McDonald's-ი აფხაზეთში, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანაში შესვლის სურვილს გამოთქვამს. McDonald's-მა საკუთარ ვებგვერდზე აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყანად აღნიშნა და ამ "ქვეყნის" ბაზარზე შესვლის სურვილი გამოთქვა, რისთვისაც კონკურსი გამოაცხადა ადგილობრივი წარმომადგენელის მოსაძებნად.
საქართველოში McDonald's-ის მფლობელი თემურ ჭყონია აცხადებს, რომ აფხაზეთში McDonald's შესვლის სურვილის შესახებ განცხადება ხვალ საიტზე აღარ იდება.
როგორც თემურ ჭყონიამ განაცხადა, იგი უკვე ესაუბრა ამერიკაში კომპანიის იურისტს.
"მე ეხლა მაკდონალდში ამერიკაში დავრეკე და ველაპარაკე ჩვენს იურისტს, შეწუხდნენ ძალიან რომ არასწორად მოხდა ამის ინტერპრეტაცია და თქვეს, რომ ახლა გადასცემენ საიტის მენეჯერს და ამოღებული იქნება ეს ყველაფერი საიტიდან", - აცხადებს თემურ ჭყონია.
მისივე თქმით, მას McDonald's-თან აქვს უნიკალური ხელშეკრულება და მისი ნებართვის გარეშე საქართველოს ტერიტორიაზე McDonald'sის აშენება შეუძლებელია.
"მე მაქვს კომპანიასთა ყველაზე უნიკალური და სტაბილური განვითარების ხელშეკრულება. ჩემი ხელშეკრულება არის განვითარების ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე McDonald'sის განვითარება ჩემს გარეშე არ მოხდება. რომ არსებობდეს რუკა, სადაც აფხაზეთი დამოუკიდებელიც რომ იყოს, იქ მაინც მე უნდა ავაშენო McDonald's, ან ჩემი ნებართვით უნდა აშენდეს", - განაცხადა ბიზნესმენმა.
პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია "ჯეპრა"-ს უფროს კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი "ამბები.გეს"-თან საუბარში აცხადებს, რომ აღნიშნულის განსახორციელბლად McDonald's საქართველოს ხელისუფლებისგან თანხმობა სჭირდება. "ქართული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელი იქნება კონკრეტული ქმედებების განხორციელება, რადგან სხვა შემთხვევაში ამ კომპანიას ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნება საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. ეს შეიძლება არის პირველადი განაცხადი, მაგრამ ყველანაირი შეთანხმება უნდა მოხდეს საქართველოს ხელისუფლებასთან და ამის გარეშე ის აფხაზეთში ოპერირებას ვერ დაიწყებს", - აცხადებს გალუმაშვილი.
მისივე განმარტებით, ნებისმიერი ასეთი ტიპის განაცხადი, არის მხოლოდ და მხოლოდ სურვილი და არა რაიმე სერიოზული ოპერირების დაწყება.
"დე იურე აფხაზეთი არის საქართველოს შემადგენლობაში და ცივილიზებული სამყარო არ ცნობს რუსეთის ოკუპაციას და თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას, აქედან გამომდინარე აუცილებლად უნდა მიიღოს არა მარტო ხელისუფლებისგან თანხმობა, არამედ საქართველოში McDonald's წარმომადგენლისგან, ეს აუცილებელია, რადგან McDonald's მხოლოდ და მხოლოდ ისეთი ტიპის ფრანჩაიზინგებს გასცემს, რომელსაც ერთი წარმომადგენელი ყავს ქვეყანაში", - განაცხადა გალუმაშვილმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ McDonald's სურვილის შესახებ სამინისტრო საქმის კურსშია და ქართული მხარე მიიღებს სათანადო ზომებს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამ შესაძლო საქმიანობის არდაშვების მიზნით.
McDonald's-ის ოფიაციალურ ვებგვერდზე საერთაშორისო ფრანჩაიზინგის განყოფილებაში წერია, რომ ბოლო წლების განმავლობაში კომპანია აქტიურად მუშაობს ბაზრების დივერსიფიცირებაზე, რაც ძალიან კარგად მუშაობს როგორც მეწილეებისთვის, ისე დასაქმებულებისთვის. ამიტომ, კომპანია ეძებს ფრანჩაიზინგის შესაძლებლობებს ისეთი ბაზრებისთვის, სადაც ჯერ კიდევ არ არის წარმოდგენილი და მათ შორის, აფხაზეთისთვისაც. ამისთვის, კომპანია კონკურსს აცხადებს აფხაზეთში მოქმედი ბიზნეს სუბიექტებისთვის ან ინდივიდებისთვის, ვისაც შეეძლებათ სათანადოდ წარმოადგინონ ბრენდი აფხაზეთში. "ჩვენ განვიხილავთ ყველა კანდიდატურას და დავუკავშირდებით იმ ადამიანებს, ვინც ყველაზე კარგად აკმაყოფილებს მოთხოვნებს," - წერია განცხადებაში. მოთხოვნები კი, რომელსაც კომპანია აყენებს ასე გამოიყურება: ბაზარზე ბიზნესის წარმოების გამოცდილება, წარმატების ისტორია, საცალო ვაჭრობის გამოცდილება, უძრავი ქონების ბაზრის ცოდნა და მნიშნველოვანი კაპიტალი. აქვე განთავსებულია სააპლიკაციო ფორმა დაინტერესებული პირებისათვის. "დააკლიკეთ აქ, რათა გააკეთოთ განაცხადი აფხაზეთში ფრანჩაიზისათვის, ან აირჩიეთ სხვა ქვეყანა ქვემოთ მოცემულ ჩამონათვალში," - იუწყება McDonald's-ის ვებგვერდი.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ 2009 წელს აფხაზეთში საკუთარი მაღაზიის გახსნის სურვლი კომპანია "ბენეტონმაც" გამოთქვა, თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩარევით კომპანიამ ეს ვერ მოახერხა.
თეა ბითაძე, Ambebi.ge