სააკაშვილის საიდუმლო წერილი - როგორ ცდილობს ექსპრეზიდენტი კეზერაშვილის დახსნას

სააკაშვილის საიდუმლო წერილი - როგორ ცდილობს ექსპრეზიდენტი კეზერაშვილის დახსნას

დავით კეზერაშვილის ირგვლივ სკანდალი გრძელდება. გაზეთი "ალია" წერს, რომ მათ ხელში ჩაუვარდათ დოკუმენტი, რომელის მიხედვით, გაზეთის თქმით, მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთის მხარეს დავით კეზერაშვილის გირაოს სანაცვლოდ განთავისუფლებას ეხვეწება. გამოცემის ცნობით, სააკაშვილის ტექსტი დათარიღებული და ხელმოწერილია 2013 წლის 21 ნოემბრით, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე.

გთავაზობთ "ალიაში" გამოქვეყნებულ სტატიას:

სააკაშვილის წერილში ვკითხულობთ, რამდენად მნიშვნელოვანია დავით კეზერაშვილის განთავისუფლება, რადგან ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს "ნაციონალური მოძრაობისთვის", მან უდიდესი როლი ითამაშა "ვარდების რევოლუციაში", დაამრაცხა კორუფცია, უდიდესი წვლილი მიუძღვის 2008 წლის ომში. სააკაშვილი საფრანგეთს მიმართავს თხოვნთი, კეზერაშვილის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და არ განიხილონ მისი საქართველოში ექსტრადაციის საქმე.

სააკაშვილის ამ წერილს ტოლს არ უდებს "ნაცმოძრაობის" ლიდერების ხელმოწერილი პეტიცია, სადაც 27 "ნაციონალი", ითხოვს კეზერაშვილის განთავისუფლებას. წერილში ნათქვამია, რომ დავით კეზერაშვილი არის "ნაცმოძრაობის" დამფინანსებელი, და მისი ციხეში გატარებული ყოველი დღე, ნიშნავს "ნაციონალური მოძრაობის" განადგურებას. კატეგორიულად ითხოვენ, რომ საფრანგეთის სასამართლომ არ განიხილოს მისი საქართველოში ექსტრადირების საკითხი და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ...

ეს დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, "ალიას" ინფორმაციებს, თუ რატომ დარბოდნენ ისინი საფრანგეთში. ამ დანაშაულებრივ ჯგუფს კეზერაშვილის საქმე დამოკლეს მახვილივით ჰკიდიათ თავზე, მათ ზუსტად იციან, რომ კეზერაშვილის სკანდალი გადაიყოლებთ. მთავარი კი ამ საქმეში ისაა, რომ პირდაპირ, მოურიდებლად ადებენ ხელს კეზერაშვილს, როგორც მთავარ დამფინანსებელს, მაგრამ იმას არ ხსნიან, როგორ, რა გზებით აღმოჩნდა, მის ანგარიშებზე მილიარდნახევრიანი ბრუნვა?!

"ალიამ" წინა ნომერში გამოაქვეყნა სკანდალური დოკუმენტი კეზერაშვილის ოფშორული ფირმებისა და ანგარიშების შესახებ.

ახლა კი ირკვევა ისიც, რომ გავლენიანი ქართველი ბიზნესმენების საშუალებით ის ცდილობდა, გასულიყო აზერბაიჯანელ მენავთობეებთან და აზერბაიჯანის წამყვან ფიგურებთან, თუმცა აზერბაიჯანის არც ერთმა მინისტრმა სალაპარაკოდ არ მიიღო, რადგან ქვეყანაში ბოროტების მეტი არაფერი გაუკეთებია. თუმცა მან მოახერხა გავლენიანი ბიზნესმენების ჩაძირვის ხარჯზე აზერბაიჯანში გავლენები ისე გაეზარდა, რომ მხოლოდ მასთან ჰქონოდათ "დოსტუპი". ამ ნიადაგს ის მხოლოდ ნავთობის გადაზიდვისთვის არ ამზადებდა, არამედ ჰქონდა ჩანაფიქრი, ამიერკავკასიაში სატრანზიტო დერეფანი მას ეკონტროლებინა. "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებამ იარაღის შეძენა 2004 წლიდან დაიწყო. თუმცა მაჩვენებელმა პიკს მიაღწია 2007 წლის 5 ივნისიდან დაწყებული და სტატისტიკა 2008 წელს ყოველთვიურად იზრდებოდა.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა 2013 წლის 25 ნოემბერს სკანდალური განცხადება გააკეთა: მიხეილ სააკაშვილს რომ არ ეყიდა საიერიშო სამხედრო აღჭურვილობა თვითმავალი არტილერია, მძიმე ჯავშანმანქანები, მოიერიშე შვეულმფრენები და სხვა სამხედრო ტექნიკა, მას არ ექნებოდა უგუნური სითამამე იმისთვის, რომ საქართველოს შეიარაღებული და შინაგანი ძალები ჩაერთო საბრძოლო მოქმედებებში და რაც სააკაშვილმა გააკეთა, ეს იყო პოლიტიკური სიგიჟე.

რეალურად იყო თუ არა აგვისტოს ომი პოლიტიკური სიგიჟე, თუ დიდი ჩანაფიქრი იარაღის გაყიდვის გზით, მილიარდების შოვნისა?.. ალბათ, გამოსაძიებელია რა მიზნით წამოიწყო სააკაშვილის ხელისუფლებამ ომი. იყო თუ არა ცხოველი ინტერესი, რომ ამ ომის გზით ჩამოეწერათ მილიარდები. თუკი არსებობს ეჭვი, რომ კეზერაშვილი სააკაშვილის ბიძასთან ერთად ჩართული იყო იარაღით უკანონო ვაჭრობაში და ისინი ძირითადად ამარაგებდნენ ტერორისტულ ორგანიზაციებს, რატომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ აგვისტოს ომი წინა ხელისუფლებამ სწორედ იმ მიზნით წამოიწყო, რომ საქართველოს კვოტით ნაყიდი იარაღი გადაეყიდათ ტერორისტებზე. მათთვის, ხომ ადამიანების სიცოცხლეს ფასი არასოდეს ჰქონია. მეტიც, ისინი ადამიანების ისცოცხლით ვაჭრობდნენ.

აფხაზეთის ომის ვეტერანი საბრძოლო ქვედანაყოფ "ავაზას" მეთაური, აგვისტოს ომის მონაწილე, ყოფილი პოლიტპატიმარი, გენერალი ტრისტან წითელაშვილი "ალიასთან" კეზერაშვილის თემას განაგრძობს და დამატებით მასალებს გვაძლევს:

- როგორ ფიქრობთ, სააკაშვილის ხელისუფლებამ აგვისტოს ომი სწორედ იმიტომ ხომ არ წამოიწყო, რომ ძვირადღირებული სამხედრო ტექნიკა მიეყიდათ ტერორისტებისთვის? ფაქტია, რომ ის ძვირადღირებული იარაღი, რომელიც საქართველომ შეიძინა, აგვისტოს ომის დროს არ გამოყენებულა.

- მე მაქვს დოკუმენტური მასალები, რომლის მიხედვითაც არა მხოლოდ დავით კეზერაშვილი ფიგურირებს ამ კრიმინალურ სქემაში, არამედ ეს არის ერთი დიდი დაჯგუფება. მე თქვენ ჩამოგითვლით გვარებს: მიხეილ სააკაშვილი, მისი ბიძა - თემურ ალასანია, დავით კეზერაშვილი, ივანე მერაბიშვილი, ბაჩანა ახალაია, გივი თარგამაძე, გიორგი ბარამიძე, ირაკლი ოქრუაშვილი, ერიკ გუდისი, ვიქტორ ბუტი. ამ გვარებიდან საზოგადოება არ იცნობს ერიკ გუდის, ის გახლავთ საქართველოში დაბადებული და გაზრდილი, მამამისი მუშაობდა ამიერკავკასიაში, ის იყო სამხედრო ვაჭრობის უფროსი. ეს პიროვნება არის მილიარდერი, ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, წარმოშობით ებრაელია. ამ საქმეში ჩართულია ნინუა, ის იყო თავდაცვის სამინისტროში შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი, რომელიც დაკავებულია. საუბარია, რომ მას ნათესაური კავშირი აქვს გიგა ბოკერიასთან. დანაშაულებრივ ჯგუფში ასევე ჩართულია საჰაერო ძალების სარდალი ურიდია, ამჟამადაც მოქმედია, ასევე ფოჩხუა, რომელიც სამხედრო ატაშეა უკრაინაში, რომელსაც ევალება საქმეების გადაფარვა. დანაშაულებრივ ჯგუფში ვასახელებ დავით მუჯირს, ის იყო მინისტრის მოადგილე, ზაზა გოგავა, გენერალური შტაბის უფროსი, ესენი არიან საერთაშორისო დამნაშავეები და აი, რატომ, ახლა ამასაც აგისხნით. 2008 წლის აგვისტოს ომამდე საქართველოში მიმდინარეობდა ამ კრიმინალური დაჯგუფების მხრიდან გაქანებული იარაღით ვაჭრობა. თავდაცვის სამინისტროში იარაღით ვაჭრობის სქემა არსებობდა. თავდაცვის სამინისტრო ყიდულობდა იარაღს და სამხედრო ტექნიკას თავდაცვის სამინისტროს აღჭურვის მიზნით. საზენიტო-სარაკეტო კომპლექტები, "ბუკები", "კრუგები", "კუბები"... საბიუჯეტო ნუსხის მიხედვით თავდაცვის სისტემის აღჭურვისთვის გადახდილია მხოლოდ ერთ ოპერაციაში 50 მილიონი ლარი. ეს ოპერაცია შესრულდა 2007 წელს, ამის შემდეგ ისინი ყიდულობენ ნატოს სტანდარტებთან თავსებად გადასატან რადიოსადგურებს, ეს არის ძველი დანადგარი, რომელსაც ამერიკელები ვიეტნამის ომის დროს ხმარობდნენ, ამ ოპერაციაში გამოყვეს 23 მილიარდი ლარი, მაგრამ ამ დანადგარმა აგვისტოს ომის დროს იმუშავა მხოლოდ ნახევარი საათი, იმდენად მოძველებული იყო ეს ტექნიკა. ამის გარდა შეიძინეს "იგლები", "სტრელები", ამაში კიდევ გადახდილია 50 მილიონი ლარი, ამ ტიპის ოპერაციებმა მიიღო სისტემატური სახე, უკვე 2007 წელს და 2008 წელს უფრო გააქტიურდა იარაღის შეძენა. ამ იარაღს ყიდულობდნენ უკრაინაში, ამათ დაარეგისტრირეს ოფშორულ ზონაში "ბელთრეინგი", სადაც თავდაცვის სამინისტროდან ირიცხებოდა თანხები და "ბელთრეინგი" იყო ფულის გამტარი, საიდანაც თანხა უკვე ირიცხებოდა უკრაინაში, სპეცექსპორტში.

- ვინ დაარეგისტრირა ოფშორულ ზონაში კომპანია "ბელთრეინგი"?

- ეს კომპანია შექმნა სააკაშვილის ბიძამ - თემურ ალასანიამ, ამ კომპანიაში ირიცხებოდა თანხები, აკეთებდნენ დიდ ფულს. როცა ხდებოდა იარაღის მესამე ქვეყანაში გადაყიდვა, ფულის ჩარიცხვა ხდებოდა სწორედ "ბელთრეინგში". ხმამაღლა ვაცხადებ, იარაღი ხვდებდა ტერორისტების ხელში და როცა აქტიურად დაიწყეს იარაღით უკანონო ვაჭრობა საქართველოს წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა, სწორედ მაშინ დაიწყო ტერორისტების გააქტიურებაც. კეზერაშვილი სააკაშვილის გარეშე თითსაც ვერ გაანძრევდა, უშალოდ სააკაშვილი და მისი ბიძა ხელმძღვანელობდნენ ამ ოპერაციებს.

- სადმე არის სააკაშვილის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რითიც დასტურდება, რომ ის ირიბად მაინც ჩართული იყო იარაღის ბიზნესში?

- ფორმდებოდა ხელშეკრულებები, რომელსაც ხელს აწერდა კეზერაშვილი, როგორც თავდაცვის მინისტრი, ლიცენზიას გასცემდა მაშინდელი შტაბის უფროსი ზაზა გოგავა, ასევე დავით მუჯირი, მაშინდელი მინისტრის მოადგილე, ხელშეკრულებებს ხელს აწერდა კეზერაშვილი. იმ პრინციპით ხდებოდა იარაღის შემოტანა, თითქოს ამ იარაღით საქართველოს ჯარს ამარაგებდნენ, სინამდვილეში გაედინებოდა არაბულ ქვეყნებში. არსებობს იარაღის ინსპექტირება, ამას მკაცრად აკონტროლებს გაერო, რომელიც ინსპექტირებას უწევს იმ ქვეყნებს, ვინც იარაღს აწარმოებს, რათა იარაღი არ მოხვდეს ტერორისტების ხელში.

მოდი, ახლა ვთქვათ, რატომ გაკეთდა ეს სქემა საქართველოში... ქვეყნებს, სადაც საქართველოდან შედიოდა იარაღი, ადევთ საერთაშორისო ემბარგო. მათ არა აქვთ უფლება, იყიდონ იარაღი და სამხედრო ტექნიკა, რადგან არის საშიშროება, რომ ეს იარაღი აღმოჩნდეს ტერორისტების ხელში. აქედან გამომდინარე, პირდაპირი წესით ვერ იყიდოს იარაღს ვერც სირია, ვერც ირანი, ვერც ლათინო-ამერიკული ქვეყნები, რადგან ისინი რომ პირდაპირ გასულიყვნენ უკრაინაში "უკსპეცექსპორტთან", ამას მოჰყვებოდა საერთაშორისო სკანდალი. ამისთვის საჭირო იყო ქვეყანა, რომელსაც უფლება ჰქონდა იარაღისა და სამხედრო ტექნიკის შესყიდვის. საქართველოში მოიძებნა საყრდენი ძალა სააკაშვილის, მისი ბიძისა და "ნაციონალური მოძრაობის" სახით. ერიკ გუდისი ამ არხებზე იყო გასული. მოკლედ, სქემა მარტივად ააწყეს. ნუსხის მიხედვით დიდძალი სამხედრო ტექნიკა როცა დაგროვდა, რომელიც რეალურად იყო გადაყიდული მესამე ქვეყნებზე, რომ არ მომხდარიყო ინსპექტირება და შემოწმება იმისა, რამდენად რეალურად არსებობდა სამხედრო ტექნიკა თავდაცვის სამინისტროში და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, სწორედ ამიტომ გაითამაშა სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოს საბრძოლო მოქმედებები, რადგან მთლიანობაში მომხდარიყო მილიარდების ჩამოწერა.

- თქვენ გადმომეცით იარაღის ნუსხა, სადაც ვკითხულობთ, რომ "უკსპეცექსპორტიან" შეძენილი იარაღი შემოდიოდა საქართველოში რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემებით. ეს რას ნიშნავს? რუსები გვამარაგებდნენ იარაღით? ეს ხომ სკანდალია!.. გამოდის, რომ მათ თავიდან ბოლომდე იცოდნენ, რა შეიარაღებას ფლობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

- რუსებმა ისიც კარგად იცოდნენ, რა იარაღი შემოდიოდა და ზუსტი ინფორმაცია ჰქონდათ, რომ ის იარაღი რეალურად საქართველომ მესამე ქვეყნებზე გადაყიდა. დიახ, ეს იარაღი შემოდიოდა რუსული გემებით და არა უკრაინულით. "რუსვაარუჟენია" აწვდიდა "უკსპეცექსპორტს" იარაღს, რომელიც არის "რუსვაარუჟენიას" შვილობილი კომპანია და ის იარაღი შემოდიოდა საქართველოში. მაგალითად, 2008 წლის 12 ივნისს იარაღი "უკსპეცექსპორტიდან" შემოიტანა რუსულმა გემმა "გეროი პლავანი", ამავე გემს შემოტანილი აქვს იარაღი 2008 წლის 8 აგვისტოს. ამ გემს 2007 წელსაც აქვს შემოტანილი იარაღი, ეს არის რუსული კომპანია, რომელსაც შვილობილი კომპანიები ჰყავს, რომლის ორი ფილიალი არის საქართველოშიც, ერთი ფილიალის ხელმძღვანელია ვანო მერაბიშვილის ახლო ნათესავი, გვარად მერაბიშვილი, ხოლო მეორე ფილიალის ხელმძღვანელია ვინმე ფოჩხუა.

- ოდესიდან საქართველოში შემოდიოდა იარაღით დატვირთული გემები, მაგრამ საქართველოდან იარაღის მარშრუტი როგორი იყო და რა გზით აღწევდა შეიარაღება მესამე ქვეყნებში?

- ამ დაჯგუფებამ, კეზერაშვილის ხელმძღვანელობით, ხელში ჩაიგდო გადაზიდვების კომპანიები, ტერმინალი იყო საჰაერო კარიბჭე, აეროპორტში რომლის მეშვეობითაც საჰაერო გზით გადაჰქონდათ იარაღი, აეროპორტი იყო თემურ ალასანიასი. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჟვანია მოკლეს, ეს თემა გახლავთ. ზურაბ ჟვანია იყო წინააღმდეგი, რომ თემურ ალასანიას და ერიკ გუდისს ინტერესი ჰქონდათ საქართველოს აეროპორტში, რადგან მან იცოდა, რომ ამ ადამიანებს ინტერესი ჰქონდათ იარაღის ბიზნესში. ჟვანია ამბობდა, - ესენი არიან აფერისტებისა და თაღლითების ჯგუფი, სააკაშვილს მიაწვა ბიძამისი, გაეჩუმებინათ ჟვანია, მაგრამ მიშამ უთხრა, ამ საკითხზე ჟვანიას ვერ დავიყოლიებო, რაზეც თემურ ალასანიამ უპასუხა, შენ ვერ დაიყოლიებ, ჩვენ გავაჩუმებთ ერთ თვეშიო. ჟვანიაც მოიცილეს და აეროპორტიც ხელში ჩაიგდეს.

თურქული კომპანია "ტავი" - ეს არის შირმა, რეალურად კი ამ კომპანიის მიღმა დგას ალასანიას ინტერესები და ამ გზით აწარმოებდნენ იარაღის გადაზიდვას, რაც შეეხება საზღვოა და სახმელეთო გადაზიდვებს, ეს თემები კეზერაშვილმა წაიღო, ის იყო ბათუმის ტერმინალი, ფოთის ტერმინალი იყო კეზერაშვილის კონტროლქვეშ, ნავთობკომპანიას იყენებდა თავისი ინეტრესებისთვის და ბენზინის ცისტერნებით კეზერაშვილს იარაღი გადაჰქონდა, ეს იყო შირმა, თითქოს გარკვეული ტიპის ბიზნესებს ეწეოდნენ, მაგრამ რეალურად, ხშირად ბენზინის ნაცვლად ცისტერნები დატვირთული იყო იარაღით. ტვირთი იყო დალუქული და მას ვერავინ გახსნიდა, იარაღის მესამე ქვეყნებში გატანა ხდებოდა როგორც თურქეთიდან, ასევე აზერბაიჯანიდან, იმიტომ იყო სააკაშვილი ჩახუტებული აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, გადაწყვეტილი ჰქონდათ საქართველო და აზერბაიჯანი გახსნილი ყოფილიყო იარაღის გადაზიდვის კუთხით. მოგეხსენებათ, რომ აზერბაიჯანიდან, კასპიის ზღვით უმოკლესი გზა არის ირანი, საიდანაც ხდებოდა ირანის იარაღით მომარაგება. იმდენად მასშტაბური სახე მიიღო ამ ჯგუფის საქმიანობამ, რომ იყო ქვეყნები, რომლებთანაც მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, შენიღბვის მიზნით. მაგალითად, ჩადიოდნენ ლიბანში, სადაც მათ ეს ბიზნესი ჰქონდათ, უფრო ხშირად კი ჩადიოდნენ დუბაიში, მათ იქ ჰქონდათ ოფისები, დუბაი იყო იმიტომ შერჩეული, რომ ის სპეცსამსახურების მხრიდან ვერ კონტროლდება. მაგრამ ერთი რამ არ დაგავიწყდეს, ამ ბიზნესში ჩართულები იყვნენ რუსებიც, მათი წარმომადგენელი იყო თემურ ალასანია. მეტსაც გეტყვით, ჩემი ინფორმაციით, თემურ ალასანიამ დატოვა ამერიკის შეერთებული შტატები, რადგან მას გაუჩნდა შიში, რომ "ეფბიაის" არ დაეკავებინა, დღეს ის იმყოფება რუსეთში. იარაღით საერთაშორისო მოვაჭრის ვიქტორ ბუტის ოფისში კი, მიხეილ სააკაშვილი რამდენჯერმეა ნამყოფი. დანარჩენ დეტალებს ექსკლუზიურად მომდევნო ინტერვიუში გაგიმხელთ.

ნინო სამხარაძე

გაზეთი "ალია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა