რუბრიკის სტუმარია ვანო ჯავახიშვილის ვაჟი, 5 წლის ნიკოლოზი, რომელიც ძალიან ჭკვიანი და საზრიანი ბიჭია. წერა-კითხვა დამოუკიდებლად, საბავშვო წიგნების დახმარებით ისწავლა და მისთვის საინტერესო ზღაპრებს თავად კითხულობს. ნიკოლოზს ვულკანების, ზვავებისა და წყალდიდობების ამბები აინტერესებს. ინტერვიუს შემდეგ მოქმედ და ჩამქრალ ვულკანებზე ბევრი ვილაპარაკეთ.
- ნიკოლოზ, ფილარმონიაში იყავი კონცერტზე?
- დიახ. "ვანოს შოუსა" და "კომედი შოუს" კონცერტზე ვიყავი. ტაში მაგრად დავუკარი, იცით, ყველაზე მეტად რა მომეწონა? მარეხი რომ გამოვიდა და თქვა, ვქორწინდებიო.
- რას ნიშნავს დაქორწინება?
- ან ქმარი რომ მოგყავს, ან ცოლი, მერე კი ქორწილია. მარეხი სინამდვილეში ბიჭია, მაგრამ გოგოს თამაშობს (იცინის).
- თოვლის პაპამ რა მოგიტანა?
- სათამაშო ოდასახლი მომიტანა, წერილი თვითონ დავწერე. ირმებით მოვიდა თოვლის პაპა.
- ოდასახლი როგორია?
- წვეტიანი სახურავი აქვს, ხისაა. წიგნში წავიკითხე ოდასახლზე. დედიკომ ბევრი წიგნი მიყიდა და წერა-კითხვა ჩემით ვისწავლე. ჰოდა, ზღაპრებსაც ვკითხულობ. ინგლისური ანბანიც ვიცი, სიტყვებსაც ვსწავლობ. ინგლისურს ბაღში მასწავლიან.
- შენს მამიკოს ტელევიზორში უყურებ?
- ყოველ პარასკევს მამიკოს "ვანოს შოუ" მიჰყავს. ზოგჯერ ვუყურებ ხოლმე. მამიკოსთან ერთად სადმე რომ მივდივარ, მამაზე იძახიან: რა ცნობილი ბიჭია, რა საყვარელიაო.
- მამიკო რას ლაპარაკობს ყოველ პარასკევს ტელევიზორში?
- ხუმრობებს, მაგრამ არ ვიცი, რაზე ხუმრობს.
- მამიკო ხშირად გასეირნებს?
- შინ ისე გვიან მოდის, რომ დედიკო ბრაზდება ხოლმე.
- რატომ აგვიანებს?
- დირექტორი ნიკა გვარამია არ უშვებს. ნიკა, მამიკო მალე გამოუშვი ხოლმე.
- რაზე ოცნებობ?
- ცოლი რომ მოვიყვანო და ჩემი დაბადების დღე რომ იყოს.
- ცოლი რად გინდა, ჯერ პატარა ხარ.
- საჭმელები რომ მომიმზადოს, ტანსაცმელი დამირეცხოს. ცოლი ყველაფრისთვისაა საჭირო. ნიტა თანახმაა, ცოლად გამომყვეს, მაგრამ ჯერ არ მიკითხავს, საჭმელებს გამიკეთებს თუ არა.
- შეყვარებულიც გყოლია...
- ჩემი შეყარებული თავის დაბადების დღეზე ვნახე. იმასაც მოვწონვარ. ორი შეყვარებული მყავს და ბეჭდები ორივესთვის მაქვს. მეორეს სოფი ჰქვია. ჩემს დედიკოს ორივე ძალიან მოსწონს.
- ქორწილში დამპატიჟებ?
- დიახ, მერე ფოტოებს გადამიღებთ და გაზეთში დაბეჭდავთ. ჩემს ქორწილში მთელ საქართველოს დავპატიჟებ. ცოლი მომყავს 15 აგვისტოს. ერთხელ სიზმარში იცი, რა ვნახე? რომ ნიტაზე დავქორწინდი (ამ დროს მიშა ანდღულაძე შემოგვიერთდა და ნიკოლოზს "შეჭმით" დაემუქრა).
- მიშა ჩემი ნათლიაა, კიდევ ვასოც. ორივე ძალიან მიყვარს. სულ ოთხი ნათლია მყავს.
- იცი, კანონი რას ნიშნავს?
- მგონი, დასჯას ნიშნავს.
- მიშა სააკაშვილი ვინ არის, იცი?
- ძველი პრეზიდენტი. ახალი პრეზიდენტიც ვიცი, ვინც არის. პრეზიდენტები სასახლეში ცხოვრობენ.
- არ გინდა, პრეზიდენტი გამოხვიდე?
- არაა, არ მომწონს. მინდა, ყველაფრის ექიმი გამოვიდე, მაგრამ ისე კარგად ვხატავ, შეიძლება მხატვარი გავხდე. მამიკო მეუბნება, შენ რაც გინდა, ის გამოდიო.
- ხატვა გიყვარს?
- დიახ. რადგან ახალი წელია სულ ნაძვის ხეებს ვხატავ. კიდევ ვულკანების ხატვა მიყვარს. ვულკანი იცი, რა არის? მთაშია, ბოლი ამოსდის და ლავა გადმოედინება. ზოგი ვულკანი საშიშია.
- ზვავი რას ნიშნავს, ნიკოლოზ?
- მთაზე თოვლი რომ ვერ ეტევა და რომ ჩამოვარდება, ძალიან საშიშია.
- ცელქი?
- რომ უზრდელობს, ცუდად იქცევა, კარადებს და რაღაცეებს რომ ამტვრევს. მერე ცუდი ბავშვები და ცუდი კაცები პატრულს მიჰყავს.
თეკლა ტუღუში
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)