რა ქონება შეიძინა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და რისთვის დაასაჩუქრეს "ნაციონალებმა"

რა ქონება შეიძინა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და რისთვის დაასაჩუქრეს "ნაციონალებმა"

რა ქონება შეიძინა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა და რისთვის დაასაჩუქრეს ის უხვად "ნაციონალებმა"? ვისზე გადააფორმა ქონება და რატომ არ საუბრობს აქტიურად "ნაციონალების" დანაშაულებზე"?

"ალიას" ესაუბრება იურისტი ირაკლი ღლონტი:

- პირად საუბარში მითხარით, რომ სახელმწიფო ქონების მითვისების ფაქტები გამომჟღავნდა, მაგრამ აქედან ბევრიც მიიჩქმალა, რადგან ზოგიერთი მიმთვისებელი ამ ხელისუფლებაშიც გრძნობს თავს კომფორტულად და ძილის დაფრთხობა არ სურს, ამიტომ ჩუმადაა. რას გულისხმობთ კონკრეტულად?

- დიახ, სახელმწიფო ქონება არის ხალხის ქონება, ჩვენი საზოგადოების საკუთრება და აქედან გამომდინარე ვცდილობთ თვალყური ვადევნოთ ამ ქონების მოვლა-პატრონობისა და განკარგვის პროცესს. პრივატიზების პროცესი საკმაოდ რთული და მნიშვნელოვანია, თუმცა მას ხელისუფლებისგან და საზოგადოებისგან აქტიური მონიტორინგი სჭირდება, იქ ბევრი ხარვეზი და პრობლემაა.

- რა ხარვეზებია?

- დიდი პრობლემაა, როცა სამსახური ქონებას ყოველგვარი გათვლების გარეშე მოცემული დროის მიხედვით განკარგავს და არ ფიქრობს იმაზე, რა შედეგი მოჰყვება მის პრივატიზებას, ან რა ზარალი ადგება ბიუჯეტსა და სახელმწიფოს მარკეტინგული ანალიზის გარეშე განკარგვისას. სახელმწიფო ქონების პრივატიზება მეტად მნიშვნელოვანი პროცესია, ვიდრე ჩვეულებრივი ყიდვა-გაყიდვის პროცესი, აქ საუბარია ხალხის ქონებაზე, აქ საუბარია იმ ზარალზე, რომელიც შეიძლება მივიღოთ ზოგიერთი უპასუხისმგებლო, ნაკლებად კომპეტენტური ან კორუმპირებული საჯარო მოსამსახურის დაუდევრობის, ან განზრახ ბრალეულობის გამო. ხშირ შემთხვევაში საქმე გვაქვს კორუმპირებულ-კლანური წარმოშობის სისტემის მონაწილეებთან.

მოქმედი კანონმდებლობით, სახელმწიფო ქონების განკარგვა ხორციელდება და ხორციელდებოდა "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, სადაც გათვალისწინებულია სახელმწიფო ქონების განკარგვის 2 საინტერესო ფორმა, ერთი, ეს გახლავთ ინტერნეტ-აუქციონი, ხოლო მეორე არის პირდაპირი განკარგვის წესი, როცა გადაწყვეტილებას ქონების განკარგვაზე იღებს ქონების განმკარგველი ორგანო ხელისუფლების პირველი პირის თანხმობით.

ცნობილია, რომ არაერთი ქონება არის განკარგული ექსპრეზიდენტის ხელმოწერით, მათ შორის სიმბოლურ ფასად - 1 ლარადაც კი. მაგალითად მინდა მოვიყვანო თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის #60-ში მდებარე 2579 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე 3754,15 კვ.მ. შენობა-ნაგებობა (საკადასტრო კოდი: 01.14.11.003.025). ეს ქონება 20112 წლის 2 მარტს "საწარმოთა მართვის სააგენტოს" #1-3/184 ბრძანების საფუძველზე აღირიცხა სახელმწიფო საწარმოს შპს "სახელმწიფო მომსახურების ბიუროს" საკუთრებაში, რომლისგანაც ის განიკარგა და 4 მარტს აღირიცხა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საწარმო "ეკრანის" საკუთრებაში, 3 აგვისტოს კი ის იპოთეკით დაიტვირთა ბანკ "ქართუში". დაახლოებით 4 თვეში, 28 დეკემბერს ქონება იძულებითი აღსრულების წესით მოექცა ისევ სახელმწიფო საკუთრებაში.

- ბატონო ირაკლი, იქნებ ეს ჩვეულებრივი პროცესია და საქმე არ გვაქვს კორუფციასთან? საპირისპიროდ რა არგუმენტები გაქვთ?

- დავასრულებ ამ პროცესის აღწერას, მინდა მკითხველმა ადვილად გამოიტანოს აზრი და საზოგადოებისთვის მიმინდვია შემდგომი შეფასების გაკეთება. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, 2012 წლის 3 თებერვალს ეს მრავალმილიონიანი სახელმწიფო ქონება სიმბოლურ ფასად შეიძინა შპს "კოლოსი-XXI"-მა, ნასყიდობის ხელშეკრულებით კი გათვალისწინებული იყო ვალდებულებების შესრულების პირობა, ანუ ქონება განიკარგა ვალდებულებებით. კერძოდ, უნდა განხორციელებულიყო ინვესტიციები. ქონება განიკარგა სიმბოლურ ფასად, თუ არ მეშლება, ეს იყო 1 ლარი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ ქონებით დაინტერესებული გახლდათ დღეს დედაქალაქისთვის კარგად ნაცნობი "პოლიტიკური" ფიგურა, "ნაციონალური მოძრაობიდან" "ქართულ ოცნებაში" პორტირებული საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შიხიაშვილი და მისი მეგობრები.

- ანუ, ამბობთ, რომ მრავალმილიონიანი სახელმწიფო ქონება სიმბოლურ ფასად შიხიაშვილმა კორუფციული გზით შეიძინა? ეს ძალიან საინტერესო სიახლეა. გაქვთ ამის დამადასტურებელი დოკუმენტები?

- ეს ჩემთვის ცნობილი გახდა რამდენიმე თვის წინ, მაქსიმალურად ვეცადე, გამერკვია, რასთან გვქონდა საქმე და მივედი იქამდე, რომ ეს მრავალმილიონიანი ქონება ექსპრეზიდენტის ხელმოწერით, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს სიმბოლურ ფასად გადაეცა ადამიანს, რომელსაც საკუთრებაში საცხოვრებელი სახლიც კი არ გააჩნია და რამდენადაც ვფლობ ინფორმაციას, ის ცხოვრობს მოსკოვის გამზირზე ქირით. რა დამსახურების გამო, ან რა ინვესტიციების განხორციელების მოლოდინი ჰქონდა მაშინდელ ხელისუუფლებას იმ ადამიანისგან, რომელიც აბსოლუტურად უცნობია სამეწარმეო სფეროში და მისი ერთადერთი "პრივილეგია" ის გახლავთ, რომ ირაკლი შიხიაშვილის მეგობარია და ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, გარკვეული დროის მანძილზე ის ასრულებდა პირადი მძღოლის ფუნქციას?

- მისი "ოცნებაში" გადაბარგებაც შეიძლება ამ ქონების შენარჩუნება იყო...

- შიხიაშვილი არის კაცი, რომელიც მზად არის, უარი თქვას საკუთარ პრინციპებზე და საკუთარი კეთილდღეობის სანაცვლოდ საკუთარ თავთან წავიდეს კომპრომისზე, მე ვერ გეტყვით, რა პასუხს გასცემს ის ამ ამბების გახმაურებას, მაგრამ ჩვენ, საზოგადოებამ კარგად ვნახეთ მისი და მისი ძველი "ნაციონალი" მეგობრების, ასევე ახალი, "ნაციონალებიდან" "ოცნებაში" პორტირებული თანაგუნდელების, თევდორაძის, ქავთარაძის, ხაჩირაშვილის, "შონზოს" და სხვების საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობა, ჩვენ კარგად ვნახეთ კარვების იმედად მყოფ დედაქალაქში საკრებულოს ბიუჯეტის ხარჯზე 8800-ლარით დაფინანსებული "თბილისობის" სუფრა რესტორან "წისქვილში" და "ჯეკ დანიელსებში" დახარჯული დედაქალაქელების ფული, რომელსაც დაჟინებით მიმართლებდა ერთ-ერთ სატელევიზიო დებატში ზაზა გაბუნია. ისინი არაფრით არ ჩამოუვარდებიან დედაქალაქის მერს, რომელსაც ვედავებით ჩვენი საკუთარი ფულის გაფლანგვას.

რა თქმა უნდა, შესაძლებელია გარიგებული იყოს შიხიაშვილი მოქმედ ხელისუფლებასთან, რომ ამ ქონების შენარჩუნების სანაცვლოდ მზად არის ემსახუროს მათ ინტერესებს და დაუპირისპირდეს ძველ თანაგუნდელებს, რომელთა ხელშეწყობითაც იგი მრავალმილიონიანი ქონების მესაკუთრედ იქცა.

მინდა "ალიას" საშუალებით მივმართო შიხიაშვილს და ვუთხრა, რომ საზოგადოება არ არის ბრიყვი და მოგვბეზრდა თვალში ნაცრის შეყრა, რომელსაც მოურიდებლად აგრძელებს ახალი ხელისუფლებაც, ყველამ კარგად იცის ყველაფერი და დემოკრატიულად, რამდენიმე თვეში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენ გავაკეთებთ ღირსეულ არჩევანს, ღირსეული მომავლისთვის, სადაც აღარ იქნებიან შიხიაშვილის, თევდორაძისა და მათი თანაგუნდელების მსგავსი უპრინციპო პოლიტიკოსები.

ბატონი შიხაიშვილის გარდა, მე მინდა მივმართო "ნაციონალური მოძრაობის" იმ ლიდერებს, ვინც ხელს უწყობდა მსგავს ავისმომასწავებელი ინიციატივების განხორციელებას, რომ თითოეული საქმე თავის დროზე იქნება შესწავლილი და საზოგადოება მაქსიმალურად იქნება ინფორმირებული. თუ ამას ამჟამად მოქმედი ხელისუფლება ვერ აკეთებს, არსებობენ. ადამიანები, რომლებიც ხვალ-ზეგ ჩვენთან ერთად გადაიბარებენ სახელისუფლებო ორგანოების მენეჯმენტს და დაიწყებენ ნანატრი "სამართლიანობის აღდგენას," იქ ვიქნები მეც ჩემს მეგობრებთან ერთად და ვიზრუნებ თითოეული ფაქტის გასაჯაროებასა და კანონიერების დაცვაზე.

ვინაიდან შიხიაშვილი ჩინეთში იმყოფება ვიზიტით, "ალიამ" საქმის კურსში ჩააყენა საკრებულოს პრესსამსახური და სთხოვა, შიხიაშვილის ან მისი მძღოლის კომენტარების მოპოვებაში დაგვხმარებოდნენ. გვიპასუხეს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მძღოლი გელა დევაძე შიხიაშვილის შემდეგ გადაწყვეტენ, უპასუხონ თუ არა ბრალდებებს.

ჟანა ასანიძე

გაზეთი "ალია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა