2013 წელს საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული სამივლინებო ხარჯი 1 005 282 65 ლარს შეადგენს. პარლამენტის წევრებს შორის ყველაზე მეტი სამივლინებო ხარჯი 88 104 47 ლარი, 118 დღის განმავლობაში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს თედო ჯაფარიძეს აქვს. მეორე ადგილზე საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი თინათინ ხიდაშელია. მისმა სამივლინებო ხარჯმა, 102 დღეში 81 181 82 ლარი შეადგინა.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, 2013 წელს, ყველაზე ხანმოკლე ძვირადღირებული ვიზიტის თვალსაზრისით გამორჩეულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ვიზიტი ათენში. ერთი დღის განმავლობაში მისმა სამივლინებო ხარჯმა 3 659 ლარი შეადგინა.
მივლინებაში 91 დღე გაატარა და 71 555 ლარი დახარჯა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა. 67 209 ლარი შეადგინა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის სამივლინებო ხარჯმა, მან მივლინებაში 45 დღე გაატარა. 51 564 ლარი შეადგინა 71 დღეში, გიორგი კანდელაკის ხარჯმა. 53 დღეს და 40 150 ლარს შეადგენს ჩიორა თაქთაქიშვილის მიერ გაწეული სამივლინებო ხარჯი. მივლინებაში 65 დღე იმყოფებოდა და 38 671 ლარი შეადგინა ეკა ბესელიას სამივლინებო ხარჯმა.