საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და წმინდა ანას სახელობის სამედიცინო ცენტრისთვის უცხოელი პაციენტები იშვიათობას არ წარმოადგენენ. ორიოდე კვირის წინ აქ ინგლისელმა ქეით რუთი დეივისმა მესამე შვილი - თორნიკე დოლაბერიძე გააჩინა. 2014 წელს კი კლინიკაში პირველი უცხოელი - ნიგერიელი მაიკლ აბიოი დაიბადა. მაიკლს დედა ქართველი ჰყავს. თეონა თამარაშვილი და მისი პირმშო თავს კარგად გრძნობენ.
როგორც მეან-გინეკოლოგი ალეკო დიაკონიძე ამბობს, მაიკლი თეთრი ფერის კანით დაიბადა, მაგრამ მეორე დღიდან კანის გამუქება დაეწყო და ახალშობილი დღითი დღე მამას ემსგავსება.
საქართველოსა და ქართველ ცოლზე შეყვარებული სამოელ აბიოი ნიგერიიდან სამუშაოს საძებნელად ჩამოვიდა. სამსახურიც იშოვა და სიყვარულიც ეწვია. ასე შეიქმნა ქართულ-ნიგერიული ოჯახი. სამოელი ქართულ ენას უკვე სწავლობს და წინადადებების გამართულად თქმასაც ნელ-ნელა ახერხებს.
- თეონა, სად და როდის გაიცანით ერთმანეთი?
- მე მანდატურის სამსახურში ვმუშაობ, მისაღებში. სამოელი თავის საქმეებზე მოვიდა და ასე გავიცანით ერთმანეთი. ურთიერთობაც აგვეწყო და შედეგიც სახეზეა - უკვე შვილი გვყავს.
- როგორც ვიცი, უფროს გოგონას ზრუნვას არ აკლებს შენი მეუღლე.
- უფროსი შვილი პირველი ქორწინებიდან მყავს, მაგრამ სამოელი ბავშვებს არ არჩევს. ჩვენ ერთიანი, ტკბილი და მოსიყვარულე ოჯახი გვაქვს. ვაზისუბანში ვცხოვრობთ ნაქირავებ ბინაში.
- თუ მოსწონს ქართული ტრადიციები?
- ხანდახან ვფიქრობ, რომ სამოელი ნამდვილი ქართველია - ქართული ადათ-წესების მოყვარული და ჩვენი ტრადიციების მიმდევარი. ბედნიერი ვარ ჩემი მეორე ნახევრით.
- მეუღლის სამშობლოში თუ იყავით? თუ გაიცანით მისი ოჯახის წევრები?
- სამოელს 6 დედმამიშვილი ჰყავს. ვაპირებდი წასვლას, მაგრამ ორსულობის გამო ვერ წავედი, უახლოეს ხანში ალბათ ვეწვევი კიდეც ჩემი ქმრისა და შვილის, მაიკლის სამშობლოს.
- სამოელ, რატომ გადაწყვიტე ქართველ ქალზე დაქორწინება?
- შემიყვარდა ეს ქვეყანა და რა გასაკვირია, ქართველი ქალი შემყვარებოდა?!. ჩემი შვილის დედა ყველაზე ლამაზი ქალია ჩემთვის. მადლობას ვუხდი, ასეთი ლამაზი შვილი რომ გამიჩინა. პასუხისმგებლობა მომემატა და ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაო, ოჯახი უზრუნველყოფილი რომ მყავდეს.
თეონა თამარაშვილის თქმით, მაიკლი მართლმადიდებლური წესით მოინათლება და ქართული ეკლესიის მრევლი გახდება.
გიორგი ბერიძე
(გამოდის ხუთშაბათობით)