ხალხში პანიკაა, ლარის შეჩერება ვერ ხერხდება! - მაღაზიებში ფასების შესაძლო გაძვირებაზე საუბრობენ

ხალხში პანიკაა, ლარის შეჩერება ვერ ხერხდება! - მაღაზიებში ფასების შესაძლო გაძვირებაზე საუბრობენ

ლარის კატასტროფული ვარდნა გრძელდება. გუშინ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულმა ლარის კურსმა მოსახლეობა პანიკაში ჩააგდო. ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში კი დოლარი 1,77-1,78 ლარად იყიდება. ეკონომისტების გათვლებით, ლარის "გაუფასურების რეზერვი" კიდევ არსებობს და ამ პროცესის ერთ-ერთი მიზანი ბიუჯეტში შემოსავლების მობილიზებაა.

ეროვნული ვალუტის კურსის დაცემა მოსახლეობაში დაძაბულობასა და შიშს აჩენს. არასტაბილურობის განცდა და პანიკა ინფლაციაზე დამატებით მოქმედებს.

"ლარის მიმართ ნდობა ეცემა. ეროვნულ ბანკს საორიენტაციოდ ნიშნული აუცილებლად ექნება, თუ რა დიაპაზონის ფარგლებში იმერყევებს ლარი და ამის შესახებ მოსახლეობას უნდა აუხსნას", - ამბობს აკადემიკოსი ავთო სილაგაძე, რომლის აზრითაც ეროვნულ ბანკს აქვს იმის რეზერვი, რომ კურსის ვარდნა დროულად შეაჩეროს, მაგრამ თუკი დააგვიანებს, პროცესის სამართავად უფრო მეტი დოლარი დასჭირდება.

"გუდვილში", "კარფურსა" და "ნიკორაში" პროდუქციის შესაძლო გაძვირებაზე საუბრობენ, შედარებით პატარა სუპერმარკეტების ქსელში კი პროდუქტის გაძვირება უკვე დაწყებულია.

ექსპერტის, სოსო არჩვაძის განცხადებით, ეროვნული ვალუტის კურსის დაცემა მოსახლეობაში დაძაბულობასა და შიშს აჩენს. შესაბამისად, არასტაბილურობის განცდა ინფლაციაზე უფრო მეტ გავლენას ახდენს, ვიდრე რეალური ეკონომიკური მდგომარეობა. ამიტომ, ექსპერტს მიაჩნია, რომ როგორც ეროვნულმა ბანკმა, ისე მთავრობის წევრებმა მოსახლეობას აღნიშნულ პროცესებზე უფრო მეტი განმარტება უნდა მისცეს.

"ამ ეტაპზე, მთავრობის პირველი ამოცანაა, რომ "ეკონომიკური ნევროზი" მოხსნას და ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე უფრო მეტი განმარტება გააკეთოს", - ამბობს არჩვაძე.

ექსპერტის განმარტებით, ლარის კურსის დაცემა ერთ-ერთი საშუალებაა საბიუჯეტო შემოსავლების ფორმირებისთვის. ხაზგასასმელია, რომ სხვა ეკონომისტების აზრითაც, ლარის გაუფასურება ბიუჯეტის შემოსავლების მობილიზებასაც ემსახურება. სხვათა შორის, "რეზონანსი" ამის შესახებ ნოემბრის დასაწყისში წერდა, როცა კურსის დაცემის პირველი ნიშნები გამოჩნდა, თუმცა მაშინ ეს არგუმენტი რატომღაც სარწმუნოდ არავინ მიიჩნია. თითქმის 3 თვის გასვლის შემდეგ კი დასტურდება, რომ "რეზონანსის" მოსაზრება სწორი აღმოჩნდა და ლარის ვარდნა ბიუჯეტში შემოსავლების ზრდას უკავშირდება.

აკადემიკოსი ავთო სილაგაძე ეროვნული ბანკისგან მოითხოვს, რომ მოსახლეობას განუმარტოს, კურსი დაახლოებით რა დიაპაზონის ფარგლებში იმერყევებს, რათა შიშის ფაქტორი მოიხსნას და ამ მიზეზით სამომხმარებლო ფასებზე ზეწოლა შემცირდეს.

"არ ვიტყოდი, რომ ლარის კურსი დოლართან მიმართებაში კრიტიკულ ზღვარზეა, მაგრამ არასასიამოვნოა, როდესაც დოლარის ღირებულება 1,77 ლარს აჭარბებს. გარკვეულწილად ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობა ეცემა. ეროვნულ ბანკს საორიენტაციოდ ნიშნული აუცილებლად ექნება თუ რა დიაპაზონის ფარგლებში იმერყევებს ლარი და ამის შესახებ მოსახლეობას უნდა აუხსნას", - ამბობს ავთო სილაგაძე. ეროვნულ ბანკს აქვს იმის რეზერვი, რომ ლარის კურსის ვარდნა დროულად შეაჩეროს, მაგრამ თუკი დააგვიანებს, პროცესის სამართავად უფრო მეტი დოლარი დასიჭრდება და შემდეგ მოუწევს ახსნა-განმარტების გაკეთება, რატომ არ გამოიყენა დროულად რეზერვი.

"ეროვნულ ბანკს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ჩააქროს მცოცავი კურსის უარყოფითი ტენდენცია. თუ ამას დროულად არ გააკეთებს, შემდეგში რეზერვებიდან უფრო მეტი თანხის დახარჯვა მოუწევს და უკვე ეს იქნება გაუმართლებელი ნაბიჯი. ცოტა ხნის წინ, ფინანსთა მინისტრმა დამაჯერებლად განაცხადა, რომ ეს ტენდენცია აღარ გაგრძელდებოდა, თუმცა ლარი დოლართან მიმართებაში მას შემდეგ უფრო მეტად დაეცა. ეს პროცესი ავნებს ქვეყანაში ინვესტირებასაც რომ აღარაფერი ვთქვათ, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის გაუარესებაზე", - ამბობს ავთო სილაგაძე.

"კომერსანტგე"-ს ინფორმაციით, "გუდვილსა" და "კარფურში" პროდუქციის შესაძლო გაძვირებაზე საუბრობენ, შედარებით პატარა სუპერმარკეტების ქსელებში კი პროდუქტის გაძვირება უკვე დაწყებულია.

"კარფურში" აცხადებენ, რომ ლარის გაუფასურებამ, შესაძლოა, გავლენა კარფურში არსებული პროდუქციის ღირებულებაზეც მოახდინოს. "კარფურის" გენერალური დირექტორის, ჟან ლუი კლერის განცხადებით, "კარფურის" გუნდი მუშაობს, რათა თავიდან აიცილოს ის გავლენა, რომელიც, შესაძლოა, ფასების მატების კუთხით მომწოდებლების მხრიდან წამოვიდეს.

ფასების გაზრდას არ გამორიცხავენ კომპანია "გუდვილშიც". მათი განცხადებით, იმპორტიორებს პროდუქციის 5-10%-ით გაძვირების სურვილი უკვე აქვთ, თუმცა "გუდვილი" მაქსიმალურად ცდილობს ფასების შენარჩუნებას და ლარის გაუფასურება მათთან წარმოდგენილი პროდუქტების ფასებზე ჯერჯერობით არ ასახულა.

"ლარის კურსის ვარდნა კომპანიების საქმიანობაზე უარყოფითად აისახება", - ასე შეაფასეს ხორცპროდუქტების მწარმოებელ კომპანია "ნიკორაში" ეროვნული ვალუტის პერმანენტული გაუფასურება.

"სხვა ქართული კვების პროდუქტების კომპანიების მსგავსად, "ნიკორა" წარმოებისთვის იმპორტირებულ ნედლეულს იყენებს. უცხოელი პარტნიორებისგან ნედლეულის შეძენა კი, რა თქმა უნდა, უცხოურ ვუალუტაში ხდება. შესაბამისად, კომპანიას ადგილზე მაღალი კურსით უწევს აღნიშნული ვალუტის შეძენა, რაც მუდმივი პროცესია და, საბოლოოდ, კომპანიის მუშაობაზე არასახარბიელოდ აისახება", - აცხადებენ "ნიკორაში".

კომპანიაში იმასაც აღნიშნავენ, რომ ლარის გაუფასურება ბანკების წინაშე აღებული ვალდებულებების დაფარვის წნეხს კიდევ უფრო გააძლიერებს, რადგან კრედიტის მომსახურებაც უცხოურ ვალუტაში ხორციელდება.

ასევე დაგაინტერესებთ: თითქმის ყველა სახეობის რძის ნაწარმი გაძვირდა - ლარის კატასტროფული ვარდნის შედეგი

მაკა ხარაზიშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია