მე-5 სავარაუდო პასუხი - სიახლე აბიტურიენტებისთვის, რომელიც სწორი პასუხის ბრმად შემოხაზვის ალბათობას შეამცირებს

მე-5 სავარაუდო პასუხი - სიახლე აბიტურიენტებისთვის, რომელიც სწორი პასუხის ბრმად შემოხაზვის ალბათობას შეამცირებს

ზოგადი უნარების ვერბალური ნაწილის ზოგიერთ დავალებას მეხუთე სავარაუდო პასუხი დაემატება. გამოცდების ეროვნულ ცენტრში ამ ფაქტს აბიტურიენტის მიერ სწორი პასუხის ბრმად შემოხაზვის ალბათობის შემცირებით ხსნიან. კიდევ რა ცვლილებები იგეგმება 2014 წლის ეროვნული გამოცდებისთვის, ამ საკითხზე AMBEBI.GE-ს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი ესაუბრება.

მაია მიმინოშვილი: ზოგადი უნარების ბარიერი 20-დან 23 ქულამდე გაიზარდა. სხვა საგნებში ბარიერი არ გაზრდილა. ზოგად უნარებში ყველა დავალება არჩევით პასუხიანია. სხვა გამოცდებში კი ე.წ. ღია დავალებებია, სადაც აბიტურიენტმა პასუხი უნდა დაწეროს. ამას გარდა, არჩევითი საგნების ჩამონათვალს ხელოვნების გამოცდა ემატება. უცხო ენის გამოცდას კი მოსმენის ნაწილი დაემატება. შესაბამისად, საგამოცდო დროც გახანგრძლივდება. მოსმენის ნაწილი აუდიო ტექსტის მოსმენასა და მის გააზრებას გულისხმობს. აბიტურიენტებმა ტექსტის გარშემო დასმულ კითხვებს უნდა უპასუხონ. ამას გარდა, ყველა გამოცდაზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ნედლი ქულის ნაცვლად, გაიგივებული ქულით განისაზღვრება. სიახლე ეხება ყველა იმ გამოცდას, სადაც ტესტის რამდენიმე ვარიანტია გამოყენებული. მაგალითად ქართულ ენასა და ლიტარატურას, ინგლისურს, მათემატიკას და ა.შ. 24 ქულიანი ყველა აბიტურიენტი კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს, მაგრამ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების შანსი შეიძლება ჰქონდეს 23 ქულიანსაც. გაიგივება ხდება იმის გამო, რომ შესაძლოა ტესტის რომელიმე ვარიანტი ოდნავ უფრო რთული აღმოჩნდეს, ვიდრე სხვა ვარიანტები. თუ ასეთ ვარიანტში აბიტურიენტმა მიიღო 23 ქულა, შესაძლოა გაიგივების შემდეგ 23 ქულა გაიგივებულ იქნას 24 ან მეტ ქულასთან. აქედან გამომდინარე, 23 ქულიან აბიტურიენტსაც ექნება კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების შესაძლებლობა.

გამოცდების ეროვნულ ცენტრში გაიგივებულ ქულაზე გადასვლას იმ ფაქტორით ხსნიან, რომ საგამოცდო ვარიანტები ძალიან უმნიშვნელოდ, მაგრამ სირთულით ერთმანეთისგან მაინც განსხვავდება. ამიტომ ყველა საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ქულა არა ნედლი, არამედ გაიგივებული ქულით განისაზღვება. რაც შეეხება ზოგადი უნარების ვერბალური ნაწილის ზოგიერთი დავალებისთვის მეხუთე სავარაუდო პასუხის დამატებას, როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, მეხუთე სავარაუდო პასუხი შესაძლოა, ანალოგიის ტიპის დავალებებსა და ლოგიკას დაემატოს.

მაგალითად, როგორც ცენტრში განმარტავენ, ზოგად უნარებში შემთხვევით პასუხების ამოცნობის ალბათობა 21 ქულის პირებობეში 30 %-ია, 19 ქულის დაგროვების ალბათობა კი თითქმის 45%. რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი თითქმის ყოველ მეორეს შეუძლია სრულიად ბრმად გადალახოს. ცენტრის თანამშრომლებს შექმნილი ვითარებიდან თავის დასაღწევად ორი საშუალება ესახებათ. ერთი მათგანი მინიმალური კომპეტენციის ზღვარის აწევაა, რაც წელს მოხდება, შემთხვევით პასუხის ამოცნობისაგან თავის დაღწევის მეორე მეთოდად კი ზოგიერთი დავალებისათვის მეხუთე სავარაუდო პასუხის დამატებაა. მეხუთე სავარაუდო პასუხი ვერბალურ ნაწილში შესაძლოა ანალოგიის ტიპის დავალებებსა და ლოგიკას დაემატოს. ცენტრში ირწმუნებიან, რომ სავარაუდო პასუხები წინადადების შევსებასა და ტექსტებს არავითარ შემთხვევაში არ დაემატება.

როგორც AMBEBI.GE-ს გამოცდების ეროვნული ცენტრის ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელმა სოფო დოლიძემ განუცხადა, დიდი ალბათობით, დავალების შესრულების დრო არ გაიზრდება. მისი თქმით, ანალოგიის ტიპის დავალებები ტესტში 10-12-ია და შესაბამისად, ადამიანები ამ დავალებების შესრულებაზე 10-12 წამით მეტს დახარჯავენ. ლოგიკის დავალებების პასუხის წაკითხვას კი ცოტა დრო ჭირდება. რაც შეეხება წინადადების შევსებასა და წაკითხული ტექსტის გააზრებას, აღნიშნულ დავალებებს მეხუთე პასუხი არ დაემატა, რადგან ისინი გაცილებით უფრო გულდასმით მუშაობასა და მეტ დროს საჭიროებენ.

ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ვერბალური ნაწილის ზოგიერთი დავალებისთვის მეხუთე სავარაუდო პასუხის დამატებასთან დაკავშირებით, უმაღლესი სასწავლებლების პირველ კურსელებთან საცდელი ტესტირება ჩატარდა, ანალიზი ჯერ დასრულებული არ არის, თუმცა ერთი შეხედვით გამოჩნდა, რომ ისინი დავალებას თავს კარგად ართმევენ და არავითარი პრობლემა არ აქვთ. თუკი სტატისტიკური ანალიზი აჩვენებს, რომ მაჩვენებლები გაუარესდა და ახალგაზრდები დავალების კარგად შესრულებას ვერ ასწრებენ, საკითხი გადაიხედება. არ არის გამორიცხული, სავარაუდო პასუხი მხოლოდ ანალოგიას დაემატოს, თუმცა დიდი ალბათობით, სიახლე ლოგიკურ დავალებასაც შეეხება. როგორც ცენტრში აცხადებენ, ყოველივე ეს საჭიროა, რათა სწორი პასუხის ბრმად შემოხაზვის ალბათობა შემცირდეს.

სოფო დოლიძე: ეს არ იყო აქტუალური მაშინ, როდესაც უმაღლეს სასწავლებლებში კონკურსი იყო. ახლა ბევრ უმაღლეს სასწავლებელში თავისუფალი ადგილი რჩება, სტუდენტი შეიძლება გახდეს აბიტურიენტი, რომელსაც ტესტი არც კი წაუკითხავს და პასუხები ბრმად შემოხაზა. მეხუთე პასუხი დაბრკოლებას წარმოადგენს მათთვის, ვინც ბრმად ხაზავს პასუხებს და დავალებებს არც კი კითხულობენ. რეალურად უსამართლოა ასეთი ადამიანები კონკურსში დარჩნენ, რადგან ძალიან მაღალია ალბათობა იმისა, შემთხვევით პასუხების შემოხაზვით მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახონ.

AMBEBI.GE უცხოური ანალოგებითაც დაინტერესდა. ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ამარიკული, შვედური ტესტები 5 პასუხს შეიცავენ. მისივე თქმით, ყველაზე მიღებული პრაქტიკით, ნებისმიერ ტექსტში, სადაც არჩევითი პასუხი ან დავალებებია, ყველაზე მიღებული 5 არჩევანია.

მეხუთე სავარაუდო პასუხის დამატებასთან დაკავშირებით დეტალებზე საბოლოო გადაწყვეტილება იანვრის ბოლოს გახდება ცნობილი.

ანა მარშანია, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია