თითქმის ყველა სახეობის რძის ნაწარმი გაძვირდა - ლარის კატასტროფული ვარდნის შედეგი

თითქმის ყველა სახეობის რძის ნაწარმი გაძვირდა - ლარის კატასტროფული ვარდნის შედეგი

თბილისის სუპერმარკეტების ნაწილში რძის ნაწარმზე ფასმა თვალსა და ხელს შუა მოიმატა. "სოფლის ნობათი", რომელიც მაღაზიებში 2,80 ლარამდე ღირდა, 3,35 ლარამდე გაძვირდა. გაძვირდა "სანტეს" თითქმის ყველა დასახელების პროდუქტიც.

"სანტე ჯიემთი პროდუქტებში" საფასო ცვლილებას ნედლეულის გაძვირებას უკავშირებენ და აცხადებენ, რომ ხაჭოს გარდა, რძის პროდუქტებზე ფასი 2 პროცენტით გაიზარდა. სავაჭრო ობიექტები კი 10-პროცენტიან მატებაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ფასების ზრდას ჯერჯერობით არ მოუხდენია გავლენა ამ პროდუქტების რეალიზაციაზე.

"არსებული ფასი ჯერჯრეობით ხაჭოზე შენარჩუნდა, ხოლო დანარჩენი ნაწარმის გაძვირება უკიდურესი აუცილებლობის გამო გახდა აუცილებელი. მოგეხსენებათ, პროდუქტს უმაღლესი ხარისხის ნედლეულისგან ვამზადებთ, მისი გაძვირება ჩვენი ნაწარმის ფასზეც აისახა.

არსებითი გაძვირება არ ყოფილა, "სანტეს" პროდუქტებზე (ხაჭოს გარდა) ფასმა მხოლოდ 2 პროცენტით მოიმატა. გაგრძელდება თუ არა გაძვირება, პროგნოზი ჯერჯერობით რთულია. მაქსიმალურად შევეცდებით მომხმარებლების მდგომარეობის გათვალისწინებას და ფასებს მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გავზრდით", - აცხადებს "ჯიემთი პროდუქტების" დირექტორის მოადგილე ერეკლე გამყრელიძე.

დიდი მცდელობის მიუხედავად, რძის პროდუქტების მწარმოებელ დანარჩენ კომპანიებთან დაკავშირება გაგვიჭირდა. ამიტომ შევეცადეთ, რძის ნაწარმის გაძვირებისას და მისი ღირებულების შესახებ ინფორმაცია სავაჭრო ობიექტებში გადაგვემოწმებინა.

როგორც აღმოჩნდა, რძის პროდუქტები "ნიკორას" ქსელში ჯერჯრეობით არ გაძვირებულა. იგი პროდუქტს კომპანია "ჩვენი ფერმერის" სავაჭრო ნიშნით აწარმოებს.

ამ ეტაპზე "ჩვენი ფერმერის" 1 ქილა მაწვნის ფასი "ნიკორას" ქსელში 1,30 ლარია, 1 ქილა 400 გრამი მოცულობის არაჟანი 2,30 ლარი ღირს, ხოლო 1 კგ ასაწონი არაჟნის ღირებულება 4,7 ლარს შეადგენს. ნაღების კარაქის (200 გრ.) ფასი 3,30 ლარია, ხოლო ამავე მოცულობის ხაჭოს ფასი 2 ლარს შეადგენს.

კომპანიაში მოსალოდნელ საფასო ცვლილებებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ.

თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში მდებარე სუპერმარკეტის ადმინისტრატორის ინფორმაციით, რძის ნაწარმი დაახლოებით 10 პროცენტამდე გაძვირდა. მისივე თქმით, რძის გარდა, ცვლილება თითქმის ყველა დასახელების პროდუქტს შეეხო.

"ბოლო რამდენიმე დღეა, რძის ნაწარმი დაახლოებით 10 პროცენტით გაძვირდა. არსებულ ფასს ინარჩუნებს "შირაქის ეკოპროდუქტები" და რამდენიმე სხვაც, თუმცა არ არის გამორიცხული, რამდენიმე დღეში მათაც გააძვირონ. სამწუხაროდ, ცვლილება მხოლოდ რძის პროდუქტებით არ მთავრდება. ამ ეტაპზე სარეალიზაციო პროდუქტების უმეტესობა გაძვირებულია. ლარის კურსის ვარდნამ ამ მხრივ სერიოზული ცვლილება გამოიწვია და არ გამოვრიცხავთ, ტენდენცია ახლო მომავალშიც გაგრძელდეს", - აცხადებს სუპერმარკეტის თანამშრომელი.

ქარხნული ნაწარმის გაძვირების საპირისპიროდ, სოფლის რძის ნაწარმის ფასი დაბლა იწევს. 1 კგ იმერული ყველი 10 ლარიდან 8 ლარამდე გაიაფდა, ხოლო ამავე მოცულობის სულუგუნის ფასი 13 ლარამდე შემცირდა, რაც სავარაუდოდ, სეზონური ცვლილებითაა გამოწვეული.

წლის ამ პერიოდში რძის პროდუქტების ფასი ტრადიციულად დაბლა იწყებს დაცემას. ჯერჯერობით არსებულ ფასს ინარჩუნებს სოფლის რძე და ამ ეტაპზეც 2 ლარი ღირს.

სავაჭრო სექტორის წარმომადგენელთა თქმით, გაძვირების მიუხედავად, რძის ნაწარმის რეალიზაცია, ფაქტობრივად, არ შემცირებულა.

სკანდალური კვლევების მიუხედავად, მოსახლეობაში ისევ პოპულარული რჩება ქართული წარმოების რძე და რძის პროდუქტები. სავაჭრო ქსელ "ვაუში" უამრავი დასახელების პროდუქციაა წარმოდგენილი. განსაკუთრებით კარგად იყიდება "სოფლის ნობათი", "სანტე", "ეკოფუდი", "ჩვენი ფერმერი", "ამალთეა" და სხვ.

"მომხმარებლის დიდი ნაწილი კვლავ რჩება ეროვნული ნაწარმის ერთგული მომხმარებელი. ზოგი ასეთ პროდუქტს უფრო ენდობა, ვიდრე იმპორტირებულს. ზოგს აქვს გარკვეული ეჭვები, ერთი შეხედვით, ფრთხილობს კიდეც, მაგრამ აუცილებლობიდან გამომდინარე, მაინც უწევს ყიდვა. ვერ დაგისახელებთ გაყიდვების რაოდენობას, ჩემს კომპეტენციას სცილდება, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ რეალიზაცია ნორმალურია და საკმაოდ მომგებიანიც. თითქმის ყოველდღიურად შემოგვაქვს ახალი პარტია, რძე და რძის პროუდქტები კარგად გაყიდვავდი ნაწარმია", - ამბობს სუპერმარკეტის გამყიდველი.

სურსათის ექსპერტებს თუ ვერწმუნებით, ჩვენს მაღაზიებში სარეალიზაციოდ გამოტანილი რძის პროდუქტების 90 პროცენტი ფალსიფიცირებულია. "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" ექსპერტი, პროფესორი ეთერ სარჯველაძე ამბობს, რომ ისეთი პროდუქტის ფალსიფიკაცია, როგორიც რძეა, დანაშაულია, თუნდაც იმიტომ, რომ ის ბავშვების მთავარი საკვებია, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ნებისმიერი სხვა ტიპის საკვები, მაგრამ ვერც ერთი პროდუქტი ვერ ცვლის მას.

"ადამიანი ხარჯავს თანხას, ჰგონია, რომ იძენს ძალიან სასარგებლო პროდუქტს და ამ დროს მის ნაცვლად საწამლავს სთავაზობენ? სწორედ ამიტომ დავიწყეთ ხელმოწერა პეტიციაზე, გვინდა საქართველოს პარლამენტს ვთხოვოთ მიიღონ კანონი, რომლითაც აიკრძალება რძის პროდუქტის დასახელებით ისეთი სასურსათო პროდუქტის რეალიზაცია, რომლის ძირითადი კომპონენტები - ცხიმი და ცილა ცხოველის რძისაგან კი არა, სულ სხვა ნედლეულისგან არის დამზადებული. ადამიანის ჯანმრთელობის ხარჯზე ფულის კეთება დანაშაულია!" - აცხადებს ეთერ სარჯველაძე.

მარი ჩიტაია

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია