დავით სერგეენკო - შვილად აყვანაზე 3000-ზე მეტი განცხადებაა შემოსული, როდესაც გასაშვილებელი მხოლოდ 20 ბავშვია

დავით სერგეენკო - შვილად აყვანაზე 3000-ზე მეტი განცხადებაა შემოსული, როდესაც გასაშვილებელი მხოლოდ 20 ბავშვია

შვილად აყვანასთან დაკავშირებით შემოსულია 3000-ზე მეტი განცხადება, მაშინ როდესაც გასაშვილებელი მხოლოდ 20 ბავშვია, - ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ სამინისტროში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თემის კომენტირებისას განაცხადა. მისივე ინფორმაციით, საკითხი არა პროცედურის სირთულეში, არამედ მოთხოვნა-მიწოდების კუთხით დგას.

"შვილად აყვანასთან დაკავშირებით, შემოსულია 3000-ზე მეტი განცხადება, მაშინ როდესაც გასაშვილებელი მხოლოდ 20 ბავშვია. როდესაც ოჯახს სურს აიყვანოს ბავშვი, რომელიც ფიზიკურად ჯანმრთელი იქნება, ასეთი ბავშვების რაოდენობა ცოტაა და დალოდების ვადა ხანგრძლივია, ხშირად წლები. საბედნიეროდ, არის შემთხვევები, ჩემი პირადი სანაცნობოდანაც ვიცი, როდესაც ოჯახი თანახმაა ფიზიკური ნაკლით ბავშვი აიყვანოს, მაშინ ბევრად სწრაფად ხორციელდება ყველაფერი", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისივე შეფასებით, სირთულე არა იმდენად გართულებულ რეგულაციაში, არამედ არსებულ სურათშია.

"საბედნიეროდ, საქართველოში არ არის ბევრი დედა, რომელიც შვილს მიატოვებდა და გასაშვილებელ პირთა ჯგუფში ჩასვამდა", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრმა აბორტების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრობლემა არა მარტო აბორტების რაოდენობაში, არამედ აბორტებისადმი დამოკიდებულებაშია. მისივე შეფასებით, კატასტროფაა არჩევითი აბორტები, როდესაც მშობლები მას შემდეგ, რაც შეიტყობენ, რომ გოგონას ელოდებიან ორსულობის შეწყვეტის გადაწყვეტილებას ღებულობენ. მისივე თქმით, მექანიკური აკრძალვა და რეგულაციებიის გამკაცრება უკუშედეგს იძლევა, როდესაც აბორტის კეთება იატაკქვეშეთში ინაცვლებს. მინისტრის ინფორმაციით, ასეთ შემთხვევაში, აბორტების რაოდენობა იმდენად არ მცირდება, რამდენადაც იზრდება რისკები და დედის გარდაცვალების საფრთხეები მატულობს. როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, საკითხთან დაკავშირებით გასული წლის გაზაფხულიდან დედათა და ბავშვთა საბჭო მუშაობს.

"მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ რაღაც სტრატეგია ჩამოვაყალიბოთ. მაგრამ მოგიწოდებთ, გთხოვთ საზოგადოების თითოეულ წევრს, მხარში ამოგვიდგეთ ამაში. ეს მართლაც კატასტროფა არის. განსაკუთრებით არჩევითი აბორტები. ვერანაირად ვერ დადის ჩემს აზროვნებამდე - როგორ შეიძლება ნორმალურმა ადამიანმა ეს გააკეთოს. დიდი იმედი მაქვს, შევძლებთ ამ ბარიერის გარღვევას და რაღაც ლოგიკური წესრიგის დამყარებას ამ მხრივ, მაგრამ საზოგადოების დახმარების გარეშე, უბრალოდ არ გამოვა", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

მისივე ინფორმაციით, გასულ წელს, რეგისტრირებული აბორტების რაოდენობამ 37 000 - 40 000 შეადგინა. სამინისტროში ვარაუდობენ, რომ არარეგისტრირებული აბორტების რიცხვი ამაზე მეტია.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია