დათო ტურაშვილი - ზვიად გამსახურდიას გაკვეთილსა და ტვინის "გასახსნელ" წამალზე

დათო ტურაშვილი - ზვიად გამსახურდიას გაკვეთილსა და ტვინის "გასახსნელ" წამალზე

ქრისტე იშვა და იმ დღის შემდეგ, მთელი ქრისტიანული სამყარო ისევ სასწაულს ელის. ვინ რას ან როგორს? სხვა ეროვნების ადამიანების აბა, რა გითხრათ, მაგრამ ჩვენი პატარა, შემოკბეჩილი ქვეყნის ხალხის მოლოდინებზე სასაუბროდ კი იდუმალი პროფესიის ადამიანს, მწერალს - დათო ტურაშვილს მივაკითხეთ.

- დათო, გილოცავ ქრისტესშობას. მოდი, დროის შემოსაზღვრულ პერიოდზე ვილაპარაკოთ და ვთქვათ, რას ელოდება ჩვენი ხალხი იმ ქრისტესშობიდან, როდესაც სამოქალაქო ომის ცეცხლში ვიყავით გახვეული, დღემდე? მაშინ თბილისს გული ჰქონდა გამომწვარი - ექვს იანვარს გამსახურდიას მთავრობამ თბილისი დატოვა. ბევრი ელოდა, რომ საშობაოდ ცეცხლის შეწყვეტას სასწაული უნდა მოეტანა, სინამდვილეში კი ერთი უბედური ქართველი სხვა უბედურმა ქართველებმა ჩაანაცვლეს. ჯაჭვის პირველ რგოლს მეორე წამოეცვა და დღემდე ასე მიდის... ან იქნებ შენ სხვანაირად ხედავ ამ ყველაფერს?

- მეც გილოცავთ ყველას, ვინც გადაწყვიტეთ, რომ ამ საახალწლო, საშობაო და სასიხარულო დღეებში სევდიან თემებზე უნდა გველაპარაკა. ალბათ ახლავე ჯობია შეცდომების გახსენება, რომ მერე არასოდეს გავიმეოროთ, მაგრამ რაც მაშინ მოხდა, ის უბრალო შეცდომა არ იყო - იმ ტრაგიკულ დღეებს სხვა ტრაგიკული დღეები, თვეები და წლები ამიტომაც მოჰყვა; ამის გამოა, რომ დღემდე, იმ დროის გახსენება საშინელი სინანულის განცდას მიჩენს. იმის თქმაც შეიძლება, რომ საკუთარი მსხვერპლის ფასად, ზვიად გამსახურდიამ მთავარი გაკვეთილი ჩაგვიტარა, ამ გაკვეთილმა კი ნაყოფი მაინც გამოიღო: მეჩვენება, რომ ახლა უფრო გონიერები ვართ, ვიდრე მაშინ ვიყავით.

- ქართველები რევოლუციონერები, მნგრეველები აღმოვჩნდით. უკვე შექმნილს ალმაცერად ვუყურებთ და ახლიდან ვიწყებთ ველოსიპედის გამოგონებასაც და ადამიანების ჩვენს ყაიდაზე მოქცევის სურვილიც ვერაფრით დავკარგეთ. რა ვქნათ, როგორ უნდა ვიცხოვროთ?

- რევოლუციებისადმი მიდრეკილება ჩვენი ხასიათიდან გამომდი­ნარე გვაქვს - ძალიან ხშირად ყველაფრის შეცვლა ძალიან სწრაფად გვინდა და ამ სიჩქარეში აღარ ვუკვირდებით, რომ იმასაც ვკარგავთ, რაც უკვე მოვიპოვეთ. ჩემი ღრმა რწმენით, ზემოთქმულს, სუბიექტურის გარდა, ობიექტური მიზეზებიც განაპირობებს და როცა ამდენი ხნის მანძილზე საკუთარი სახელმწიფო არ გაგაჩნია, მოთმინებით შენების უნარსაც კარგავ.

- დაიჭირეს, დააპატიმრეს, აზღვევინეს, ჩამოართვეს, დააყადაღეს, გაუსწორდნენ ანუ სამართალი აღადგინეს! ბოლო პერიოდის რევოლუციური ფრაზეოლოგია, რომლის უკანაც რა და რატომ იმალება, არ ვიცი. მხოლოდ ის ვიცი, რომ სიმშვიდე მინდა. მსურს შრომა, შენება, სიყვარული, ლოცვა. შენ ხომ ჩვენი ხალხის გულს კარგად იცნობ? სხვანაირად არ ეყვარებოდი ადამიანებს, ჰოდა, ეგებ ხედავ გამოსავალს?

- კარგად მესმის იმ გამწარებული ადამიანების, რომლებსაც სააკაშვილის ხელისუფლება ასე უკანონოდ და უსამართლოდ მოექცა, მაგრამ თუ ჩვენ მხოლოდ შურს ვიძიებთ და ახლა სხვებს მოვექცევით უკანონოდ, ისევ უსამართლობამდე მივალთ. იმ ადამიანების ბრალეულობაც კი, ვინც მთელ საქართველოს დამნაშავე გვგონია, სასამართლომ უნდა დაამტკიცოს, გადაწყვიტოს და არა ჩვენმა მათ მიმართ სიძულვილმა. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გვექნება კარგი და ძლიერი სახელმწიფო. ახლა რის ახსნასაც ვცდილობ, ძალიან ზუსტად გამოხატა არჩილ კბილაშვილმა, რომელმაც რომელიღაც ინტერვიუში თქვა: "მე შეიძლება ბევრი დამნაშავე ვერ დავაპატიმრო, მაგრამ არც ერთ უდანაშაულოს არ დავიჭერ..."

- სამოქალაქო ომში ქართველების ხელით დახოცილ ქართველებთან ერთად წიგნები და წიგნიერებაც დავასაფლავეთ, თითქოს. მაგრამ სასწაული მაინც მოხდა - აი, ამ დანგრეულ ქვეყანაში, ღარიბ-ღატაკმა ჩვენმა მწერლობამ ნამდვილი მარგალიტები შექმნა. ოღონდ გზა, რომლითაც წიგნი მკითხველამდე უნდა მივიდეს, მაინც ჩაკეტილია - ნაცნობ-მეგობრობა, კლანური ურთიერთობები, აბსოლუტური გულგრილობა, რომელიც შევნიშნე ყველა ლიტერატურულ კონკურსზე, რომელიც შევნიშნე ჩვენს წინა (სააკაშვილის დროინდელ) და ახალ კულტურის სამინისტროებს, მწერალს სრულ იზოლაციასა და სასოწარკვეთაში ტოვებს. მოდი ვიყვიროთ, ეგებ ვინმეს გავაგონოთ?

- სრულიად გახსნილ სამყაროშიც რომ ცხოვრობდეს, მწერალი ისედაც იზოლირებული და ჩაკეტილი შეიძლება იყოს, მაგრამ სამაგიეროდ, რასაც შექმნის, სწორედ ეს არის ყველაზე მთავარი საშუალება სამყაროს გასახსნელად. ფრონტიტი მაქვს და ექიმმა ამას წინათ სინუფორტე დამინიშნა - ძალიან ეფექტურია და ცხვირს გა­გიხსნისო; ტვინის "გასახსნელად" კი ყვე­ლაზე ეფექტური, წიგნი და ლიტერატურაა. რაც შეეხება კლანურობას: თანამედროვე ლიტერატურულ პროცესში ჩემთვის სრულიად მიუღებელია შეზღუდვები და ჩარჩოები. ყველაზე მთავარი სარგებელი, რაც ლიტერატურას მოაქვს, მაინც თავისუფლებაა, თავისუფალი ადამიანი კი შეუძლებელია, რომელიმე კლანს, სექტას ან პარტიას წარმოადგენდეს. ხოლო კონკურსებთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ობიექტური ჟიური არსად არ არსებობს, რადგან ნებისმიერი ჟიური ადამიანებისაგან შედგება, ადამიანი კი სუბიექტურია და თუ კონკრეტულად "ილიაუნის" პრემიას გულისხმობ, აქაც გავმეორდები: ზუსტად ვიცი, ამ პრემიას მე არასოდეს მომცემენ. პრეტენზიაც არასოდეს მექნება, რადგან იმ ფულს თავად განაგებს გიგი თევზაძე და ვისაც უნდა, იმას მისცემს. ერთადერთი გამოსავალიც ის მრჩება, რომ ფსევდონიმით დავწერო რომელიმე წიგნი.

- ნახე რაებზე ვისაუბრეთ? მაინც კეთილად მინდა, დავამთავროთ - ხე შეძახილით გახმაო და ეგებ, საქმე ტკბილი სიტყვის ძალით გამოვასწოროთ. ქართველებმა ვუთხრათ ერთმანეთს, რომ გვიყვარს ერთმანეთი და საშობაო სასწაული, ჩვენი საშობაო ზღაპარიც ახდეს - დავწყნარდეთ.

- ყველა მდგომარეობიდან ყველაზე კარგი გამოსავალი, ჩემი ღრმა რწმენით, მაინც სიმართლეა! ჩვენ კი დიდი ხანია, დიდ და პატარა ტყუილებში ვცხოვრობთ. ისე მივეჩვიეთ ამას, რომ ვეღარც ვამჩნევთ. ჩვენს დიალოგშიც მერამდენედ ვახსენეთ შობა. მიჩვეულები ვართ, რომ ჯერ ახალ წელს აღვნიშნავთ, მერე შობას და ვითომც არაფერი. არადა, ეს ხომ აბსურდია?! ახალი წელთაღრიცხვა ხომ ქრისტეს შობიდან იწყება და ამიტომაც, ჯერ შობას უნდა აღვნიშნავდეთ და მერე - ახალ წელს. ამ შემთხვევაში რიცხვებს კი არ ვგულისხმობ, არამედ თანამიმდევრობასა და ლოგიკას. ლო­გიკის სახელმძღვანელო კი სოლომონ დოდაშვილმა, ჯერ კიდევ XIX საუკუნის პირველ ნახევარში დაწერა, მაგრამ ახლა ეს წიგნიც დავიწყებული გვაქვს და კიდევ ბევრი სიყვარულიც, რის გარეშეც სიცოცხლე, მართლა ძალიან ძნელია.

დეა ცუცქირიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია