სოფელ ხალაში ფერმერების ნაწილმა ციტრუსი გადაყარა

სოფელ ხალაში ფერმერების ნაწილმა ციტრუსი გადაყარა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში ფერმერების ნაწილმა ციტრუსი გადაყარა. გადაყრილი მანდარინი ambebi.ge-ს ფოტოკამერამაც დააფიქსირა. მოსახლეობა ტონობით გაყინულ და გაფუჭებულ ციტრუსს მდინარეებსა და მანდარინის ბაღებში ყრის. ხალაში მცხოვრებმა გურამ შაქარიშვილმა ციტრუსის გადაყრის მიზეზად რეალიზაციის პრობლემა დაასახელა. ის განმარტავს, რომ თოვლის მოსვლამდე მოკრეფილი 10 ტონა მანდარინიდან მხოლოდ ექვსის რეალიზაცია შეძლო, ისიც მიღება-ჩაბარების აქტის გარეშე. მიღება-ჩაბარების აქტი კი სახელმწიფო სუბსიდიას - კილოგრამზე 15 თეთრს ითვალისწინებს. გურამ შაქარიშვილი ვერც 15 თეთრიან სუბსიდიას მიიღებს და რეალიზაციის პრობლემის გამო გადაყრილი 4 ტონის კომპენსიაციასაც არავინ გადაუხდის.

"გათოვებამდე 10 ტონა მანდარინი მოვკრიფე და როგორც კი მყიდველი გამოჩნდა, 6 ტონა გავყიდე, დარჩენილი 4 ტონის წვენის ქარხანაში ჩაბარებას ვაპირებდი, მაგრამ დიდთოვლობის გამო გზები ჩაიკეტა, მანქანის დაქირავება ძვირი ღირდა, სარდაფში დაყრილი 4 ტონა მანდარინი გაფუჭდა და გადავყარე. ორი ამდენიც ხეებზეა დარჩენილი. ის 6 ტონა გავყიდე 24 დეკემბერს, მაგრამ ვინაიდან მიღება-ჩაბარების აქტი არ გაგვიფორმეს, სახელმწიფო სუბსიდიას - 15 თეთრს ვერ ავიღებ", - აღნიშნა გურამ შაქარიშვილმა.

შაქარიშვილების მეზობელ ბაღში ფერმერმა ფორთოხლის ხეები გაჩეხა. სოფელ ხალას მოსახლეობა ამბობს, რომ მეციტრუსეობამ "ფასი დაკარგა". ფერმერმა ხასან კაჭახმაძემაც ვერ მიიღო 15-თეთრიანი სუბსიდია. ის ამბობს, რომ შუამავლები, რომლებიც ციტრუსს ყიდულობენ, სუბსიდიისთვის მიღება-ჩაბარების აქტს ვერ აფორმებენ.

"შუამავალი მოვიდა და ერთ კილო მანდარინზე 50 თეთრი გადამიხადა. მიღება-ჩაბარების აქტი ვთხოვე, მაგრამ არ გამიფორმა. სუბსიდიის აღებას ვიცი, რომ ვერ შევძლებ", - ხასან კაჭაყმაძემ.

სოფელ ხალას მოსახლეობას შეხვდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ბარამიძე, რომელმაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ზაურ ფუტკარაძის თანამდებობიდან გადაყენება მოსთხოვა:

"ეს ერთი ხეობის პრობლემა არ არის, იგივე სიტუაციაა სხვა ხეობებშიც. იმის ნაცვლად, რომ დიდი დაპირებები - ციტრუსი იქნებოდა გადაზიდული საექსპორტო ქვეყნებში, გადაზიდვა დაწყებულია მდინარეებში. რეალობა არის იმის საწინააღმდეგო, რომ სოფლის მეურნეობის მიერ გაწეული მუშაობა არ არის ადექვატური შედეგისა. აბსოლუტურად სხვა არის რეალობა. არჩილ ხაბაძემ მიიღოს გადაწყვეტილება და მატყუარა მინისტრს დაატოვებინოს თანამდებობა", - აღნიშნა ირაკლი ბარამიძემ.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძე კი აცხადებს, რომ ფერმერებს მანდარინის რეალიზაციის და 15-თეთრიანი სუბსიდიის მიღების მხრივ პრობლემები არ აქვთ. ავთანდილ მესხიძე ამბობს, რომ ფერმერებისთვის გამოყოფილი 15-თეთრიანი სუბსიდიის მითვისების ინტერესი არავის აქვს.

"სტანდარტული, ხარისხიანი მანდარინი სულ გაიყიდა. თუ ვინმემ გათოვების შემდეგ გაყინული მანდარინი მოკრიფა და გადაყარა, ეს მისი ნებაა. შეიძლება, სულ არ სჭირდებოდეს ადამიანს და არ დაკრიფოს. სამთავრობო კომისია ყველა მუნიციპალიტეტში კოორდინაციას უწევს სუბსიდიის საკითხს. ფერმერმა უნდა აიღოს მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც მისი და სოფლის რწმუნებულის ხელმოწერა უნდა ჰქონდეს. გადამზიდავებს კი არანაირი ინტერესი არ აქვთ, რომ არ გასცენ დოკუმენტაცია", - აღნიშნა ავთანდილ მესხიძემ.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ირწმუნება, რომ ექსპორტზე 60 ტომანდე სარეალიზაციო ციტრუსია გატანილი, ხოლო ქობულეთის საწარმომ ბოლო მონაცემებით, 9 ათასი ტონა არასტანდარტული ციტრუსი ჩაიბარა.

ნინო ხოზრევანიძე, ambebi.ge

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია