"შაშკინის უკანონო მშენებლობები" - რას პასუხობს ყოფილი მინისტრი ახალ ბრალდებებს

"შაშკინის უკანონო მშენებლობები" - რას პასუხობს ყოფილი მინისტრი ახალ ბრალდებებს

"შაშკინის უკანონო მშენებლობები" - ამ სათაურით აქვეყნებს "გურია ნიუსი" სტატიას, სადაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სახელმწიფო აუდიტის შემოწმების შედეგად გაკეთებული დასკვნის შედეგებია მოყვანილი. დარღვევები დიმიტრი შაშკინის მინისტრობის პერიოდს ეხება. გამოცემა ყოფილ მინისტრს 2 უკანონო მშენებლობაზე და სტუდენტური დასაქმების დროს დაშვებულ შეცდომებზე ედავება.

”ამბები.გე” განათლების ყოფილ მინისტრ დიმიტრი შაშკინს კომენტარისთვის დაუკავშირდა. ყოფილი მინისტრი ”გურია ნიუსის” სტატიის პოლიტიკურ აპექტრზე მიანიშნებს და შინაარსობრივ უზუსტობებზეც ამახვილებს ყურადღებას. დიმიტრი შაშკინის განცხადებით, სათაურშივე იგრძნობა გამოქვეყნებული სტატიის მიზანი.

"როდესაც სტატიას დაარქმევ "შაშკინის უკანონო მშენებობები", ამით უკვე ნათელია, თუ რის თქმა უნდოდა ჟურნალისტს. ვინც წაიკითხავს, ექმნება შთაბეჭდილება, რომ შაშკინი სახლებს იშენებდა. მე რა ქონებით მივედი 2009 წელს ამ მთავრობაში, იმ ქონებით წავედი, არაფერი დამემატა, არც საბანკო ანგარიშები, არც უძრავი ქონება. მე ვარ ძალიან ბედნიერი, რომ პოლიტიკური დაკვეთების პირობებში, როდესაც კონტროლის პალატა ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას (და პოლიტიკური, იმიტომ რომ ამოღებულია ჩემი მინისტრობის პერიოდი), იქ მხოლოდ რამდენიმე თვე შეეშალათ, როდესაც მინისტრი უკვე არ ვიყავი. მაშინ, როდესაც 3 წლის განმავლობაში განვკარგავდი დაახლოებით 2 მილიარდ ლარს, დარღვევები ეხება მხოლოდ იმას, რომ სადღაც თურმე მძიმე და წერტილი სწორად არ იყო დასმული. კონტროლის პალატა პროფესიული სასწავლებლებისა და საცურაო აუზის მშენებლობას მედავება. ძალიან მარტივია აქედან გამოსავალი - დაანგრიონ", - აცხადებს შაშკინი.

შაშკინი თავს დამნაშავედ არც პროფესიული სასწავლებლებისა და აუზის მშენებლობის ნაწილში თვლის. მისი თქმით, მშენებლობის ნებართვა ეკონომიკის სამინისტომ და ქალაქის მერიამ გასცა, მისი უწყება კი მხოლოდ მშენებლობის პროცესზე იყო პასუხისმგებელი. შაშკინის განცხადებით, გამოცემის ბრალდება მშენებლობების შემთხვევაში აბსურდულია, რადგან მშენებლობის დარღვევად მშენებლობის წინასწარ განსაზღვრის არ არსებობაა მინიშნებული.

"კოლეჯის მშენებლობასა და საცურაო აუზის მშენებლობაზეც არსებობს მთავრობის ანუ კოლეგიალური ორგანოს დადგენილება, რომლითაც განათლების სამინისტროს ევალება ამ ორი მშენებლობის განხორციელება. 8 თვეში აშენდა კოლეჯი, რომელიც გათვლილია რამდენიმე ათას ბავშვზე და საცურაო აუზი, რომელშიც ეხლა ათასობით ბავშვი დადის და სწავლობს ცურვას გლდანში. თუ ერთ აშენებულ სკოლას მაინც დამისახელებთ ახალი მთავრობის პირობებში, კარგი იქნება. მე წელიწადში 10 სკოლას ვაბარებდი, პროფესიულ სასწავლებლებს - ორს და კიდევ საცურაო აუზი ავაშენე. თუ ვინმეს რამე პრეტენზია აქვს, უშუალოდ წერტილი ან მძიმე თუ არ იყო დასმული, ეგ სხვა საკითხია და საზოგადოებისთვის ნათელი იქნება.

რაც შეეხება სხვის მიწას, მთავრობის დადაგენილებით განისაზღვრა, რომ ეს კოლეჯი და საცურაო აუზი შენდებოდა იმ ტერიტორიაზე, ეკონომიკის სამინისტრომ კი გაუცვალა ეს ტერიტორია კერძო მესაკუთრეს სხვა ნაკვეთში. კერძო მესაკუთრე არ ჩივის, რადგან გაუცვალეს. ეს უკვე ეკონომიკის სამინისტროს და ქალაქის მერიის საქმეა, მე მშენებლობა დამევალა. მე წავიკითხე ეს დასკვნა და იქ საუბარია, რომ თურმე დარღვევაა ის, რომ წლის დასაწყისში არ იყო განსაზღვრული აუზის თუ სასწავლებლის მშენებლობა, მე უარესს გეტყვით, დაახლოებით 60% იმისა, რასაც ვაშენებდით განსაზღვრული არ იყო. მაგალითად, როცა ქარიშხალი იყო კახეთში, ვერავინ ვერ განსაზრვრავდა 1 იანვარს", - აღნიშნავს ყოფილი მინისტრი.

რაც შეეხება, სასახელმწიფო აუდიტის მრავალგვერდიან ანგარიშში მოხვედრილ სტუდენტური დასაქმების პროგრამას, შაშკინის განმარტებით, ეს მისი მინისტრობის პერიოდს არ ეხება.

"მე 2012 წლის 4 ივლისს უკვე აღარ ვიყავი განათლების მინისტრი. მე არ გავურბივარ შეკითხვას, უბრალოდ ინფორმაცია არ მაქვს და ვერ გავცემ ამ ნაწილში პასუხს", - ამბობს დიმიტრი შაშკინი.

ბელა თაბუაშვილი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა