სასამართლომ საპატრიარქოსთან გამართული აქციის სამ მონაწილეს 100-100 ლარიანი ჯარიმა დააკისრა

სასამართლომ საპატრიარქოსთან გამართული აქციის სამ მონაწილეს 100-100 ლარიანი ჯარიმა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის დროს მომხდარი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, თორნიკე და ევგენი ქავთარაძეებს და სანდრო ზაუტაშვილს 100-100 ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ხოლო ვეფხვია ღვალაძის მიმართ სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა.

საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განიხილა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე ქ. თბილისში, 8 იანვარს, საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის დროს მომხდარი წვრილმანი ხულიგნობის ფაქტების შესახებ და თორნიკე და ევგენი ქავთარაძეები, სანდრო ზაუტაშვილი და ვეფხვია ღვალაძე სამართალდამრღვევებად ცნო. სასამართლომ ს. ზაუტაშვილს და მამა-შვილ ქავთარაძეებს ადმინისტრაციული სახდელის სახით დააკისრა ჯარიმა, თითოეულს 100-100 ლარის ოდენობით, ხოლო ვ. ღვალაძის მიმართ სასამართლო სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა.

"საქმის მასალების მიხედვით, ზემოხსენებულმა პირებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს აქციის იმ მონაწილეებს, რომლებმაც პატრიარქის საშობაო ეპისტოლესთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია დააფიქსირეს.

სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციული დაკავებისა და სამართალდარღვევის ოქმების, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია თორნიკე და ევგენი ქავთარაძეების, სანდრო ზაუტაშვილისა და ვეფხვია ღვალაძის მხრიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენის ფაქტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული დადგენილება საჩივრდება მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში", - აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ