პოლიტიკური კრიზისი და ქურდული სამყარო - არსებობს თუ არა ქვეყანაში კრიმინალების მომძლავრების წინაპირობა

პოლიტიკური კრიზისი და ქურდული სამყარო - არსებობს თუ არა ქვეყანაში კრიმინალების მომძლავრების წინაპირობა

ქურდული სამყაროს გააქტიურება ქვეყანაში არ შეინიშნება და მათ არც საამისო პირობები აქვთ შექმნილი - ამ დასკვნამდე მიდიან სპეციალისტები და ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში გავრცელებული მოსაზრება, თითქოს ქურდული სამყარო კვლავ ცდილობს წარსული გავლენისა და პრივილეგიების დაბრუნებას, საფუძველს მოკლებულია.

ამ თემის გააქტიურების მიზეზად კი საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ ხმალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ასახელებენ, სადაც მან ქურდული სამყაროს შესახებ არსებულ კანონზე ისაუბრა. ეჭვები იმის შესახებ, რომ ხელისუფლების ცვლილებას და მითუმეტეს მასობრივ ამნისტიას ქურდული სამყაროს მხრიდან გააქტიურება და გავლენის გაზრდის მცდელობა მოჰყვებოდა, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების მიერ გამოითქვა და ამას საზოგადოების ნაწილიც დაეთანხმა.

თუმცა სპეციალისტები, რომელთაც "რეზონანსი" ესაუბრა, ცალსახად აღნიშნავენ, რომ შიშის საფუძველი არ გვაქვს და რომ კრიმინალების მომძლავრების წინაპირობა ქვეყანაში არ არსებობს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ალექსანდრე კუხიანიძე ფიქრობს, რომ ამის შანსი მხოლოდ თეორიულ დონეზე არსებობს, რეალურად კი 2005-2006 წლებში განხორციელებულმა რეფორმებმა ე.წ. "კანონიერ ქურდებს" არსებობის საშუალება მოუსპო და რომ მდგომარეობა არც ხელისუფლების ცვლილების შემდგომ გაუარესებულა.

"ამ დროს პოლიცია, სამართალდამცავი სისტემა და კანონმდებლობა ძირეულად შეიცვალა. ფაქტობრივად, ეს ინსტიტუტი, როგორც სისტემა, ყველგან მოისპო. ის არც დღეს აღორძინებულა. თუ ქვეყანაში სიტუაცია პოლიტიკური კრიზისისკენ მიდის, ამას კრიმინალური სამყარო ყოველთვის გრძნობს და აქტიურდება. თუმცა, სამართალდამცავმა სისტემამ საკმაოდ სწრაფად მოახერხა სიტუაციის დარეგულირება, მოგეხსენებათ, საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობაც გაზრდილია. ვთვლი, რომ განგაშის ასატეხად არავითარი საფუძველი არ გვაქვს.

"არც წინა და მითუმეტეს არც დღევანდელ ხელისუფლებას ქურდული სამყაროს აღორძინება არ აწყობს. შესაძლოა, დღევანდელი მთავრობა ამ ყველაფრის მიმართ ნაკლებად მკაცრი იყოს, ვიდრე წინა მთავრობა, მაგრამ სერიოზული გარღვევა იმ გაგებით, რომ ქურდულმა სამყარომ ქვეყანაში კვლავ "პალაჟენია" დაამყაროს, არ არსებობს", - მიიჩნევს პროფესორი.

კუხიანიძე წარსულში ქურდული სამყაროს გავლენასაც იხსენებს და ამბობს, რომ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს მათ თითქმის ყველგან, ძალიან სერიოზული გავლენა ჰქონდათ. მაშინ ქურდულმა სამყარომ სამთავრობო სტრუქტურებშიც შეაღწია. ამის მიზეზად პროფესორი იმას მიიჩნევს, რომ პოლიციელებს სიმბოლური ხელფასები ჰქონდათ და უხელფასო პოლიციელი კი, მისი აზრით, ფაქტობრივად თავადაა ყაჩაღი, ვინაიდან როდესაც ისინი ქურდებსა და კრიმინალებს იჭერდნენ, ქრთამის აღების შედმგომ უშვებდნენ. შედეგად, ხალხი პოლიციას არ ენდობოდა.

კუხიანიძე იმ სფეროებსაც გვისახელებს, სადაც გავლენის მოპოვება ქურდული სამყაროსთვის მომგებიანია.

"ზოგადად, ორგანიზებული დანაშაულის წარმომადგენლები წარმატებით მოქმედებენ ისეთ სფეროებში, სადაც ფულის გათეთრება და ფინანსური მაქინაციების დამალვაა შესაძლებელი. ასეთი სფეროებია: მშენებლობა, სათამაშო ბიზნესი, კონტრაბანდა, ტურისტული ობიექტები და ა.შ. გარდა ამისა, ორგანიზებული დანაშაული, როგორც წესი დაკავებულია ნარკობიზნესით, ადამიანებით ვაჭრობით.

"რაც შეეხება ჩვენს ქურდულ სამყაროს, იმ ფორმით აღორძინება, რაც ადრე იყო, ამ ეტაპზე შეუძლებლად მიმაჩნია. პროცესი, როგორც წესი, კორუფციით იწყება. ორგანიზებული დანაშაულის აღორძინება მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც ქვეყანაში კორუფციაა. ჩვენთან კი კორუფციის დონე დაბალია. რაც შეეხება პოლიტიკურ კორუფციას, ის სააკაშვილის დროს, პრინციპში ყვაოდა. ახლა კი ამან უფრო ნეპოტიზმის ფორმა მიიღო", - აღნიშნავს ალექსანდრე კუხიანიძე.

ხმაურის ატეხვის მიზეზად ხმალაძის განცხადებას ასახელებს უფლებადამცველი, "პოლიტიკისა და სამართლის ცენტრის" ხელმძღვანელი ამირან გიგუაშვილი და დასძენს, რომ პრემიერმა მითქმა-მოთქმას წერტილი მთავრობის სხდომაზე დაუსვა.

"ეს თემა იმიტომ გააქტიურდა, რომ ცალკეულ უფლებადამცველებს გარკვეული ირიბი თუ პირდაპირი მინიშნებები აქვთ ამასთან დაკავშირებით, რომ სისხლის სამართლის კოდექსში კანონი ქურდული სამყაროს წევრობის შესახებ გადაიხედოს და ეს ხმალაძის განცხადებასაც დაემთხვა.

"ზოგადად, რაც სახელმწიფო არსებობს, მცდელობა ორგანიზებული დანაშაულის წევრთა მხრიდან გარკვეული მართვის სადავეების მოპოვებისა, მას მერე არსებობს. ისიც კარგად გვახსოვს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ "ნაციონალური მოძრაობისა" და მიხეილ სააკაშვილის პროპაგანდის ძირითადი აქცენტი იმაზე იყო გაკეთებული, თითქოს კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობდნენ.

"ქართველმა ხალხმა მაშინ ამ პროპაგანდას არ დაუჯერა და არსებულ სიტუაციას თუ შევაფასებთ, ვფიქრობ, არც შემცდარან, ვინაიდან მაშინდელმა შს მინისტრმა და, ამჟამინდელმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოახერხა ის, რომ მიუხედავად მასობრივი ამნისტიისა, როდესაც ციხიდან ათასობით პატიმარი გამოვიდა, ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება არსებითად არ შეცვლილა და სტატისტიკას თუ ვენდობით, დანაშაულის გახსნის მაჩვენებლები გაუმჯობესდა კიდეც", - აცხადებს ის და ამბობს, რომ არააქტუალურ თემებზე მსჯელობას ჯობია, მთავრობამ რეალურ პრობლემებს მიხედოს, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, წართმეული ქონების დაბრუნება, ეკონომიკის გაჯანსაღება, რუსეთის საოკუპაციო ჯარების აქტიურობა და ა.შ. ამ ფონზე, გიგუაშვილის აზრით, კანონიერი ქურდების თემის წამოწევა, მითუმეტეს, უმრავლესობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის მიერ, პოლიტიკურად წამგებიანია.

"რეზონანსთან" საუბრისას უფლებადამცველი ამბობს, რომ თუკი ქურდულ სამყაროს შანსი გაუჩნდება, ისინი კვლავ შეეცდებიან, კონტროლი დაამყარონ ყველგან - იქნება ეს პოლიტიკა, სამართალდამცავი ორგანოები, შოუ ბიზნესი, სპორტი და ა.შ. ანუ, შეეცდებიან მოიცვან ყველა ის სფერო, სადაც ან ფული იშოვება ან გარკვეული გავლენა არსებობს. თუმცა, გიგუაშვილი ღრმადაა დარწმუნებული, რომ დღევანდელი ხელისუფლება ქურდულ სამყაროს არ მისცემს იმის საშუალებას, რომ გავლენა კვლავ მოიპოვოს. ამბობს, რომ ამის ვერანაირ წინაპირობას ვერ ხედავს.

"ქურდული სამყაროს ინტერესები ძალიან ფართოა. ადრე, ფეხბურთიდან დაწყებული, ნაკრების შემადგენლობაში ვინ უნდა დამდგარიყო, პარლამენტით დამთავრებული, ყველაფერს ისინი აკონტროლებდნენ. 2003 წლის პარლამენტში ოფიციალურად, ყველასათვის ცნობილი, ქურდულ სამყაროსთან დაახლოებული და კრიმინალური წარსულის მქონე პირები გაიყვანეს დეპუტატებად. პარლამენტი ქურდული ლობით იყო დაკომპლექტებული და კიდევ კარგი, რომ ის პარლამენტი არ შედგა", - ამბობს ამირან გიგუაშვილი.

მოსაზრება იმის შესახებ, რომ ქურდული სამყარო ცდილობს, თავისი ძალმომრეობით პოზიციები აღიდგინოს, უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძის აზრით, შესაძლოა, საფუძველსმოკლებული არც იყოს, ვინაიდან, ის ფორმალურად კომუნისტური რეჟიმის დროს არსებული იდეოლოგიის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხს ეფუძნებოდა.

დღესდღეობით კი, მისი თქმით, როცა ქვეყანაში ეს რეჟიმი აღარ გვაქვს, ამას იდეოლოგიური საფუძვლები რეალურად გამოცლილი აქვს და ის ჩვეულებრივი კრიმინალია.

"ქურდული სამყაროს შექმნის სათავეებთან ის პოლიტიკური, ბოლშევიკური რეჟიმი იგულისხმება, რომელმაც პროცესების მართვისთვის ქურდული ინსტიტუტი შექმნა. ქურდული ინსტიტუტი სწორედ 1917 წლის რევოლუციის შედმგომ პერიოდში შეიქმნა და შემდგომში მან ტრანსფორმირება მოახდინა. ზოგადად, კრიმინალის ზრდა და კრიმინოგენული ვითარების გაუარესება ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებასთან პირდაპირ კავშირშია. ეს სრულიად რელევანტურია ამ მდგომარეობასთან.

"მაგრამ თუკი ესა თუ ის ადამიანი, ან ადამიანთა ჯგუფი ქურდული იდეოლოგიის მიმდევარია, ჩვენ მათი ტვინებიდან ამას მხოლოდ ციხეში ჯდომით ვერ ამოვრეცხავთ, მაგრამ ქმედების პრევენცია სახელმწიფოს უზენაესი დანიშნულებაა", - მიიჩნევს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

თაკო მათეშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა