დავით კეზერაშვილის ფრანგი ადვოკატები თავდაცვის ყოფილი მინისტრის სამართლებრივ დევნას უარყოფენ

დავით კეზერაშვილის ფრანგი ადვოკატები თავდაცვის ყოფილი მინისტრის სამართლებრივ დევნას უარყოფენ

დავით კეზერაშვილის ფრანგი ადვოკატები საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის სამართლებრივ დევნას უარყოფენ.

როგორც ფრანგი ადვოკატები განცხადებაში აღნიშნავენ, დავით კეზერაშვილის საფრანგეთში დაკავების მიზეზი მხოლოდ მისი ექსტრადიციის შესახებ ქართული მხარის მოთხოვნაა.

"მზარდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს ბოლო დღეების და კვირების განმავლობაში ცილისმწამებლურ ბრალდებებს ჩვენი კლიენტის მიმართ და საფრანგეთიდან ექსტრადიციის პროცედურის განვითარებასთან დაკავშირებით დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელებას. თავს მოვალედ მივიჩნევთ, გაცნობოთ, რომ დავით კეზერაშვილის საფრანგეთში დაკავების მიზეზი მხოლოდ ქართული მხარის მოთხოვნაა მისი ექსტრადიციის შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობამ ფრანგულ მხარეს გაუგზავნა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არანაირი გამოძიება, მით უმეტეს დევნა იარაღით ვაჭრობის აბსურდულ ბრალდებასთან დაკავშირებით კეზერაშვილის წინააღმდეგ საფრანგეთში არ მიმდინარეობს. ეს ინფორმაცია არის ცილისწამება და იოლად ექვემდებარება გადამოწმებას საფრანგეთის შესაბამის ორგანოებთან. ჩვენ არაერთი სენსიტიური საქმე გვიწარმოებია, როგორც ფრანგი, ისე უცხოელი თანამდებობის პირებისა და საჯარო პერსონების დასაცავად, მაგრამ უნდა გამოვტყდეთ, რომ გაოგნებული ვართ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კეზერაშვილის საქმეში გამოვლენილი უპრეცედენტო პოლიტიკური ზეწოლით, რომელიც დავით კეზერაშვილის ექსტრადირებაზე საფრანგეთის სასამართლოს და ხელისუფლების დათანხმებას ისახავს მიზნად. გამუდმებული ზეწოლა კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ჩვენი კლიენტისადმი წარდგენილი ბრალი და ექსტრადიციის მოთხოვნა პოლიტიკურად მოტივირებულია. სამართლიანი სასამართლოს ფრანგული სტანდარტის უგულებელყოფის ნათელი დადასტურებაა ის ფაქტიც, რომ ქართულ მედიაში გაჟონა სამუშაო დოკუმენტმა, რომელიც ჩვენი მოთხოვნით მომზადდა და რომლის საბოლოო ვერსია ჩვენ წარვუდგინეთ სასამართლოს. ეს დოკუმენტი სწორედ იმას ამტკიცებს, რომ დავით კეზერაშვილი სუფთა და კანონიერ ბიზნესს აწარმოებდა გასული წლების განმავლობაში და აქარწყლებს იმ ბრალდებას, თითქოს ის კორუფციული სქემების მეშვეობით გამდიდრდა", - ნათქვამია კეზერაშვილის ფრანგი ადვოკატების განცხადებაში, რომელიც "რუსთავი 2"-მა გაავრცელა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ