების ზედამხედველობის გარეშე", - ციტირებს სტატიის ავტორი ერიკ მეთიუსის კომენტარს.

ავტორი ასევე ციტირებს "ევრიჩაილდ საქართველოს" დირექტორის ანდრო დადიანის კომენტარს, რომელიც "ბიბისისთან" საუბარში აცხადებს, რომ საქართველოში ეკლესია ყველაზე ნდობით აღჭურვილი ინსტიტუტია და პოლიტიკური თვალსაზირისითაც, თუ ეკლესიის წინააღმდეგ წახვალ, ამომრჩეველთა ხმებს დაკარგავ.

"მე ვიყავი ეკლესიის მმართველობის ქვეშ არსებულ რამდენიმე დაწესებულებაში. ისინი კარგად გარემონტებულია, ბავშვებიც კარგად ჩაცმულები არიან და კარგი განათლება აქვთ მიღებული. აუცილებელი არ არის, რომ ისინი რაიმეს აშავებდნენ ამ დაწესებულებებში, მაგრამ უპირველესი საფიქრალი ის არის, რომ ეს არის ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტიპის დაწესებულება, რომელშიც 200 ბავშვი იმყოფება და რომლისგანაც თავის დაღწევას ვცდილობთ", - ციტირებს ავტორი ანდრო დადიანის სიტყვებს.

რაიან დიმიტრიეს ასევე წერს მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდთა სახლში მცხოვრები 21 წლის სიმას შესახებ, რომელიც გოგონას თქმით, დედამ თავისი შეზღუდული შესაძლებლობების გამო უარყო. სიმა ასევე ამბობს, რომ მას არასდროს უვლია სკოლაში და არ მიუღია განათლება.

სტატიის ავტორი ასევე ხაზს უსვამს, რომ სიმღერის, ქსოვისა და ხელსაქმის სხვა გაკვეთილების გარდა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდები ბევრი ვერაფრით საქმდებიან.

"31 წლის სოფიკო, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა თავშესაფარში გაიზარდა და მცირე მენტალური შეფერხების დიაგნოზი აქვს, მობილურ ტელეფონზე თავისი 2 წლის შვილს მაჩვენებს. სოფიკო იძულებით მოწყვიტეს შვილს, რადგან საქართველოს კანონმდებლობით, მას არ აქვს უფლება ბავშვი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაწესებულებაში გაზარდოს", - წერს რაიან დიმიტრიე.

ავტორი ასევე ციტირებს DRI-ის ანგარიშის ავტორის ერიკ მეთიუსის კომენტარს, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები ყუთებში ჰყავთ გამოკეტილი და იქ აცხოვრებენ 18 წლამდე.

"როდესაც მათ 18 წელი შეუსრულდებათ, ისინი სხვა ყუთში, მოზრდილთათვის განკუთვნილ ყუთში გადავლენ", - ციტირებს ავტორი ერიკ მეთიუსის კომენტარს.

საქართველოში კორონავირუსის 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - როგორია ბოლო 24 საათის ეპიდვითარება ქვეყანაში

"მედიცინა დედაჩემის გამო ავირჩიე, მეათე კლასში ვიყავი სიმსივნე რომ დაუდგინდა..." - "ფეისბუქზე" პოპულარული ახალგაზრდა ექიმის უცნობი ცხოვრება

თოვლი, ნისლი, მთაში - ზვავსაშიშროება - მომდევნო დღეებში საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს