საქართველოში ფუტკრის გაქრობის ნიშნები შეიმჩნევა - როგორი იქნება სამყარო ფუტკრის გარეშე

საქართველოში ფუტკრის გაქრობის ნიშნები შეიმჩნევა - როგორი იქნება სამყარო ფუტკრის გარეშე

ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ არხზე უნიკალური მწერის - ფუტკრის გადაშენების საშიშროებაზე მიძღვნილი გადაცემა ვნახე. მოგვიანებით, ერთ-ერთ მაღაზიაში, სადაც მხოლოდ თაფლი იყიდებოდა, ერთი მეფუტკრის საუბარსაც შევესწარი, რომელიც დანანებით ლაპარაკობდა იმაზე, რომ გასულ ზაფხულს ძალიან გაჭირდა ფუტკრეების მიერ თაფლის მოპოვება. ეს ყველაფერი კი საკმარისი წინაპირობა აღმოჩნდა იმისთვის, რომ ამ საჭირბოროტო საკითხით მეც დავინტერესებულიყავი...

სანამ პრობლემაზე მოგახსენებდეთ, შეგახსენებთ, რომ ფუტკარი დედამიწის გაცილებით ადრეული ბინადარია, ვიდრე ადამიანი. მას, როგორც ბიოლოგიურ ინდივიდს, დედამიწის ისტორიაში გამოვლილი აქვს უამრავი კლიმატური თუ სხვა ცვლილებები. პალეონტოლოგთა აზრით, ფუტკრები დედამიწაზე 30 მლნ წლის წინ გაჩნდნენ, ადამიანებმა კი თაფლი ჯერ კიდევ ქვის ხანაში გასინჯეს. ესპანეთის ერთ-ერთი გამოქვაბულის კედელზე აღმოჩენილია ნახატი, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 7 ათასი წლის წინაა შექმნილი. მასზე გამოსახული ადამიანი ფუტკრის ბუდიდან თაფლს იღებს. თაფლის სამკურნალო თვისებები ჰიპოკრატემ შეისწავლა და აღწერა.

დაახლოებით 30 ათასი სახეობის ფუტკარი, ანტარქტიდის გარდა, ყველა კონტინენტზე ბინადრობს. ამ მწერის შესახებ უამრავი მითი და ლეგენდა არსებობს... შრომისმოყვარე ქართველი ხალხისთვის ფუტკარი ისეთივე გარჯის საგანი იყო, როგორც ვენახის მოვლა. ოდითგანვე ქართული ჯიშის ფუტკარი გამოირჩეოდა გამძლეობით.… ქართული ფუტკარი თავისი დადებითი თვისებებით მსოფლიოში აღიარებულ ფუტკრად მიიჩნევა და მისი შესწავლა გასულ საუკუნეებში დაიწყო. 1886 წლიდან საქართველოში საფუძველი ჩაეყარა ქართული ფუტკრის დედების გამოსაყვანი საჯიშეების ჩამოყალიბებას.

მეფუტკრე ღვთის საქმეს ემსახურება, რადგანაც ფუტკარი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საჭირო პროდუქტებს იძლევა, რომლებიც გამოიყენება საკვებად, სამკურნალოდ, საპროფილაქტიკოდ და დღეგრძელობისთვის საჭირო პროდუქტებია. ამასთან, ფუტკარი ერთ-ერთი ძირითადი, ჯვარედინად დამამტვერიანებელი მწერია, რომელიც დამტვერვის გზით, მოსავლიანობას (ხეხილის, ბაღჩეულის, ბოსტნეულის, საკვები კულტურების, მათ შორის, მეცხოველეობის საკვები კულტურების) ზრდის. იგი ეკოსისტემის ერთ-ერთი ძირითადი ბინადარია და ამ ეკოსისტემის მდგრადობისთვის აუცილებელი მწერი. ის ბუნებიდან რომ გამოირიცხოს, სამყაროს ბალანსის რღვევა დაიწყება, ანუ ყველაფერს წყლისმიერი, ქარისმიერი ეროზიები და ნიადაგების ჩამორეცხვები წალეკავს...

განაყოფიერება თუ დამტვერვის გზით არ მოხდა, თესლიც აღარ ჩავარდება ნიადაგში და ბუნებრივი საფარი გაღარიბდება, - საშიშროება თვითონ დედამიწიდან დაგვემუქრება. ამიტომ მეფუტკრე სამყაროსა და ეკოსისტემის მდგრადობას ემსახურება.

დამტვერვის გზით ხეხილის ბაღში მოსავლიანობა (ვაშლის, მსხლის, ქლიავის) 50-100 პროცენტამდე იზრდება, 200 პროცენტით კი - კიტრის, ხოლო სიმინდის - 100 პროცენტით.

ამერიკის შეერთებულ შტატებში თითქმის ყველა მეწარმე ფუტკარს, როგორც დამამტვერიანებელს, ისე იყენებს და ფუტკრის ერთ ოჯახზე 100 დოლარამდე იხდის. მაგალითად, ნუშის ბაღის მფლობელი ერთი კვირის გამავლობაში (ნუშის ბაღი ერთი კვირა ყვავის) 100 დოლარს უხიდის მეფუტკრეს, ოღონდ, ფუტკრის ოჯახი დამტვრვისთვის შეიყვანოს...

მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ადამიანმა ზოგადად შესწორებები შეიტანა ფუტკრის ცხოვრებაში და ამ მწერს ისე ამუშავებს და აცხოვრებს, როგორც მას მიაჩნია საჭიროდ. ამ ჩარევის შედეგი სავალალოა. ფუტკარი გადაშენების გზას ადგას.

- არსებობს თუ არა საფრთხე, რომ ფუტკარი გადაშენდეს?

მალხაზ მემარნიშვილი, საგარეჯოელი მეფუტკრე:

- დღეს მსოფლიოში ერთგვარი განგაშია იმის თაობაზე ატეხილი, რომ ფუტკარი შესაძლოა, დაიხოცოს და ზოგადად სამყაროდან გადაშენდეს. რა შემიძლია, ჩემი დაკვირვებით ვთქვა, მთელი ზაფხულის განმავლობაში მინდორში მიწევს ყოფნა, მევენახეც გახლავართ, ვენახსაც ვუვლი. ფუტკარი გასულ წელს მხოლოდ გაზაფხულზე ვნახე და მერე აღარც მინახავს.

- რატომ?

- ალბათ, იქ მისთვის ცუდი პირობებია და იმიტომ. ვენახი ხომ სისტემური პრეპარატებით იწამლება, შხამ-ქიმიკატებს კი ფუტკარი გაურბის. არადა, მინდორში, სადაც უამრავი ყვავილი, მაყვალი და რა ვიცი, რა მცენარე არ ხარობს, როგორ შეიძლება, იქ ფუტკარი არ იყოს?

- ეს მართლა ცუდის ნიშანია?

- კი, ფუტკარი თუ გაწყდა, დამტვერვა აღარ იქნება. ადრე მეცნიერები ვარაუდობდნენ, ფუტკარი 2026 წელს სამყაროდან გაქრებაო. იქამდე 15 წელი კია დარჩენილი და ამის ნიშნები, სამწუხაროდ, უკვე შეინიშება.

- ე.ი. მათზე შხამ-ქიმიკატების აქტიური გამოყენება მოქმედებს?

- დიახ. ამის გარდა, ამდენი მანქანა მოძრაობს და ამხელა გამონაბოლქვია. დაკვირვებული იქნებით, გზის პირას მცენარეები როგორი დაბინძურებული და დამტვერილია. ფუტკარი კიდევ ისეთი ფაქიზი და მგრძნობიარე მწერია, თუ არ მოეწონა, შეიძლება, დაჯდეს მცენარეზე, მაგრამ საკვები იქიდან არ აიღოს, არ გამოწოვოს. არადა, ბარში დიდია დაბინძურება (გამონაბოლქვი) და ამიტომაც გარბის მინდვრიდან და ზემოთ, მთაში ინაცვლებს.

- რა ტემპერატურას უძლებს ფუტკარი?

- 15 გრადუს ყინვაზე ყოფნა არ უჭირთ. ასეთი ყინვა კი ბარში იშვიათად არის. მახსოვს, შარშანწინ იყო 15 გრადუსი და ჩემთან ფუტკრის სუსტი ოჯახები დაიღუპა. ისინი ზამთარში გუნდს კრავენ და ერთმანეთს ისე ათბობენ. სკას შიგნიდან გამოლესავენ და ათბუნებენ ხოლმე, რომ შიგნით სიცივე არ შევიდეს. სკის კარსაც აპატარავებენ...

მთაში, ზამთარში, მოგეხსენებათ, ძლიერი ყინვა იცის და ფუტკარი სახლში შეჰყავთ. ისე, მთაში ყველაზე ხარისხიანი და ნატურალური თაფლია, რადგანაც ბუნება ეკოლოგიურად არ არის დაბინძურებული და ფუტკარიც მეტად დაცულია. ეკოლოგიურად დაცულ ტერიტორიაზე ცხადია, ნატურალური თაფლი მოიპოვება. მთაში ზაფხულში მეტი ტენია და ყვავილობაც მეტია. ასეთ დროს ფუტკრის ერთ ოჯახზე 40-50 კილო თაფლი მოდის, მე კი ბარში 15 კილოგრამს ვიღებ...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია