თანამედროვეთა თვალით აღქმული ფიროსმანი - პრიმიტივიზმით გადმოცემული გენიალობა

თანამედროვეთა თვალით აღქმული ფიროსმანი - პრიმიტივიზმით გადმოცემული გენიალობა

"ჩემი ცხოვრება ჯვარცმაა, რასაც ვეწამები. სასტიკად ვიტანჯები ყველა მედუქნის, კინტოსა და სხვა ნაძირალის თვითნებობისგან. მე ვიცნობ ჩემი ქვეყნის ისტორიას, ვიცნობ რუსთაველს, ილიას, ვაჟას... მე მათ ჩემებურად ვხატავ. დაე, სხვებმა გაიცინონ ჩემს ნამუშევრებზე, მაგრამ მე ჩემი გზით მივდივარ..." - ეს სიტყვები 1915 წელს უკვე დაუძლურებულმა ფიროსმანმა ლადო გუდიაშვილს უთხრა. მაშინ, მხატვართა კავშირის თხოვნით, ლადომ ნიკო დიდუბეში, პატარა სახლის კიბის ქვეშ იპოვა - სურდა, მისთვის მცირედი თანხა გადაეცა. როგორც ჩანს, ფიროსმანს რიგი ადამიანების წინაშე თავის სიცოცხლეშიც უწევდა საკუთარი შემოქმედების შესახებ ახსნა-განმარტებების მიცემა...

2013 წელს ნიკო ფიროსმანის დაბა­დებიდან 150 წელი შესრულდა. როგორ აფასებენ მილიონებად ღირებულ, თუმცა, ამავე დროს, ქვეყნისთვის თავისი მნიშვნელობით შეუფასებელ საგანძურს ახალგაზრდა ქართველი ხელოვანები - სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს ფიროსმანის ნაწარმოებებისადმი მათი დამოკიდებულების შესახებ ვკითხეთ...

დიანა ტატევოსოვა, სამხატვრო აკადემიის სტუდენტი:

- პირადად ჩემთვის ფიროსმანი მეტად დასაფასებელი ქართველი მხატვარია. თავისებური, გამორჩეული, ექსკლუზიური ნამუშევრები აქვს. ვერ გეტყვით, რომ ფიროსმანი სწავლის პერიოდში ძირფესვიანად გავიარეთ, მაგრამ ზოგადად შევეხეთ მის შემოქმედებას, ვარჩევდით და ვაფასებდით ნახატებს.

ხვთისო ტურძილაძე, სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული:

- ბოლო დროს ფიროსმანის მიმართ უარყოფითი და გადამეტებულად შემფასებლური დამოკიდებულება გამოიკვეთა, ძირითადად, ჩვენი თაობის მხრიდან. ამ გენიალურ მხატვარს პრიმიტივიზმში "სდებენ ბრალს". ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ უბრალოდ, ვერ აღიქვამენ მის შემოქმედებას. არადა, სწორედ მის პრიმიტივიზმშია გენიალობა. აქვე დავამატებდი, რომ სწორედ თანამედროვე ხელოვნებაა ზოგადად, პრიმიტივიზმით გაჟღენთილი, იმ პრიმიტივიზმით, რომელსაც გენიალურთან არანაირი კავშირი არ აქვს...

გვანცა მაჭარაშვილი, სამხატვრო აკადემიის სტუდენტი:

- ფიროსმანი ერთ-ერთი გამორჩეული და უაღრესად საინტერესო მხატვარია. მას არა მხოლოდ მხატვრობაში, არამედ საკუთარი შემოქმედებით საქართველოს სახელის პოპულარიზაციაში მიუძღვის დიდი წვლილი. ის ხომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი მხატვარია! მოგეხსენებათ, თვითნასწავლი შემოქმედი იყო და ისეთი ხასიათი და ხელწერა ჰქონდა, რომელიც მსოფლიოში აღარ გამეორებულა.

ბექა ბუაძე, სამხატვრო აკადემიის სტუდენტი:

- ფიროსმანსა და მის შემოქმედებას ძალიან ვაფასებ, თუმცა გეტყვით იმას, რომ არა მხოლოდ როგორც მხატვარი, არამედ ჩემთვის ის საინტერესოა ასევე, როგორც პიროვნება, საკუთარი ცხოვრების წესითა და შეხედულებებით. მართალია, ზოგს მეტად მოსწონს მისი შემოქმედება, ზოგს - ნაკლებად, მაგრამ ეს მხოლოდ გემოვნების საკითხია...

მახო გეგია, სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული:

- იცით, ალბათ არაპოპულარულ რამეს ვიტყვი, მაგრამ მგონია, რომ ფიროსმანის ნახატები წინა თაობებისგან მომდევნო თაობებისათვის თავსმოხვეული "არაჩვეულებრივი ხელოვნება" უფროა, ვიდრე ჭეშმარიტად მაღალი ხელოვნება. მე პირადად, ვერ აღვიქვამ ფიროსმანის გენიალობას. თუმცა საკუთარი განუმეორებელი ადგილი მის შემოქმედებას ჩვენს ეროვნულ მემკვიდრეობაში ნამდვილად აქვს. სიმართლე გითხრათ, ამ ადამიანის პირადი ცხოვრება ჩემთვის ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე მისი ნამუშევრები.

თინა ბითაძე, ეროვნული მუზეუმის გალერეის ზედამხედველი:

- ფიროსმანის ნახატების გამოფენები მუზეუმში კონკრეტულ თარიღებთან დაკავშირებით ეწყობა. სხვა ქართველი მხატვრების ნამუშევრების სანახავად მოსულ დამთვალიერებელთა რაოდენობას თუ შევადარებთ, ფიროსმანის ნახატების სანახავად ყველაზე მეტი ხელოვნების დამფასებელი მოდის. ეს ის მხატვარია, რომლის ნამუშევრების ნახვაც აბსოლუტურად ყველა თაობის ადამიანს სურს. საბავშვო ბაღის ბავშვებიც ხშირად მოჰყავთ და თქვენ წარმოიდგინეთ, დიდი ინტერესით ათვალიერებენ... ფიროსმანის ნახატების სანახავად დამთვალიერებელი სხვადასხვა ქვეყნიდან მოდის, ყველაზე ხშირად კი - რუსეთიდან და უკრაინიდან. ამას წინათ, სპეციალურად ფიროსმანის გამოფენის სანახავად, უკრაინიდან ქალბატონი მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა, თუმცა, სამწუხაროდ, გამოფენას ვერ მოუსწრო. ძალიან გვთხოვა, როცა სურათებს გამოფენთ, აუცილებლად შემატყობინეთო.

- მისი ნახატების ასლებს ხშირად აკეთებენ?

- დიახ. სულ რამდენიმე დღის წინ დაამთავრა ერთმა ახალგაზრდა მხატვარმა ფიროსმანის სურათის ასლის დახატვა. ნახატების გასატანად ეროვნულ მუზეუმს ხშირად მიმართავენ სხვა ქვეყნების მუზეუმები და ისინი სხვადასხვა გამოფენაზე გააქვთ.

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია