მისაღებია თუ არა სუროგაცია და სინჯარაში ჩასახული ბავშვები რელიგიური კონფესიებისათვის

მისაღებია თუ არა სუროგაცია და სინჯარაში ჩასახული ბავშვები რელიგიური კონფესიებისათვის

მისაღებია თუ არა სუროგაცია და სინჯარაში ჩასახული ბავშვები რელიგიური კონფესიებისათვის - საქართველოში არსებული სამი დიდი რელიგიური აღმსარებლობა - მართლმადიდებლობა, მუსლიმთა კავშირი და კათოლიკური ეკლესია - სუროგაციას ეწინააღმდეგება.

როგორც "რეზონანსთან" საუბრისას თეოლოგი ლევან აბაშიძე აცხადებს, ქრისტიანულ სამყაროში დებატები და აზრთა გაცვლა-გამოცვლა დღესაც მიმდინარეობს და ამ მეთოდის მიღება-მიუღებლობაზე არც ერთ კონფესიაში ერთიანი აზრი ჩამოყალიბებული არ არის.

აბაშიძის თქმით, კათოლიციზმი ყველანაირ კონტრაცეპტივსაც კი მიუღებლად მიიჩნევს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ეპისკოპოსი ამას იზიარებს. ასევეა მართლმადიდებელ ეკლესიაშიც - შესაძლოა, რომელიღაც ეპისკოპოსმა საკუთარ მრევლს სუროგაციაზე კურთხევა მისცეს, ზოგმა - არა. არც ერთ ეკლესიაში ამის შესახებ ერთიანი აზრი ჩამოყალიბებული არ არის და დებატები დღესაც მიმდინარეობს.

"შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება? ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისათვის, მიუსაფრობისა და მარტოობისათვის. იგი კეთილდღეობაშიც რომ გაიზარდოს, მუცლადყოფნის პერიოდის ამ სიმძიმეს ვერაფერი შეცვლის და ეს აუცილებლად იჩენს თავს ზრდასრულ ასაკში. პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა", - ეს არის საშობაო ეპისტოლის ის ნაწილი, რომელმაც საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და რომლის გამოც გუშინ საპატრიარქომ განმარტებაც გააკეთა.

"ეკლესია ასეთი მეთოდით დაბადებულ ბავშვებს არ უპირისპირდება, პირიქით, ამ პატარებს ეკლესიისგან მეტი სითბო, სიყვარული და მეტი დალოცვა ჭირდებათ. ამიტომაც არის, რომ ეს პატარები პატრიარქის ნათლულებიც არიან და ამაში გასაკვირი არაფერია.

თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, თითქოს აღნიშნული მეთოდი მისაღებია. შევნიშნავთ იმასაც, რომ თითქმის ყველა ტრადიციული რელიგია ეწინააღმდეგება მას და ცოდვად მიიჩნევს. კათოლიკოს-პატრიარქიც და სასულიერო პირებიც ვალდებულნი არიან აღნიშნულის შესახებ გააფრთხილონ მრევლი და საერთოდ საზოგადოება. ეკლესია პატივს სცემს ნებისმიერი ადამიანის თავისუფალ არჩევანს, მაგრამ სადაც თვლის, რომ არასწორ ქმედებას აქვს ადგილი, უთითებს. ეს ეკლესიის მოვალეობაა", - განაცხადა ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე თეოდორემ.

ეპისტოლეს ირგვლივ ატეხილი ვნებათაღელვის ფონზე საქართველოში არსებული სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის წარმომადგენლები საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ.

სრულიად საქართველოს მუფტის, ჯამალ პაქსაძის განცხადებით, ისლამი სუროგაციას გმობს.

"ჩვენი სარწმუნოება და სხვა ყველა ტრადიციული რელიგია სუროგაციას, რა თქმა უნდა, გმობს. თუკი ბავშვი ოფიციალური ქმრისგან არ არის, აკრძალულია. ჩვენი სარწმუნოებისაგან ინ-ვიტრო (ანუ როცა სასქესო უჯრედებს ლაბორატორიულ პირობებში ანაყოფიერებენ და შემდეგ დედის საშვილოსნოში შეჰყავთ - რედ.) განაყოფიერება დასაშვებია, თუკი ბავშვი ოფიციალური ქმრისგან არის, სუროგაცია კი ოფიციალური ქმრისგან ორსულობას გამორიცხავს და ამიტომაც ამას წმინდა ყურანი კრძალავს. რაც შეეხება ბავშვებს, ჩვენი რელიგია ქადაგებს მათ სიყვარულს, შეწყალებას, პატივისცემას და თავშესაფრის მიცემას. ის, რომ ადამიანმა ღვთის კანონები თავისი გადაწყვეტილებით მოირგოს, ასე არ არის. ჩვენ ღვთის კანონებს უნდა დავემორჩილოთ და რელიგიურები უნდა ვიყოთ. ვეთანხმები შობის ეპისტოლეს, იქ დიდი სიბრძნეა ჩადებული და ქართველი ერი კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ, ეპისტოლე რას ეხებოდა. ის ღვთიური წიგნების გაზიარებას ეხება. კარგი იქნება, ტელევიზიით ასეთ თემებზე გადაცემები იყოს და ყველა რელიგიის წარმომადგენელი აკეთებდეს განმარტებას", - აცხადებს მუფტი ჯემალ პაქსაძე.

ამიერკავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს ირგვლივ აგორებული რეაქციის გამო გაოცებულია. როგორც ეპისკოპოსი "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე წერს, წერილის ის ნაწილი, რომელიც სუროგატულ დედობას, ინ-ვიტრო განაყოფიერებასა და აბორტს შეეხებოდა, პირდაპირი ეთერით მოისმინა და ზოგადად "პოზიტიური შთაბეჭდილება დარჩა".

"... ამ ეპისტოლეს ჩანაფიქრში მსჯავრზე მეტად ამოვიკითხე მწყემსის ზრუნვა, რომელიც სვამს კითხვას, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს იმ არჩევანს, რასაც აკეთებს დღევანდელი საზოგადოება. ყურადღებით გადავიკითხე ეპისტოლე დღესაც და, ჩემი აზრით, ზოგიერთი გამონათქვამი არ არის კარგად ჩამოყალიბებული და ცუდი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა (მაგ. "შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება?", "პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ..." და სხვ.) მაგრამ პირველი შთაბეჭდილება მაინც უცვლელი დამრჩა", - წერს ეპისკოპოსი პაზოტო.

მისი თქმით, "ამ ბოლო წლებში კათოლიკურმა ეკლესიამ მართლმადიდებელ ეკლესიასთან თანამშრომლობით საქართველოში, შეძლეს ერთობლივად ემსჯელათ ზოგიერთ ბიოეთიკურ საკითხზე და მრავალი საერთო ხედვა აღმოაჩინეს; ამისათვის მოწყობილი იქნა საერთაშორისო სიმპოზიუმები (ბოლო მათგანს ადგილი ჰქონდა 2013 წლის ოქტომბერში, სუროგატულ დედობაზე). ერთი შეხედვით, მონაწილეთა დაბალი რიცხვის გამო, ზედმეტად მაღალ და არააქტუალურ თემებთან გვქონდა საქმე. არადა, როგორც აღმოჩნდა, ძალზე საჭირბოროტო ყოფილა".

"მიმაჩნია, რომ ეკლესიამ ყოველთვის სიფაქიზით და პატივისცემით უნდა შეხედოს დედობის წყურვილს (არა "უფლებას"), რაც ყოველ ქალშია, და შთამომავლობის წყურვილს (არა "უფლებას"), რაც ყოველ ოჯახშია. ვფიქრობ, რომ ყველასათვის ნათელი უნდა იყოს ის, რომ შვილები ღმერთის საჩუქარია ყოველთვის, რაგვარადაც უნდა ხდებოდეს მათი გაჩენა. საჭიროა მათი, როგორც ღვთის შვილთა, ღირსების მატარებელთა მიღება (ამაში მდგომარეობს აბორტის დაუშვებლობა), რამენაირი დისკრიმინაციის გარეშე (იქნება ეს რელიგიური, რასობრივი, სოციალური კუთვნილების, ჯანმრთელობის თუ განაყოფიერების ხერხის ნიშნით). დაუშვებელია დათანხმება იმ მოსაზრებასთან, თითქოს წინაპრების რაიმე ცოდვა გადადიოდეს შთამომავლობაზე. საკუთარ ცოდვებზე თითოეული თავად აგებს პასუხს ღმერთის წინაშე. მიჩნდება კითხვა, ხომ არ შეიძლება იქცეს ეს ეპისტოლე ბიოეთიკური საკითხების კვლევისა და ჩაღრმავების შესაძლებლობად არა ემოციებით, არამედ იმ ცივი გონებით, რომელიც გვეხმარება საკუთარ გადაწყვეტილებებს პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ. როგორც კათოლიკე ეკლესიის მწყემსი საქართველოში, ვაცხადებ ჩემი ეკლესიის მზაობას, რათა სხვა კონფესიებთან და საზოგადოების ჯგუფებთან ერთად ხელი შევუწყოთ და ვითანამშრომლოთ ამ პრობლემების უკეთ გასაცნობად," - წერს ჯუზეპე პაზოტო.

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე ამბობს, რომ ნებისმიერი ბავშვი, ის სუროგაციით იქნება დაბადებული თუ ინ-ვიტრო განაყოფიერებით, ყველა ღმრთის ხატად არის შექმნილი და ყველას სიცოცხლე ძვირფასია.

რუსუდან გოცირიძე: "პატრიარქის ეპისტოლის შეფასება არაკორექტული იქნება, მაგრამ შემიძლია გითხრათ, ჩემი ეკლესია სუროგაციას და ინ-ვიტრო განაყოფიერებას როგორ უყურებს. სიმართლე გითხრათ, ჩვენს ეკლესიას ამ თემაზე არ უმსჯელია და არც რაიმე დოკუმენტი მიგვიღია, თუმცა მე, როგორც ღვთისმსახურს, მიმაჩნია, რომ რა სიშორესაც არ უნდა წავიდეს მედიცინა და მეცნიერება, ყველა სიცოცხლე ღმერთის ნაჩუქარია. ის, რომ ამ ფორმით დაბადებულ ბავშვს პრობლემას ეძახი, ეს ცუდი სიგნალი იყო. ამ ბავშვების ქვეყნად მოვლინებისთვის მშობლებს ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდათ, როგორც ფინანსური, ისე ემოციურ მსხვერპლზე წავიდნენ და ამ ბავშვებს პრობლემა და უსიყვარულობისთვის განწირულები უწოდო, ეს მათ სტიგმატიზაციას ემსახურება და მეტი არაფერი. ამ ეპისტოლეში ასევე ლაპარაკი იყო იმაზეც, რომ უმცირესობების ჯგუფები იყო პრობლემა და საქართველოსთვის ეს თავსმოხვეული ფასეულობაა. ლაპარაკი იყო ასევე სეკულარი საზოგადოების შენების საფრთხეზე და ჩემთვის ესეც ძალიან მძიმე სიგნალი იყო".

საქართველოს ებრაელთა სულიერი მოძღვარი, რაბინი მეირ კოზლოვსკი ამბობს, რომ "ყველა ადამიანს სურს, რომ შვილები ჰყავდეს, მაგრამ გასაგებია ისიც, რომ ყველა ადამიანს რელიგია აქცევს ჩარჩოებში, იმ ჩარჩოში შვილებისა და შთამომავლობის მიღებისათვის თუ რა არის დასაშვები. მე ვერ ვერკვევი, რას ამბობს ქრისტიანული რელიგია და ამიტომაც არ შემიძლია გითხრათ, რამდენად არის ხელოვნური განაყოფიერება რელიგიასთან შესაბამისი. მე გავეცანი ეპისტოლეს და დარწმუნებული ვარ, რომ რასაც ილია მეორე ლაპარაკობს, ეს ასე უნდა იყოს და ხალხისთვის ასე უკეთესია".

სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის იურიდიულ საკითხთა განყოფილების ხელმძღვანელი ლევონ ისახანიანი ამ თემის კომენტარისაგან თავს იკავებს.

"მისმა უწმინდესობამ და საპატრიარქომ საკუთარი პოზიცია გამოხატეს, რომელიც ამ შემთხვევაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციაა და ჩვენ მიზანშეწონილად არ მივიჩნევთ, რომ რაიმენაირი კომენტარი გავაკეთოთ ამ თემაზე. ის, თუ რა პოზიცია აქვს სომხურ სამოციქულო ეკლესიას სუროგაციასა და ინ-ვიტრო განაყოფიერებასთან დაკავშირებით, ამისათვის უშუალოდ წმინდა ეჩმიაძინს მიმართეთ და სრულყოფილ პასუხს მიიღებთ. ჩვენ ამ საკითხებთან დაკავშირებით პასუხს ვერ გაგცემთ. ეს საკითხები ჩვენ არ გვევალება", - ამბობს ისახანიანი.

თეოლოგი ლევან აბაშიძე აცხადებს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის აზრი ეს არის სწავლება სამების შესახებ, რომელიც საეკლესიო კრებებზეა მიღებული და იქ სუროგატ დედებზე ერთიანი აზრი არ არსებობს. ამაზე აზრთა გაცვლა-გამოცვლა, დებატები მიმდინარეობს და ეკლესიის უმეტესობა ამის წინააღმდეგია.

"მართლმადიდებელი ეკლესიისაგან განსხვავებით კათოლიკურ ეკლესიას პაპის კანცელარიიდან ერთიანი აზრის გადმოცემა შეუძლია და ის არც სუროგაციას მიესალმება და არც კოლბაში (ინ-ვიტრო) განაყოფიერებას. კათოლიციზმი ნებისმიერ კონტრაცეფციასაც კი კრძალავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა კათოლიკე ამას იცავს. ეს იმასაც არ ნიშნავს, რომ ყველა კათოლიკე მღვდელი ამას ასრულებს.

"ეკლესია ღვთისმიერი სხეულია. ეკლესია ღვთის ნებას ეძიებს და, როგორც წესი, ახალ საკითხებზე ეკლესია კატეგორიული არ არის-ხოლმე. სუროგაცია და ინ-ვიტრო განაყოფიერება ეს მეოცე საუკუნის ბოლო წლების პრობლემაა და ეკლესიას დრო სჭირდება, რომ ამ საკითხის დაღვინება და ერთიანი აზრის ჩამოყალიბება მოხდეს. სავსებით შესაძლებელია იყვნენ ეპისკოპოსები, რომლებიც ოჯახს სუროგაციის და "ინ ვიტრო" განაყოფიერების კურთხევას მისცემენ და ამისათვის მათ ვერავინ გაკიცხავს. ჩვენ წამლით და ფიზიოლოგიური მეთოდით ვეხმარებით ჩასახვას, ამას ხომ არავინ გმობს?! წამალს, პროცედურებსა და ქირურგიულ ჩარევას არავინ გმობს, მაგრამ სუროგაცია ახალი მეთოდია და ამიტომაც არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. არც ერთ ოჯახს არ გააგდებენ ეკლესიიდან ამისათვის. ზოგადად ტექნიკურ პროგრესს საზოგადოება ნეგატიურად იღებს, იგივე იყო აცრების თუ სისხლის გადასხმის შემოღებისას. ეს ბუნებრივი პროცესია. გავა ათეული წლები და ჩვენ ალბათ ჩამოვყალიბდებით, რა და როგორ არის მისაღები და ალბათ ეკლესიაც შეიმუშავებს თავის მიდგომას," - ამბობს აბაშიძე.

მისი თქმით, თავად ეკლესიის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ სუროგაციას ნუ მიმართავთო, ამაში საკვირველი არაფერია, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ ეს ბავშვები მიუსაფარნი და უსიყვარულონი არიან, ეპისტოლეში ეს იყო ნეგატივი.

"ორ უკიდურესობაში არ უნდა გადავვარდეთ, რომ ან უნდა დაგმო, ან უნდა აკურთხო. სხვანაირად შეიძლება საკითხს მიუდგე - სუროგაცია არ ვარგა, მაგრამ თუ ვიტყვით, რომ ეს ბავშვები უსიყვარულობისთვის არიან განწირულები... ცოდვაში ჩასახული თუ არცოდვაში, ღვთის წინაშე ყველა უნდა გვიყვარდეს. ამაზეა ლაპარაკი", - დასძენს აბაშიძე.

ეკა ბასილაია

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია