ქართველი "ქალი-კატას" გულახდილი ინტერვიუ

ქართველი "ქალი-კატას" გულახდილი ინტერვიუ

მომხიბვლელი ნატალია დიასამიძის ცეკვას ალბათ, გულგრილი არავინ დაუტოვებია: მაყურებლის გულების დასაპყრობად გამოსული "ქალი-კატა" პროექტ "ნიჭიერიდან" დაგამახსოვრდებოდათ, თუმცა ბათუმელ გოგონას მხატვრულ ტანვარჯიშსა და სპორტულ ცეკვაშიც აქვს მიღწევები. ტრავმისა და დიდი სტრესის მიუხედავად, მიზანდასახული ნატალია საყვარელ საქმეს აკეთებს. ესპანური ცეკვა ძალიან უყვარს, განსაკუთრებულად - "პასადობლი", რომლის შესრულებასაც "ნიჭიერის" ფინალში აპირებდა. სამწუხაროდ, მიზანს ვერ მიაღწია.

- სკოლაში 5 წლისა შევედი. ბავშვობიდან ელასტიკური ვიყავი. ფიზკულტურის პირველსავე გაკვეთილზე მასწავლებელი გაგიჟდა, - ვაიმე, ბავშვი ასეთი ელასტიკური როგორ არისო?! იმ პერიოდში ჩემმა ძმებმა საზღვაო აკადემიაში ჩააბარეს. ჩვენი ოჯახი მატერიალურად რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. ძმებს სამგზავრო ფულიც კი არ ჰქონდათ, რომ აკადემიამდე მისულიყვნენ და შესაბამისად, ოჯახის წევრებს ჩემთვის არ ეცალათ. ამასობაში, გავიზარდე. ჩემი ტანი უფრო და უფრო მეტად ელასტიკური ხდებოდა. ფიზკულტურის მასწავლებლის - ტარიელ კილაძის დამსახურებაა, რომ ჩემი სახელი "არენაზე" ოდნავ მაინც გამოჩნდა. დედაჩემს ყოველდღე ეუბნებოდა, - ბავშვს ისეთი ნიჭი აქვს, რომ აუცილებლად, სპორტზე უნდა მიიყვანოო. როგორც იქნა, დედამ ტანვარჯიშზე მიმიყვანა. გოგონების (რომლებიც 2-3 წელი ვარჯიშობდნენ) პროგრამას 2-3 თვეში დავეწიე. როცა აჭარის ტურნირები ტარდებოდა, ფორმის შესაკერად თანხა არ მქონდა. სკოლის დირექტორი მასპონსორებდა - თვეში 10-20 ლარს მაძლევდა, რომ სპორტზე სიარული გამეგრძელებინა... მინდა, ბავშვებს მოვუწოდო: ყველაზე რთული პერიოდის მიუხედავად, არ დანებდეთ და საყვარელი საქმის კეთება განაგრძეთ. გინდა? ე.ი. იქნება! დაიწყე? ნუ მიატოვებ! - ეს კარგად უნდა დაიმახსოვრონ, თუ უნდათ, რომ ცხოვ­რებაში რაღაცას მიაღწიონ... "ნიჭიერამდე" თითქმის 3 წელი, სცენაზე არ ვმდგარვარ და ეს ყველაფერი ძალიან მომენატრა. ვფიქრობდი: რა გავაკეთო, რომ სცენაზე ავიდე-მეთქი? "ნიჭიერის" შესარჩევი ტურის შესახებ ინფორმაცია რომ მოვისმინე, თბილისში ჩამოვედი. კასტინგმა კარგად ჩაიარა, მერე კი თქვენც კარგად იცით, რა და როგორ მოხდა.

- 3 წელი სცენაზე რატომ არ გასულხარ?

- თავდაპირველად ტანვარჯიშზე დავდიოდი, წავიქეცი და ტრავმა მივიღე, რის გამოც, ჩემი დატვირთვა აღარ შეიძლებოდა. მერე უკვე ცეკვისას, ტრავმამ "გამიმეორა". ექიმმა მითხრა, - ცეკვას თუ განაგრძობ, შესაძლოა, ინვალიდის ეტლში აღმოჩნდეო. დიდი სტრესი მივიღე, რადგან ვეღარ ვიცეკვებდი, ვეღარ ვივარჯიშებდი. თუმცა, ღვთის წყალობით, ფეხზე ისევ დავდექი - რადიკულიტის ქამრით საქმეს დავუბრუნდი. ვცეკვავდი და პარტნიორი არ მყავდა. ისე მოხდა, რომ სპორტული ცეკვა აღარ განვაგრძე... ჩემს ცხოვრებაში ცვლილებაა: ზაზა ხალვაში ფილმში მიღებს - მსახიობური ნიჭიც აღმომაჩნდა, მაგრამ სცენა და ცეკვა ჩემთვის მაინც ყველაფერია! მინდოდა, ის მეგრძნო, რასაც წინათ, სცენაზე ცეკვისას ვგრძნობდი. ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო ხალხის აპლოდისმენტებია და "ნიჭიერში" მონაწილეობა ამიტომაც გადავწყვიტე.

- იმ ფილმის შესახებ გვიამბე, რომელშიც მონაწილეობ...

- ფილმს "სოლომონი" ჰქვია. მასში მოთხრობილი ამბავი რეალურია. ერთ-ერთი ბოშა, მეამბოხე გოგონას როლს ვასრულებ. გადაღება ჯერ არ დამთავრებულა. ჩემი მსახიობობის ამბავი ასე დაიწყო: სპექტაკლები ძალიან მიყვარს. ერთ-ერთი სპექტაკლის სანახავად ბათუმის დრამატულ თეატრში მივედი და კართან ატუზული ვიდექი. ამ დროს თეატრის მაშინდელი დირექტორი - ზაზა ხალვაში გამოვიდა. ჩემი თვალები ძალიან მოეწონა, თავისი სავიზიტო ბარათი მომცა და ორშაბათისთვის დამიბარა. რა თქმა უნდა, გამიხარდა. როცა მივედი, გაირკვა, რომ მსახიობი ვეგონე. ავუხსენი, - ჩვეულებრივი მოცეკვავე ვარ, არანაირი სამსახიობო გამოცდილება არ მაქვს-მეთქი. - ვსინჯოთ, რისი გაკეთება შეგიძლიაო, - მიპასუხა და ერთ მშვენიერ დღეს გადაღებაზე წავედით. ყველაფერი ისე მარტივად გამომივიდა, რომ თავადაც გამიკვირდა. საერთოდ, კამერის წინ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ხშირად კამერები ჩემი მეგობრები მგონია (იცინის). სცე­ნა, ხალხი და კამერები - ეს ყველაფერი ბედნიერებაა!

- "ნიჭიერის" პირველ ტურში "ქალი-კატას" იმიჯი რატომ მოირგე?

- ფილმი - "ქალი-კატა" ძალიან მომეწონა და გადავწყვიტე, როლი სცენაზე მომერგო. შემდეგ ამაზე მუშაობა დავიწყე და კატური თვისებებიც აღმომაჩნდა, რამაც მაყურებლებსა და რაც მთავარია, ჟიურიზე დადებითად იმოქმედა.

- კომფორტისა და თავისუფლების მოყვარე ხარ?

- არა, ასეც ვერ ვიტყვი. უბრალოდ, კატის თვისებები მიმიკაში მაქვს (იცინის). სცენაზე კარგად თამაში შემიძლია ანუ იმწუთას მართლა "კატა" ვიყავი, მაგრამ ცხოვრებაში ასეთი არ ვარ.

- "ცელქი ფისუნია" მეორე ტურში უცებ "დაქალდა"...

- პირველ ტურში მაქსიმალურად შევეცადე, მაყურებლების სიმპათია დამემსახურებინა. მინდოდა, ხალხის გულები დამეპყრო. მითხრეს კიდეც: სანადიროდ გამოსული ხარო... მეორე ტურში ის ვიყავი, ვინც სინამდვილეში ვარ. სცენაზე ცელქიც გახლავართ, გიჟიც, გადარეულიც. ხშირად ვიღაცისთვის თვალიც ჩამიკრავს. როცა სცენაზე ვარ, ყველა მაყურებელი ჩემია, ყველა უნდა "ავითვისო", ყველასთან აუცილებლად თვალებით უნდა მივიდე, რათა ნებისმიერმა იგრძნოს, რომ მისთვის ვცეკვავ. როცა მაყურებელი ნასიამოვნები რჩება, მეც ენერგიით ვივსები.

- ნიკა გვარამიას ვაჟი აქტიურად გგულშემატკივრობდა. პირადად თუ გაიცანი?

- ვიცი, რომ თბილისში ჭორები დადის, თითქოს ჩვენ შორის რაღაც ხდება. არადა, ამ ადამიანს არ ვიცნობ. გულშემატკივრობისათვის ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. ჩემთვის ყველაზე დიდი პატივისცემა აპლოდისმენტებია. იმ წუთებში უბედნიერესი ვიყავი.

- ყველაფრის მიუხედავად, ფინალს მიღმა დარჩი.

- იმ ორშაბათს, როცა "ნიჭიერის" სცენაზე გავედი, მთელ აჭარაში ელექტროენერგია გაითიშა. ყველაფერი გაჩერდა: აპარატები, ბანკები... ანგა­რიშზე თანხა დედაჩემსაც კი არ ჰქონდა, რომ ჩემთვის თუნდაც 1 ხმა გამოეგზავნა. ეს ამბავი გენერალურ რეპეტიციაზე შევიტყვე. მართალია, კონცერტს ბევრი მეგობარი ესწრებოდა, მაგრამ როცა ოჯახის წევრები გიყურებენ, სულ სხვა სტიმულია. მოვიწყინე. ყველა მეკითხებოდა: - ნატა, რა გჭირს? შენ ასეთი არ იყავი, ყოველთვის "სახით", "მანერაში" ცეკვავ, რა დაგემართაო? წინასწარ ვიცოდი, რომ აჭარას ელექტროენერგია თუ არ ექნებოდა, ფინალში ვერ გავიდოდი. მოკლედ, სცენაზე გასვლის ბოლო წამამდე ცუდ ხასიათზე ვიყავი, მაგრამ აი, როცა სცენაზე გავედი, თითქოს ყველაფერი განათდა.

- სცენაზე ძალიან ეფექტური, სექსუალური იყავი. რეალურად, როგორი ხარ? როგორია შენი ხასიათი, ჩაცმის სტილი?

- ჩემი ჩაცმის სტილი მრავალფეროვანია. ხანდახან კლასიკურ სამოსს სპორტულს ვუხამებ. ჩემი გარდერობი "არეულია" - როდის რას ჩავიცვამ, თავადაც არ ვიცი. თითქმის ყოველთვის, მაკიაჟით დავდივარ და მოწესრიგებული ვარ. ხასიათს რაც შეეხება, მშვიდი გახლავართ, გადაწყვეტილებას უცებ არ ვიღებ. მოღალატე არც ერთ საკითხში არ ვარ. პასუხისმგებლობის გრძნობა განვითარებული მაქვს.

- ყოველდღიურ ცხოვრებაში ყურადღების ცენტრში ყოფნა მოგწონს?

- ალბათ - კი. ზოგს ჰგონია, რომ "ნიჭიერის" მერე ხალხი "თავს მესხმის". ბათუმში მანამდეც მიცნობდნენ, რადგან დიდი ხანია, სპორტთან მაქვს შეხება და ბევრგან ვმუშაობდი: ჩემი პატარა ჯგუფი მყავდა, საქართველოს უნივერსიტეტში (ბათუმში) ვასწავლიდი საგანს "ცეკვა, როგორც სპორტი და ხელოვნება". ამჟამად, აერობიკის ინსტრუქტორი ვარ. ჩემი საქმე ძალიან მომწონს, რადგან ქალებს ვეხმარები იმაში, რომ ისინი უფრო მეტად ლამაზები, მოხდენილები, სექსუალურები იყვნენ.

- ქალებს ძირითადად, ვარჯიშით სხეულის რომელი ნაწილების კორექცია სურთ?

- ძირითადად - მუცლის, ასევე - ფეხების (შიდა კუნთების ვარჯიშები და ა.შ.). ზოგს არც ჭარბი წონა აწუხებს და არც - მუცელი, მაგრამ იმისთვის ვარჯიშობს, რომ უფრო მეტად მოხდენილი იყოს. სხეულის გამკვრივება, გაახალგაზრდავება, გაჯანსაღება ყველას სჭირდება.

- ნატალია, ოდესმე შეყვარებული ყოფილხარ?

- კი, ვყოფილვარ, მაგრამ ჩვენი რომანი ძალიან ცუდად დასრულდა - მიღალატეს... ამჟამად თავისუფალი ვარ. ჩემს პირად ცხოვრებაში განსაკუთრებული არაფერი ხდება. რაღაც სიმპათიები არსებობს, მაგრამ არ ვიცი, როგორ დასრულდება. რაღაც-რაღაცები საწყის ეტაპზეა და ხმამაღალ განცხადებას ვერ გავაკეთებ.

- შეყვარებულობის პერიოდში იცვლები?

- კი, ვიცვლები: ძალიან დამთმობი ვხდები. როცა მიყვარს, აღარ ვიცი, საყვარელი ადამიანი რითი ვასიამოვნო. ჰოდა, ალბათ ჩემში ეს არ მოსწონთ. პრეტენზიული საერთოდ არ ვარ.

- შენს ყურადღებას როგორი ბიჭები იქცევენ?

- მთავარია, ყურადღებიანი იყოს. შეიძლება, ხასიათმა ჩემზე ისე დადებითად იმოქმედოს, რომ მისი გარეგნობა "გადახაზოს". საერთოდ კი სპორტსმენი, ნავარჯიშები ბიჭები მომწონს. ხელოვნებასთან თუ აქვთ შეხება, მაშინ საერთოდ - მიპყრობენ!

- ბიჭები როგორ ცდილობენ შენი ყურადღების მიქცევას?

- ძირითადად - "ფეისბუკით". არ მინდა, ჩემ შესახებ ვინმემ იფიქროს, - "ნიჭიერში" გამოჩენა თავში აუვარდაო, მაგრამ ყველა წერილზე პასუხის გაცემას ფიზიკურად ვერ მოვახერხებ, საამისოდ თავისუფალი დროც არ მაქვს. ასე რომ, მათ თქვენი ჟურნალის მეშვეობით ვეტყვი - მაპატიეთ! ამჟამად ბათუმში არცთუ ისე ბევრი თაყვანისმცემელი მყავს, თბილისში მეტნი არიან. ისე, ჩემით ხელოვანი ადამიანები ხშირად ინტერესდებიან: მხატვრები, მოქანდაკეები, რეჟისორები, ფოტოგრაფები.

- შენი ოჯახის შესახებ რას გვეტყვი?

- მშობლები და 2 უფროსი ძმა მყავს. ძმები მეზღვაურები არიან. დედა გეოგრაფიის მასწავლებელია, მამა - ამჟამად უმუშევარი გახლავთ. კიდევ, მყავს 3 ძმისშვილი; ერთ-ერთი ახლახან შეგვეძინა... მოკლედ, ტკბილად ვცხოვრობთ.

- "ნიჭიერში" მონაწილეობისას ძმები როგორ გგულშემატკივრობდნენ?

- ჩემგან ამდენს არ ელოდნენ... უმცროსი ძმა ძალიან რელიგიურია და არ უნდოდა, მეცეკვა, მაგრამ პირველ ტურში ჩემი გამოსვლა რომ ნახა, მერე თავადაც მოინდომა, დამხმარებოდა... ცეკვისადმი ჩემი სიყვარული ძმებსაც გადავდე (იცინის).

- სცენაზე გამოჩენას კვლავ აპირებ?

- ეს ჩემი სურვილი და ოცნებაა. ყველაფერს ასე მარტივად განვსაზღვრავ: ცეკვა არის მოძრაობა, მოძრაობა - ცხოვრება, ჩემი ცხოვრება ეს მოძრაობა ანუ ცეკვაა და ამას თავს ვერ დავანებებ!

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია