დაითხოვენ თუ არა მარტში თბილისის მერიასა და საკრებულოს

დაითხოვენ თუ არა მარტში თბილისის მერიასა და საკრებულოს

თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აცხადებენ, რომ საკრებულოს უმრავლესობას პოლიტიკური დაკვეთა აქვს მიღებული, თბილისის ბიუჯეტის პროექტი 3-ჯერ ზედიზედ ჩააგდოს და დედაქალაქში ფედერალური მმართაველობა შექმნას. საკრებულოს უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ "ნაციონალური" მერია საბოტაჟს აწყობს და დეტალურად გაწერილ ბიუჯეტს ითხოვს.

როგორც "რეზონანსთან" საუბრისას ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის - განახლებული თბილისის" თავმჯდომარე თამაზ შოშიაშვილი ამბობს, მისი ინფორმაციით, საკრებულოს დათხოვნისა და ფედერალური მმართველობის შემოღებაზე უმრავლესობაში მსჯელობა მიმდინარეობდა.

"საკრებულოს თავმჯდომარეს, ირაკლი შიხიაშვილს დედაქალაქის მერიაში ხელისუფლების უზურპაცია და ძალაუფლების ხელში ჩაგდება სურს... შესაძლოა, გათვლაა, რომ შიხიაშვილს სერიოზული ფუნქცია დააკისრონ, მაგრამ საქმე აქამდე არ უნდა მივიდეს. თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩენილ რამდენიმე თვეში საკრებულოს დათხოვნა, ეს სახელისუფლებო კრიზისია და ქვეყნის იმიჯს და დედაქალაქს სერიოზულ პრობლემას შეუქმნის", - აცხადებს შოშიაშვილი.

ცნობისათვის, თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის მოცულობა 785 მილიონ ლარს შეადგენს და ამ ბიუჯეტის განხილვა საკრებულოში ერთხელ უკვე ჩავარდა. კანონის მიხედვით კი, ბიუჯეტის პროექტის სამჯერ ჩავარდნის შემთხვევაში ფედერალური მმართველობა უნდა შეიქმნას, რაც საკრებულოს და მერის დათხოვნას და მთავრობის წარმომადგენლის დანიშვნას გულისხმობს.

როგორც გუშინ თბილისის საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა რეფორმატორების" თავმჯდომარე თემურ გრიგალაშვილმა განაცხადა, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი და უმრავლესობა არ აპირებს დაამტკიცოს 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი. გრიგალაშვილის განცხადებით, ბიუჯეტის სამი თვის განმავლობაში ზედიზედ სამჯერ ჩავარდნის შემთხვევაში, კანონის თანახმად, მოხდება საკრებულოს დაშლა და ფედერალური მმართველობის დამყარება.

პრესკონფერენციის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ ბიუჯეტის პროექტზე კონსულტაციას უმცირესობის წევრები საკრებულოში ხვალიდან დაიწყებენ, პერიოდულად შეხვდებიან მერიის თანამშრომლებს და პროექტის საკითხებზე მათთან ერთად იმსჯელებენ.

საკრებულოს უმცირესობის წევრების განცხადებას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია გამოეხმაურა. ჯაბა სამუშია თბილისის მერიას საკრებულოში ჩაშლილი ბიუჯეტის პროექტის წარმოდგენას სთხოვს.

სამუშიამ ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ გააცნო საკრებულოს მიერ მომზადებული წერილი, რომელიც მერიის მოვალეობის შემსრულებელს, სევდია უგრეხელიძეს გადაეგზავნა.

"მივმართეთ ქალბატონ სევდიას, 2014 წლის ბიუჯეტისათვის გაწერილი პროექტები ჩაშლილი სახით წარმოადგინონ საკრებულოში. ვიმსჯელოთ, სად რა თანხა იხარჯება და რა პრიორიტეტები დევს აღნიშნულ დოკუმენტში. აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, სად მიდის თითოეული თეთრი. ჩვენ აღარ დავუშვებთ, რომ თბილისელების ბიუჯეტი მერიამ "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული ინტერესებისთვის გახარჯოს", - აღნიშნავს სამუშია.

ჯაბა სამუშია: "ბიუჯეტის მიღება ნიშნავს, რომ ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ. არ მინდა გაუმჭვირვალე ბიუჯეტზე პასუხისმგებლობის აღება. მე რომ მქონდეს ბერკეტი, ბიუჯეტის მიღების შემდეგ ქალაქის მთავრობას და გამგებლებს ვაკონტროლებდე, მაშინ ბიუჯეტს მივიღებდი, მაგრამ სხვა ბერკეტი არ მაქვს, ამიტომ მის დამტკიცებას უარს ვეუბნები. მერიის შესაბამის კომიტეტებში შესაბამისმა სამსახურებმა წარმოადგინონ თითოეული თეთრის მიმართულება და ამის შემდეგ ქალაქის საკრებულო ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს. დღეს მე ბუნდოვანი ციფრები და ბიუჯეტი მაქვს, ისევ იმ ძველი მეთოდით. სამუშაო ვარიანტები წარმომიდგინონ, რომ ეს მილიონები კონკრეტულად რას უნდა მოხმარდეს. არ მინდა, უბინაოდ დარჩენილი სოციალურად დაუცველებისათვის 300 ათასი იყოს გამოყოფილი და თბილისის ანძის განათებისათვის ნახევარი მილიონი. ეს არაადეკვატურია. მოსახლეობა დაზარალდება იმ შემთხვევაში, თუ თბილისის მთავრობის წარმომდაგენლები იმ გაუმჭვირვალე ბიუჯეტის პროექტის შემოტანას გააგრძელებენ. ბიუჯეტის ჩავარდნის შემთხვევაში არანაირი პროექტების შეჩერებას საფრთხე არ ემუქრება...

"გასულ წლებში რომ თვითნებურად ხარჯავდნენ თბილისის ბიუჯეტს, დღეს ამას პროკურატურა იძიებს და ახლა სიტყვაზე რატომ უნდა ვენდო?! თუკი მერია კომპრომისზე არ წამოვა, ეს საბოტაჟია. ქალაქის მერიას არ უნდა ბიუჯეტი იყოს მიღებული და ის ცდილობს ვა-ბანკზე წავიდეს".

მისი თქმით, გასულ წელს იმ პირობებში, რა პირობებიც არის ქალაქში შექმნილი, დეკემბრის ჩათვლით, თითქმის 100 მილიონი გაუხარჯავი თანხა იყო დარჩენილი, აქიდან 50 მილიონი წლის მიწურულს გადანაწილდა, 50 მილიონი კი ნაშთად დარჩა. 740-მილიონიან ბიუჯეტში 100 მილიონი გაუხარჯავი თანხა იყო და ამიტომ არის შეკითხვები.

სამუშიას განცხადებით, თუკი საბოტაჟი გაგრძელდა, კანონით არსებობს ნორმა, რომ ფედერალური მმართველობა შემოვიდეს, მაგრამ ეს უპირველესად საკრებულოს ლიკვიდაციას ნიშნავს და მათ ხელს არ აძლევს, მაგრამ იქვე დასძენს, რომ ისინი უამრავ შავხვრელიან ბიუჯეტზე პასუხისმგებლობას არ აიღებენ.

"თუ თბილისის მთავრობის მხრიდან ადეკვატური ნაბიჯები არ გადაიდგმება, მერიას ამ ხისტი დამოკიდებულების გამო ბიუჯეტს ვერ დავუმტკიცებთ. კონსულტაციებისთვის მზად ვართ. გვითხრან, სად რა თანხა უნდა დაიხარჯოს. მერიას მოვუწოდეთ, საბოტაჟზე ნუ წავლენ. მათი ჩანაფიქრია, რომ ფედერალური მმართველობა შემოვიდეს. ამას მთელი რიგი პროცედურები სჭირდება და ასე ადვილად არ ხდება. პარლამენტი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმის მაგივრად, რომ ნორმალური ბიუჯეტი გააკეთონ და სევდია უგრეხელიძე ეპისტოლეებით არ გვესაუბროს, გვესაუბრებიან ფედერალური მმართველობის შემოღებაზე. ამაზე არავინ არ იფიქროს, ჩვენ ნორმალური ბიუჯეტი გვინდა", - დასძენს სამუშია.

სამუშიას პასუხად თამაზ შოშიაშვილი ამბობს, რომ ბრალდება, თითქოს ბიუჯეტი გაუმჭვირვალეა, დაუსაბუთებელია. ირწმუნება, რომ ბიუჯეტი კოდექსის შესაბამისად არის გაწერილი.

"თითოეულ საკითხზე დეტალური ინფორმაციის მიღება მათ განხილვების დროს შეეძლოთ, მაგრამ დეტალური განხილვები კომისიებზე არ შემდგარა და ამის შემდეგ საკრებულოში გარკვეული სპექტაკლი დადგეს, ვითომ 6 საათი იხილავდნენ ბიუჯეტს. განაცხადეს, რომ მერიას ბიუჯეტი მათ მიერ დაყენებული 14 საკითხის გამო უნდა შეეცვალა. მათგან 10 საკითხი უკვე გათვალისწინებულია, დარჩენილი 4 კი ისეთია, რომელსაც მერია ვერ გაითვალისწინებდა, რადგან ნაწილი თვითმმართვლეობას არ ეხებოდა, ნაწილი კი გასათვალისწინებელი არ იყო. უმრავლესობამ ბიუჯეტი ჩააგდო, ამის შემდეგ ქალაქის მერიასთან არანაირი კონსულტაცია არ მიმდინარეობს და არც მომავალში აპირებენ. 785-მილიონიანი ბიუჯეტი უნდა დამტკიცდეს და ამ დროს ბატონი შიხიაშვილი ორკვირიანი მივლინებით წავიდა ჯერ ჩინეთში, შემდეგ აშშ-ში მიემგზავრება. მხოლოდ ისტორიკოს ჯაბა სამუშიას კომენტარები ისმის, რომელიც ბიუჯეტის მუხლებთან დაკავშირებით აბსურდებს იძახის. ჩემთვის გასაკვირი არ არის, რომ ისტორიკოსი ფინანსებში ვერ ერკვევა, მაგრამ ამის გამო იმის თქმა, რომ ბიუჯეტი გაუმჭვირვალეა, აბსურდია", - ამბობს შოშიაშვილი და დასძენს, რომ ბიუჯეტის ჩაგდება ეს პოლიტიკური დაკვეთაა.

თამაზ შოშიაშვილი: "რეალურად ბიუჯეტის დამტკიცების ვადა 11 მარტამდეა და "ქართული ოცნების" წევრებმა ამის განხილვა უნდა დაიწყონ. შესაძლოა, დედაქალაქს პრობლემა შეექმნას, სამუშია კი გამოდის და შეცდომაში შეჰყავს თანამოქალაქეები, რომ არანაირი პრობლემა არ შეიქმნებაო. თუ თვის ბოლომდე ბიუჯეტი არ დამტკიცდება, შესაძლოა, სოციალური მიმართულებით პრობლემები შეიქმნას. მერია არჩევანის წინაშეა, რომელი სოციალური პროგრამა შეაჩეროს. კომუნალურ ვაუჩერებს, ტრანსპორტის შეღავათებს, უფასო სასადილოებს ერთად ვერ დააფინანსებს, ამათგან რომელიმე მსხვილი პროგრამა უნდა ამოაგდოს.

"ვიცით, რომ ისინი მსჯელობენ ფედერალური მმართველობის შემოღების ფორმაზე და ზუსტად ვერ გეტყვით, რას წყვეტს ეს დარჩენილი ორი თვე. ადგილობრივ არჩევნებამდე საკრებულოს დათხოვნა სახელისუფლებო კრიზისს ნიშნავს და "ნაციონალურ მოძრაობას" ამის სურვილი არ აქვს. იმედი მაქვს, უმრავლესობასაც ასეთივე საღი დამოკიდებულება აქვს და ბიუჯეტს მხარს დაუჭერენ".

ეკა ბასილაია

გაზეთი ”რეზონანსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა