მაშინ, როდესაც თბილისის მთავრობა ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის გამო სოციალური პროექტების შეუსრულებლობის საშიშროებაზე საუბრობს, ქალაქს მაღალი დონის აპარატურით მუსიკალურ გაფორმებას პირდებიან.
მერიის საკონცერტო ორკესტრ "ბიგ-ბენდისთვის" სხვადასხვა აპარატურისა და აქსესუარების შესაძენად 194 270 ლარის ღირებულების ტენდერი კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოცხადდა. მერია საკუთარი "ბიგ ბენდისათვის" 57 დასახელების აპარატურისა და აქსესუარის შეძენას აპირებს. მათ შორისაა პროფესიონალური სამუშაო სადგური, ციფრული მიქშერი, სტუდიური აქტიური მონიტორები და სხვა. აპარატურაზე უნდა ვრცელდებოდეს მინიმუმ 6 თვიანი საგარანტიო მომსახურება. მიწოდების ვადა კი ხელშეკრულების დადებიდან 15 აპრილამდეა განსაზღვრული. სატენდერო წინადადებების მიღება 26 იანვარს დაიწყება და 31 იანვარს დასრულდება.
რაც შეეხება ორკესტრს - ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, "ბიგ-ბენდი" 1997 წელს დაარსდა და მის შემადგენლობაში არიან თაკო გაჩეჩილაძე, მაია ბარათაშვილი, ზაურ შავგულიძე, მარიკო ებრალიძე, ალეკო ბერძენიშვილი, მარიამ პავლიაშვილი და ბორის ბედია. ბიგ-ბენდთან სხვადასხვა დროს თანამშრომლობდნენ ნინი ბადურაშვილი, ნინი შერმადინი, თამთა ცხვიტავა, სოფო ბედია და სხვები.
აღსანიშნავია, რომ ტენდერი მერიამ 10 იანვარს გამოაცხადა, სწორედ 10 იანვარს თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, სევდია უგრეხელიძემ განაცხადა, რომ ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის გამო, შესაძლოა თბილისში გარკვეული პროექტების განხორციელება ვერ მოხერხდეს. მისივე თქმით, სოციალური პროექტების შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობა საკრებულოს უმრავლესობას დაეკისრება.
"იმის გამო, რომ ბიუჯეტი ჩაგდებულია, ჩვენ გვექნება პრობლემები დიდი პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით, რადგან ერთი-მეთორმეტედის წესით, დიდი ტენდერების ჩატარება ვერ მოხერხდება. განსაკუთრებით, ვდარდობთ იმაზე, რომ არ შეექმნას პრობლემა კომუნალური ვაუჩერის დაფინანსებას",-განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.
2013 წლის ბოლო სხდომაზე თბილისის საკრებულომ მთავრობის მიერ წარდგენილ საბიუჯეტო პროექტს მხარი არ დაუჭირა და ხმათა უმრავლესობით ჩააგდო.
ნუცა ახალკაცი, Ambebi.ge