რას სთხოვს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბიჭის მამა საქართველოს პირველ ლედის

რას სთხოვს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბიჭის მამა საქართველოს პირველ ლედის

გოგიტა მურცხვალაძის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ვაჟის - ტატოს ამბავი არაერთი ადამიანისთვის არის ცნობილი - მან ფეხი მამა გაბრიელის საფლავზე აიდგა. რადიკალური საპროტესტო აქციების შემდეგ ტატოს მამა მიხვდა, რომ "გაზაფხულს ვერ მოიყვანდა", ამიტომ აჭარის რაიონის სოფელ აჭარისწყალის მოძღვართან, მამა თეიმურაზთან ერთად საქველმოქმედო ფონდი - "ღვთისშვილები" დააარსა... კეთილი ადამიანების დახმარებით ფონდი პერიოდულად 22 შშმ ბავშვსა და მათ ოჯახებს უმსუბუქებს ტვირთს.

- ჟურნალისტების წყალობით, ჩემი შვილის გასაჭირი მთელმა საქართველომ გაიგო. "კვირის პალიტრის" პირველი რედაქტორი, ლალი გუნთაიშვილი ჩემი ოჯახისთვის დიდი იმედი გახლდათ. ტატოს, რომელიც უკვე 21 წლისაა, დღემდე "კვირის პალიტრის" "შვილობილს" ეძახიან... ჩვენს მხარდაჭერას ახლა ირაკლი თევდორაშვილი განაგრძობს. მართალია, ბევრი ტკივილი და წნეხი გადავიტანეთ, მაგრამ ამის პარალელურად, მუდმივად ვგრძნობდი როგორც ხალხის, ისე კონკრეტული ბიზნესმენებისა და ცნობილი ადამიანების მხარდაჭერას, მათთან დამაკავშირებელი მთავარი რგოლი კი ჩემთვის ჟურნალისტები იყვნენ. იყო დრო, როცა წამლების შესაძენი ფულის საშოვნელად, თვეში ორჯერ სისხლს ვაბარებდი და რომ გამოვთვალოთ, 40 ლიტრზე მეტი სისხლი მაქვს ჩაბარებული... როცა ბავშვი საავადმყოფოში იწვა, "კვირის პალიტრის" რედაქცია, როგორც ფინანსურად, ისე გამზადებული საკვებით მეხმარებოდა.

- ბატონო გოგიტა, როგორც ვიცი, არაერთხელ სცადეთ, რომ თქვენი გასაჭირი სამთავრობო უწყებებსაც გაეგოთ...

- დიახ, მაგრამ მოგეხსენებათ, მათი ყურადღების მიპყრობა რთულია. ამ მიზნით სხვადასხვა ხერხს მივმართავდი - ზოგჯერ რადიკალურსაც... ეს ხდებოდა როგორც შევარდნაძის, ისე სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში. საქართველოში ერთადერთი კაცი ვიყავი, ვისაც ნანული შევარდნაძეზე სარჩელი ჰქონდა შეტანილი და ამ საქმეში მაშინ უჩა ნანუაშვილი მედგა გვერდით... მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვინც პირიქით - მხარში ამომიდგა. არ შემიძლია არ ვახსენო თემურ შაშიაშვილის მეუღლე, ქალბატონი დეა მჭედლიშვილი - თანამიგრძნო, დამეხმარა. დავით ბაქრაძის მეუღლემ, მაკა მეტრეველმა ორგანიზება გაუწია რუსთაველის თეატრში სამხატვრო გამოფენის ჩატარებას, უცხოელები მოიწვია. მაშინ საკმაოდ სერიოზული თანხა შემოვიდა და შშმ ბავშვებსა და მათ ოჯახებს მოხმარდა. 2003 წლის აქციების პერიოდში ჩემი შვილის ეტლით რუსთაველზე ვიყავი, მაგრამ როცა მოლოდინი არ გამართლდა, ინაუგურაციის დაწყებამდე საპროტესტო აქცია მოვაწყვე. ჩემთან ტელეკომპანია "ნტვ"-ს ქართველი ჟურნალისტი და ოპერატორი მოვიდნენ. ვუთხარი, იქ რატომაც ვიყავი. ამის დანახვაზე, ერთი წარმოსადეგი აღნაგობის პროვოკატორი მოგვიახლოვდა და მეც და ჟურნალისტსაც გვაგინა, გვეჩხუბა. ჟურნალისტმა მთხოვა, აქაურობას გაეცალეო. ასეც მოვიქეცი, მაგრამ გზაში დამხვდნენ და გამისწორდნენ. მოგვიანებით, შშმ ბავშვების მშობლები 5 დღის განმავლობაში, ამერიკის საელჩოს წინ ვიდექით, მაგრამ ჩვენთან დალაპარაკება არავინ ისურვა. მე-6 დღეს ბენზინით დიდი წრე გავაკეთე და ბავშვებთან ერთად შუაში ჩავდექი. ეს სცენა პირდაპირ ეთერში გადასცეს ტელევიზიებმა... გარდა ამისა, თბილისიდან ბათუმამდე ჩემს ეტლში მჯდომ შვილთან ერთად საპროტესტო სვლა მოვაწყვე. მოგვიანებით მივხვდი, რომ მხოლოდ ჩემი "ჭიკჭიკი" გაზაფხულს ვერ მოიყვანდა - ჩემი საქციელი უკვე სიგიჟედ აღიქმებოდა. ამიტომ დავაარსეთ საქველმოქმედო ფონდი "ღვთისშვილები" მე და მამა თეიმურაზმა, რომელიც სოფელ აჭარისწყალში მსახურობს.

- ოჯახებს დახმარებას რის მიხედვით უწევთ?

- გონებრივი შეზღუდულობისას უკვე სრულწლოვან შშმ პირს ქმედუუნაროს სტატუსი ენიჭება. მოვძებნე და აღვრიცხე ასეთი ბავშვები აჭარის მასშტაბით. ამჟამად 22 ასეთი ბავშვი მყავს ფონდში ჩარიცხული. მაქსიმალური ზღვარი 25 წელია. ფონდი რომ საბიუჯეტო ორგანიზაცია იყოს, ბევრ რამეს შევძლებდი. ძირითადად, მათ ოჯახებს მატერიალურ დახმარებას ვუწევთ. ახლახან კონცერტი ჩავატარეთ და კონკრეტული თანხა ათ მშობელს, პირდაპირ სცენაზე გადავეცით. ზოგჯერ ადგილობრივი ფაბრიკებიდან გვაძლევენ საკვებს, სხვადასხვა დანიშნულების ნივთებს, მაგრამ ასეთი ადამიანების მოძიება რთულია, მით უმეტეს, აჭარაში. ბათუმში 10 ბიზნესმენიდან 8 თურქია... აუცილებლად მინდა გითხრათ - ძალიან შემტკივა გული დვანსა და დიცში შექმნილ სიტუაციაზე, მაგრამ მაინცდამაინც ხელშესახები მავთულხლართები უნდა გაევლოს, რომ პრობლემა დავინახოთ? ბათუმი რომ ამ სიტყვის სრული დატვირთვით - ოკუპირებულია, ამას რატომ ვერავინ ამჩნევს?! ჩვენ ფინანსურად სრულად ვართ ოკუპირებული... არის აჭარაში ასეთი ბიზნესმენი - ბადრი ბერიძე, რომელიც ჩვენს ფონდს თვეში რამდენჯერმე სწირავს თანხას. ახლახან 6 000 ლარი ლევან ვასაძემ ჩამირიცხა ბავშვის ანგარიშზე.

- თითქოს სულ ისმის ეკრანიდან, რომ შშმ პირებს სხვადასხვა სახის დახმარებას სახელმწიფო თუ გარკვეული ადამიანთა ჯგუფები ხშირად უწევენ...

- ჩემი შვილიც კეთილი ადამიანების წყალობით გადარჩა. ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი ხალხი, მაგრამ საჭიროა, ამ დახმარებას სისტემური ხასიათი ჰქონდეს. რთულია მუდმივად ვიღაცის კეთილ ნებაზე იყოს შენი შვილის სიცოცხლე დამოკიდებული... სისტემური ხასიათი აქვს დიტო ცინცაძის, პაატა ბურჭულაძის ფონდებს და მინდა გითხრათ, რომ ის თანხები, რითაც ისინი ადამიანებს ეხმარებიან, გადაჭარბების გარეშე - ამ ოჯახებს არც კი დაესიზმრებოდათ... იცით, ზოგი ფიქრობს - თუ არ გადარჩება, ამაოდ რატომ დავხარჯო ფულიო? მაგრამ როცა მშობელს თავისი შშმ შვილისთვის დახმარების გაწევა არ შეუძლია, მერწმუნეთ, ეს სიკვდილზე მეტია; სიკვდილზე მეტია საკუთარი შვილის თვალში უსიტყვო ცრემლის დანახვა.

- გამოდის, ამ ხნის მანძილზე ცნობილი ადამიანების კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული თქვენი შვილის სიცოცხლე?

- ნამდვილად ასე იყო და დღემდე ასეა! კონცერტებსა და ღონისძიებებს დამოუკიდებლად ვაწყობდი, ბევრი ცნობილი მომღერალი რამდენჯერმე მყავს ჩაყვანილი ბათუმში. მაგალითად, ქეთა თოფურია. ასევე მხატვრები, მოქანდაკეები, მოცეკვავეები. არ ვიცი, ღარიბაშვილის მეუღლეს უნდა მივმართო თუ მარგველაშვილისას. ღმერთმა დაიფაროს, ისინიც წინა პირველ ლედებს დაემგვანონ. სანდრა რულოვსი თავდაპირველად, უშუალობით გამოირჩეოდა, მერე კი ისიც "მოიწამლა" დიდკაცობის მტვერით... პრეზიდენტის თუ პირველი პირების მეორე ნახევრებს ბევრი ბერკეტი აქვთ საიმისოდ, რომ ხალხს დაეხმარონ. შეიძლება, მათ არ იკადრონ ჩემთან შეხვედრა - ამიტომაც ვცდილობ, სათქმელი თქვენი დახმარებით ვთქვა. თუმცა, თუ პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვას დაიწყებენ, ჩემზე და სხვა შშმ ბავშვების მშობლებზე უკეთ ვერავინ აჩვენებს მათ რეალურ პრობლემებს. ჟურნალის საშუალებით მინდა ასევე, ახალი მთავრობის პერიოდში შექმნილ დემოგრაფიის ფონდს მივმართო: შშმ ბავშვების მშობლებს ძალიან უნდათ სხვა შვილის ყოლა, მაგრამ იმის გამო, რომ მათი შშმ შვილის მოვლა-პატრონობისთვის ბევრი ფინანსური თუ ფიზიკური რესურსია საჭირო, კიდევ ერთი შვილის გაჩენის ეშინიათ. წლების შემდეგ შშმ ბავშვი იღუპება და ოჯახი უშვილოდ, უძიროდ გადაეგება... ანუკი არეშიძეს დიდ პატივს ვცემ თუნდაც იმიტომ, რომ მესამე შვილი გააჩინა. მას ასეთი საქველმოქმედო ღონისძიება ჰქონდა - "ჩვენ გამოგვივა". მისი თანაშემწე, ანა ჩანგიანი შემპირდა, სექტემბერში ჩვენი ორგანიზებით ბათუმში საქველმოქმედო საღამოს მოვაწყობთო. იმედია, ქალბატონი ანუკი დაპირებულ ღონისძიებას მართლაც ჩაატარებს ჩვენი ბავშვების დასახმარებლად.

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია