ლევან ბერძენიშვილის ფავორიტი მინისტრები

ლევან ბერძენიშვილის ფავორიტი მინისტრები

"მთავრობაზე კონტროლის ფუნქციას ჯერჯერობით საქართველოს პარლამენტი სრულფასოვნად ვერ ასრულებს", - ამბობს პარლამენტის წევრი, ლევან ბერძენიშვილი. რა იყო გასული წლის მთავარი პოლიტიკური მონაპოვარი? პროკურატურაში განვითარებული მოვლენები, თვითმმართველობის კოდექსი, მინისტრთა კაბინეტის საქმიანობა, რღვევა ბიუჯეტში, "ჯიპოსანი" და ჯიპზე მეოცნებე მაღალჩინოსნები, პრემიები... ეს ის საკითხებია, რომლებიც გასული წლის მიწურულს და დღესაც აქტუალურია.

ლევან ბერძენიშვილი:

- 2013 ძალიან რთული წელი იყო, საქართველო პირველად აღმოჩნდა ისეთი მოულოდნელი პოლიტიკური გამოცდის წინ, რასაც კოაბიტაცია ჰქვია. ეს სიტყვა საქართველოში არავის მოეწონა. გასულ წელს 2 ხელისუფლება გვყავდა. თვითმმართველობებისა და თბილისის მერიის დონეზე, ორხელისუფლებიანობა კიდევ არსებობს, მაგრამ შარშან ამას პრეზიდენტის საკმაოდ გავლენიანი თანამდებობაც ემატებოდა. ნაკლები თანამშრომლობა და მეტი დაპირისპირება იყო, რამაც ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობის წინააღმდეგ იმუშავა. საქართველოს საინვესტიციოდ არასაიმედო ქვეყნის იმიჯი შეექმნა. მაშინდელი პრეზიდენტი პირდაპირ და დაუფარავად აცხადებდა, რომ ხელისუფლებაში რუსული ძალები მოვიდნენ და საქართველოს "ჭორვილიზაცია" ხდება. როცა ქვეყნის პირველი პირისგან მსგავსი განცხადებები ისმის, სერიოზული ინვესტორი ქვეყანაში ფულის დაბანდებისგან თავს იკავებს. გასული წელი ისტორიაში, 2 მნიშვნელოვანი მოვლენით შევა: გამჭვირვალე დემოკრატიული არჩევნები, რომლის შედეგებიც, შალვა ნათელაშვილის გარდა არავის გაუპროტესტებია და მეორე - მოვახერხეთ და ევროპასთან ასოცირების პარაფირება მოვახდინეთ. არც ის გვითქვამს, ოღონდ ევროპასთან ახლოს ვიყოთ და რუსეთი არ გვაინტერესებსო. პირიქით, მეზობელთან ურთიერთობის აღდგენა ვცადეთ. გვაქვს წარმატებები, რომლის დანახვაც ზოგიერთს არ უნდა. რუსეთის ბაზარზე იყიდება ქართული ღვინო, მინერალური წყალი, ლიმონათი, ციტრუსი, მომავალში გაიხსნება გზა ქართული თხილისთვის.

- ხომ შეიძლება, 2014 წელს, როცა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დრო დადგება, ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს და რუსეთი ბაზრის დახურვით დაგვემუქროს?

- არ არის გამორიცხული, მაგრამ ამაზე ქართულ ხელისუფლებას პასუხი აქვს: რუსეთის ბაზარი კარგია, ჩვენ ის გვაინტერესებს, მაგრამ თუ არჩევანის წინაშე დავდგებით, ერთ მხარეს იქნება 150-მილიონიანი რუსეთის ბაზარი და მეორე მხარეს - 750-მილიონიანი ევროპის ბაზარი.

- ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა რა სიკეთეს მოუტანს თითოეულ მოქალაქეს?

- მოხდება ვიზების ლიბერალიზაცია, შეღავათები იქნება სტუდენტებისთვის. თუ ვინმეს შიში აქვს, რომ ქვეყანა დაიცლება, ცდება. ეს არ არის სამუშაო ვიზა. სამუშაო ვიზას იმ ქვეყნის მოქალაქეებიც კი რამდენიმე წლის შემდეგ იღებენ, რომლებიც ევროკავშირში შემავალ ქვეყნებში ცხოვრობენ. მანამდე საქართველოში ცხოვრების ისეთი პირობები უნდა შეიქმნას, რომ მოქალაქეები ქვეყნიდან აღარ გაიქცნენ. მნიშვნელოვანია, რომ ქართული პროდუქციისთვის ევროპის კარი გაიხსნება. დღეს ჩვენ არ გვაქვს ბევრი ის პროდუქტი, რომელიც შეგვიძლია ევროპის ბაზარს შევთავაზოთ. საქართველოში არ ხდება ავტომობილების, მობილური ტელეფონების, თვითმფრინავების წარმოება (მაგრამ ამ უკანასკნელს პერსპექტივა აქვს). როგორც კი გასაღების ბაზარი ჩნდება, ეს წარმოების განვითარებას სტიმულს აძლევს. ბევრმა პატარა ქვეყანამ მიაღწია სერიოზულ წარმატებას მას შემდეგ, რაც მათთვის ევროპის ბაზარი გაიხსნა. შვედეთის, ფინეთის მაგალითი გავიხსენოთ. "ნოკიამ" ხომ მთელი მსოფლიო დაიპყრო. ევროპასთან ინტეგრაცია გვაძლევს არა მხოლოდ იმის შესაძლებლობას, რომ ევროპული ქვეყანა გავხდეთ, არამედ ევროპული ტიპის პროდუქტი ვაწარმოოთ და ევროპული ცხოვრების სტილი დავამკვიდროთ. ხანდახან დილის 6 საათზე ქუჩაში რომ გამოვდივარ, ვერავის ვხედავ. ამ დროს გერმანიაში ყველა სამსახურისა და სასწავლებლისკენ მიიჩქარის. ისეთ ცივ ქვეყანაშიც კი, როგორიც შვედეთია, მუშაობა დილის 8 საათზე იწყება. საქართველოში ეს კულტურა უნდა დავამკვიდროთ. გასულ წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ნატოსკენ. წელს ნატოს სამიტზეც გვექნება წინსვლა, მაგრამ იმის ილუზიას არ ვქმნით, რომ 2 წელში ამ ორგანიზაციის წევრი გავხდებით. გასულ წელს მთავრობის მიღწევა იყო საყოველთაო დაზღვევა. ამით სახელმწიფო მობრუნდა ადამიანებისკენ.

- მაგრამ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში იმედგაცრუება გაჩნდა.

- ძალიან დიდი დაპირებები იყო გაცემული. განსაკუთრებით ეს სამართლიანობის აღდგენას ეხება. "სამართლიანობას აღვადგენ" - სათქმელად იოლია, რეალურად კი - გაცილებით რთული, ვიდრე სამართლიანობის დამკვიდრება. ახლა საშური ამოცანა სამართლიანობის დამკვიდრება უფროა. ეს უმადური საქმეა. არავინ გეტყვის მადლობას იმისთვის, რომ ქუჩაში ახალგაზრდებს არ ხოცავ (ამას ისედაც ხომ არ უნდა აკეთებდე), მაგრამ წინა ხელისუფლების დროს ასეთი ფაქტები რომ ხდებოდა? არავინ გეტყვის მადლობას იმისთვის, რომ პრეზიდენტი წყნარად ლაპარაკობს, დუჟი (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით) არ გადმოსდის და უკანასკნელი ხმით არ კივის - ყველანი ციხეში! მეტი თავისუფლება და მოქალაქეების არ დაჩაგვრა ეს ის ჩუმი საქმეებია, რომლებიც უკვე გაკეთდა, ამაზე ტრაბახი ღირს, მაგრამ არც დაუნახაობა შეიძლება. თუ ვინმე იჩაგრება, მოვიდეს თქვენთან, მივიდეს ტელევიზიებში და ილაპარაკოს. ახლა არავინ თქვას, რომ ჩვენგან უმართავი ტელევიზია და პრესა არ არსებობს. ხელისუფლებისგან საზოგადოებრივი მაუწყებელიც კი არ იმართება და ამით ვამაყობთ. "რუსთავი 2"-ს რომ არ ვმართავთ, ეს ჩვენი სიხარულიც არის და "ნაციონალებისაც". რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, უნდა გადაისინჯოს ყველა საქმე. ჩვენ გვყავს მოსამართლეთა კორპუსი, რომელიც არსებულ საქმეებს ვერ ერევა. მაშინ ამ ადამიანებმა უნდა შეწყვიტონ დღევანდელ საქმეებზე მუშაობა და დაიწყონ სამართლიანობის აღდგენის პროცესი, მაგრამ რომელი წლიდან? უსამართლობა შევარდნაძის მმართველობის დროსაც ხომ ხდებოდა? ერთ დროს მეც ხომ უსამართლოდ მომექცნენ და დამაპატიმრეს. ეს ასე მარტივი არ არის. ქონებრივი დავა ხშირ შემთხვევაში ძალიან შორს მიდის და კომპენსაციის გადახდა სახელმწიფოს უწევს. ეს ისეთივე თემაა, როგორც ანაბრების დაბრუნება.

- მაშინ სამართლიანობის აღდგენაზე დაპირება რატომ გაიცა?

- როცა ადამიანი მოდის ხელისუფლებაში, იმდენად დემონიზებულია, ეჩვენება, რომ წყალთან მჯდარ დრაკონს თუ გადააგდებს, მერე ყველაფერი დალაგდება. წლების წინ ვწერდი, - ოღონდ საბჭოთა კავშირი დაიშალოს და საქართველო აყვავდება-მეთქი. მაშინ გულწრფელად მჯეროდა.

- მინდა, მთავარი პროკურორის გარშემო განვითარებულ მოვლენებს შევეხოთ. ოთარ ფარცხალაძის ამ თანამდებობაზე დანიშვნა ირაკლი ღარიბაშვილის შეცდომა იყო?

- ქვეყანას სჭირდებოდა ნამდვილი პროკურორი და არა - ადვოკატი. ასეთი ექსპერიმენტი ხომ ჩავატარეთ. ჩვენ გვყავდა პროკურორი, რომელიც წმინდანი იყო, მაგრამ გამოცდილებამ აჩვენა, რომ წმინდანების ადგილი პროკურატურაში არ არის. ეს სპეციფიკური საქმიანობაა. კბილაშვილი ძალიან კარგი ადამიანია, მაგრამ ვერ იპროკურორა. ამ თანამდებობაზე ზვიგენის ტიპის, შემტევი ადამიანი უნდა იყოს. ადვოკატის გაპროკურორება ისევე შეუძლებელია, როგორც პროკურორის გაადვოკატება. რადგან კბილაშვილმა ვერ გაამართლა, ნამდვილი პროკურორი მოინდომეს და ფარცხალაძე იპოვეს. ის დანიშვნის დღიდანვე საქმეს შეუდგა, მაგრამ მისი წარსული გამოიკვეთა. სააკაშვილს ღირსების ორდენითაც კი ჰყავდა დაჯილდოებული.

- მინისტრთა კაბინეტის მუშაობას როგორ შეაფასებთ? შეგიძლიათ, თქვენი ფავორიტი 3 მინისტრი დამისახელოთ?

- პარლამენტიდან საგარეო საქმეთა, ევროპასთან ინტეგრაციისა და იუსტიციის სამინისტროებთან მაქვს შეხება და შემიძლია, მათზე გელაპარაკოთ. მე გამოვარჩევდი იუსტიციის მინისტრსა და მის პირველ მოადგილეს, სანდრო ბარამიძეს. მინახავს, როგორი დამოკიდებულებაა ევროპაში ალექსი პეტრიაშვილისადმი. ის ავტორიტეტით სარგებლობს. გულდასმით ვაკვირდები პაატა ზაქარეიშვილის საქმიანობას. მესამე ფავორიტ მინისტრად მას დავასახელებ. წარმატებულია ჯანდაცვის მინისტრი და სერიოზული წარმატებები გვაქვს სოფლის მეურნეობაშიც, რაც ახლანდელი და მისი წინამორბედი ორივე მინისტრის დამსახურებაა.

- არცთუ ისე შორეულ წარსულში გსურდათ, პრეზიდენტის თანამდებობა ირაკლი ალასანიას დაეკავებინა. ახლა ფავორიტ მინისტრებშიც არ დაასახელთ. რატომ?

- ირაკლი უდავოდ კარგი მინისტრია, მისი პოტენციალი დიდია. "რესპუბლიკელები" მას პრეზიდენტისა და თბილისის მერის პოსტზეც მხარს ვუჭერდით, მაგრამ არც ერთ თანამდებობაზე მისი დასახელება არ მოხდა. ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სჭირდება იმ ტიპის პრეზიდენტი, როგორიც დღეს გვყავს. საპარლამენტო რესპუბლიკად ვყალიბდებით. "რესპუბლიკური" პარტია კი დაარსების დღიდან მმართველობის ამ ფორმის მომხრეა. პრეზიდენტის ფუნქციები მნიშვნელოვნად შემცირებულია. ფავორიტ მინისტრებში ისინი დავასახელე, რომელთა მუშაობასაც კარგად ვიცნობ.

- რომელი სამინისტროს მუშაობაში ხედავთ მეტ ხარვეზს?

- პარლამენტი ნდობას უცხადებს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტი თავის პირველ ფუნქციას, რასაც საკანონმდებლო საქმიანობა ჰქვია, კარგად ახორციელებს, დასვენების დღეებშიც კი ვმუშაობთ, მაგრამ მთავრობაზე კონტროლის ფუნქციას ჯერჯერობით საქართველოს პარლამენტი სრულფასოვნად ვერ ასრულებს.

- ამის მიზეზი რა არის?

- ამის გამოცდილებაც არ არსებობს. წლების მანძილზე პარლამენტის ფუნქცია მცირდებოდა და მცირდებოდა, ახლა ზრდა უნდა დაიწყოს და ამაზე მუშაობა მიმდინარეობს. პირველი მიღწევა ის იყო, რომ პრემიერი ჩვენ დავნიშნეთ. რომელიმე მინისტრი თუ არ მოგვეწონება, პრემიერს უნდა მივმართოთ.

- ქვეყნის ბიუჯეტის გარღვევაში ფინანსთა მინისტრის ბრალეულობას ვერ ხედავთ?

- ოპოზიცია აკრიტიკებს, მაგრამ კრიტიკა მაშინაა კარგი, როცა სამართლიანია. ბიუჯეტში გარღვევა რომ მოხდა, იმის ბრალია, ვინც ეს ბიუჯეტი დაგეგმა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ბიუჯეტი 1 თვეში იწერება, ცდება. ჩვენ ხადურს პასუხი 2014 წლის ბოლოს უნდა მოვთხოვოთ. 2013 წლის ბიუჯეტი ხადურს არ გაუწერია. ეს "ნაციონალების" მომზადებული იყო. ხადური სამინისტროში 2012 წლის ნოემბრის ბოლოდან არის, ამიტომ 1 თვეში სასწაულს ვერ მოახდენდა და ბიუჯეტს ვერ შეცვლიდა. ეს "ნაციონალებმა" კარგად იციან. წლევანდელ ბიუჯეტზე კი პასუხი უნდა აგოს, მაგრამ არ მგონია, მომავალ ამ დროს, ეს თემა აქტუალური იყოს.

- მან პრემიერისგან საყვედური არასათანადო საპარლამენტო ინიციატივისთვის მიიღო.

- ბატონ სოზართანაც იყო კითხვები, ეს მისაღებია. ასეთი კრიტიკა ევროპაში ხშირად მომისმენია, ეს იმის ნიშანია, რომ გუნდი მუშაობს.

- წინ არჩევნებია, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მთავარ ღირსებად რას მიიჩნევთ? ოპონენტები ქვეყნის დაშლის საფრთხეზე ლაპარაკობენ.

- ეს კოდექსი სულ ალბათ 5 კაცს აქვს წაკითხული, ქვეყანა როგორ უნდა დაიშალოს, შუა საუკუნეების საქართველოში ვცხოვრობთ? რა არის ცუდი იმაში, რომ პრობლემების ადგილზევე გადაწყვეტა მოხდეს და ყველაფერმა თავი დედაქალაქში არ მოიყაროს? საწყენია, რომ შეცდომაში შეიყვანეს ეკლესია. ვთვლი, რომ ამ კანონპროექტით იმ საქმის 70% კეთდება, რაც უნდა გაკეთებულიყო. მთავარია, რომ ნაბიჯი სწორი მიმართულებით იდგმება. 3 ათასმაცხოვრებლიანი დასახლებაც რომ 1 მაჟორიტარს ირჩევს და 150 000-იც, ეს სამართლიანია? ასეთი არათანაბრობა არ შეიძლება. დარაიონება საბჭოთა გადმონაშთია.

- 2014 წელს პარლამენტის თბილისში გადმოტანის საკითხი გადაწყდება?

- საკონსტიტუციო საკითხის ცვლილებას ხმების 3/4 სჭირდება, პარლამენტის სხდომაზე საკითხს მხარი 113-მა წევრმა უნდა დაუჭიროს. "ნაციონალებმა" მხარი ხვალვე რომ დაუჭირონ, ამის შემდეგ 3 თვე უნდა გავიდეს, კვლავ კენჭისყრა უნდა მოხდეს. დღევანდელი მდგომარეობით, პარლამენტში 113-მდე მხარდამჭერს ვერ ვითვლი. საუკეთესო შემთხვევაში, თბილისში შემოდგომის სესია შეიძლება შეიკრიბოს. ჩემთვის პარლამენტის ქუთაისში დარჩენა არანაირი დისკომფორტი არ არის. როგორც კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, მძღოლი მემსახურება. მის გვერდით ვზივარ, მაქვს კომპიუტერი და გზად ძველი ბერძნულიდან წიგნს ვთარგმნი და გორთან ახლოს, ერთ ადგილზე ჩურჩხელას ვყიდულობ.

- ჩურჩხელის გამყიდველი პარლამენტის თბილისში გადმოტანით წაგებული დარჩება.

- მას კლიენტი არ გამოელევა, მაგრამ წაგებულები ნამდვილად დარჩებიან ის ადამიანები, რომლებსაც ჩვენზე სახლები აქვთ მოქირავებული. ქუთაისში ბევრს 150-ლარიანი სახლი 10-ჯერ ძვირად აქვს გაქირავებული. ნიუ-იორკსა და პარიზში უფრო იაფად იქირავებ ბინას, ვიდრე - ქუთაისში. 100-მდე დეპუტატს ბინისთვის სახელმწიფო 660 ლარით უზრუნველგვყოფს. მე სხვა დეპუტატს შევუამხანაგდი, რადგან ამ ფასად ბინა ვერ ვიშოვე და ერთად 1.300 ლარს ვიხდით. აპარატის თანამშრომლები ბინაში ერთად 10 ადამიანიც კი ცხოვრობს.

- ბატონო ლევან, ძვირად ღირებული ჯიპების, ტელეფონების შეძენასა და ოთხციფრიანი პრემიების გამოწერას ამ ქვეყანაში ბოლო როდის უნდა მოეღოს?

- უსუფაშვილი გამოვიდა წინადადებით, შეიქმნას პარკი, საიდანაც მანქანის გაყვანა საჭიროების მიხედვით მოხდება. ქალაქში გადასაადგილებლად ჯიპი საჭირო არ არის. საქართველოში კი ყველა მაღალჩინოსანს ჯიპი უნდა. მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე ამდენი ჯიპი არც ერთ სხვა ქვეყანაში არ არის. ეს წამხედურობა გოიმობის ნიშანია. მთავრობამ ამ საკითხს უნდა მიხედოს. ავთო ბერიძეს ხელს არ ვაფარებ, მაგრამ "ჯიპოსანი" მინისტრებისგან ჯიპზე მეოცნებე ბერიძეზე თავდასხმა ფარისევლობა მგონია. მახსოვს, პარლამენტში მთავრობა რომ დავამტკიცეთ და მერე შენობიდან ერთად გამოვედით, თვალში საცემი იყო, ისინი მაღალ მანქანებში ჩასხდნენ, ჩვენ - დაბლებში და ზემოდან გადმოგვხედეს. საპარლამენტო რესპუბლიკაში ასე არ უნდა ხდებოდეს. მე 2009 წლის "შკოდით" დავდივარ და არ ვიწუნებ. კანონით უნდა განისაზღვროს, ვინ რა რანგისაა. დეპარტამენტის უფროსს პარლამენტარზე 2-ჯერ მეტი ხელფასი არ უნდა ჰქონდეს. პარლამენტარებმა უარი ვთქვით პრემიებზე. ჩვენ გვაქვს ხელფასი და თანამდებობრივი სარგო. ხარისხი დამოკიდებულია ანაზღაურებაზე. თუ ეს ასე არ არის, მაშინ არაჯანსაღი გარემოა. ჩვენ კი ყველამ ერთად ჯანსაღი გარემოს, შესაბამისად, ჯანსაღი სახელმწიფოს, შექმნაზე უნდა ვიზრუნოთ.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა