იუსტიციის სამინისტროში ვერ აკონკრეტებენ, არის თუ არა მედიაში დღეს გავრცელებული დოკუმენტი რეალურად პატარკაციშვილის ოჯახსა და წინა ხელისუფლებას შორის გაფორმებული მემორანდუმი, რომელსაც გრიფი საიდუმლო ადევს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, მარიამ სხილაძემ განუცხადა, დოკუმენტი დაცულია იუსტიციის სამინისტროში და მისი გასაჯაროების საშუალება არავის აქვს.
"ჩვენ არ ვიცით, მედიაში გავრცელებული დოკუმენტი არის თუ არა ის საიდუმლო მემორანდუმი, რომელიც დაცულია იუსტიციის სამინისტროში. მთავრობის შესაბამის გადაწყვეტილებამდე ამ დოკუმენტის გასაჯაროება კანონდარღვევაა", - განაცხადა მარიამ სხილაძემ.
რამდენიმე მედიასაშუალებამ დღეს გაავრცელა დოკუმენტი, რომელიც ამ მედიასაშუალებების ინფორმაციით, პატარკაციშვილის ოჯახსა და წინა ხელისუფლებას შორის "იმედის" თემაზე გაფორმებულ მემორანდუმს წარმოადგენს.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ქართული და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პატარკაციშვილების ოჯახსა და წინა ხელისუფლებას შორის ტელეკომპანია "იმედთან" დაკავშირებით გაფორმებული მემორანდუმი რამდენიმე დღეში გასაჯაროვდება.
მისივე განმარტებით, მემორანდუმის გასაჯაროება თავად ოჯახს სურს, რისი მომართვის საფუძველზეც იუსტიციის მინისტრი საკითხს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაიტანს.