გასართობი ატრაქციონი ტრაგიკულად დაღუპული ოლიმპიელის საფლავზე

გასართობი ატრაქციონი ტრაგიკულად დაღუპული ოლიმპიელის საფლავზე

მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილის ოჯახს ცხედრის საგვარეულო სასაფლაოზე გადასვენება აქვს გადაწყვეტილი. ამის შესახებ გარდაცვლილის დედამ, დოდო ხარაზიშვილმა "მთელ კვირასთან" განაცხადა. მისი ცნობით, იმ ადგილზე, სადაც სპორტსმენია დაკრძალული, ადგილობრივი ხელისუფლება გასართობი ატრაქციონების დადგმას გეგმავს.

"ვიცოდი, რომ იქ რაღაც ატრაქციონი უნდა დაედგათ. მიწის მეპატრონემ თავიდანვე ჩამაყენა საქმის კურსში და მითხრა, რომ პატარა ატრაქციონი დაიდგმებოდა. როგორც ჩანს, მანაც არ იცოდა, სინამდვილეში რა უნდა გაეკეთებინათ.

"რომ მივედი, საშინელი სიტუაცია დამხვდა. დავინახეთ როგორ მიმდინარეობდა სამუშაოები, იწყობოდა დიდი კონსტრუქცია, მოყვანილი ჰყავდათ მანქანები. ნამდვილად არ ვიცოდი, ამხელა ატრაქციონის დადგმას რომ გეგმავდნენ. არც ის ვიცი, ვინ აპირებდა ამის გაკეთებას, მაგრამ მე უკვე გადავწყვიტე - მიუხედავად იმისა, ატრაქციონი გაკეთდება თუ არა, მე ჩემი შვილის საფლავის გადატანას იქ, სადაც მისი ბაბუაა დასაფლავებული, მაინც ვაპირებ.

"ადრე თავს ვიკავებდი და ჩემს მეუღლეს ვთხოვდი, რომ ეს არ გაგვეკეთებინა, მაგრამ ახლა გადაწყვეტილი მაქვს, საფლავი უნდა გადავიტანო", - თქვა ნოდარის დედამ და აქვე აღნიშნა, რომ ეკლესიას, რომლის ეზოშიც ტრაგიკულად დაღუპული ქართველი ოლიმპიელი დაასაფლავეს, გალავანი არ აქვს და, შესაბამისად, საფლავისთვის შესაფერისი პირობები იქ არ იყო.

შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 12 თებერვალს კანადის ქალაქ ვანკუვერში ზამთრის 21-ე ოლიმპიური თამაშების საზეიმო გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრმა, მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილმა უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე ერთ-ერთი ბოლო სავარჯიშო დაშვების დროს მართვა დაკარგა და 143.3 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ციგა ტრასის ბორტს შეეჯახა. ამის შედეგად იგი ციგიდან ამოვარდა და ტრასიდან მოშორებით ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა.

სასწრაფო დახმარების ვერტმფრენით ის მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 21 წლის ქართველი სპორტსმენი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტის, მეუფე სერაფიმე ჯოჯუას შეთავაზებითsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, ნოდარ ქუმარიტაშვილი ბაკურიანში შობის სახელობის ტაძრის ეზოში დაკრძალეს, რომელიც ბაკურიანის ცენტრში მდებარეობს. აღმოჩნდა, რომ სასაფლაოს გვერდით მომიჯნავე მიწა ეკლესიას არ ეკუთვნოდა და მიწის მესაკუთრემ თავისივე საკუთრებაზე კერძო ბიზნესის წამოწყების სურვილი გამოთქვა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე რევაზ კალაძემ აღნიშნული ტერიტორია მოინახულა და "მთელ კვირასთან" საუბრისას აღნიშნა, რომ ის კერძო საკუთრებაა და აუცილებელია მფლობელის ინტერესების გათვალისწინებაც. მისი თქმით, უნდა მოიძებნოს გამოსავალი და მფლობელს შესაბამისი მიწის ნაკვეთი სხვა ადგილას გადაეცეს. ეს მიწის ნაკვეთი კი ეკლესიის ან პარკის ეზოს შეუერთდეს.

"ატრაქციონის მშენებლობა შეჩერებულია, რადგან მისი მშენებლობის ნებართვა არ არსებობდა. რომ ვითხოვეთ - ვიზუალურად რას აკეთებთ, მანახეთ-მეთქი, ეგეც ვერ მანახეს. ისინი ინფორმირებულები არ არიან, რომ ამას სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან შეთანხმება სჭირდება. მათ ნებართვა უნდა აეღოთ ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან და ატრაქციონის მშენებლობა არქიტექტურის განყოფილებასთან უნდა შეეთანხმებინათ, რის მერეც გადაწყდებოდა, რა და როგორ გაკეთებულიყო.

"საფლავის კეთილმოსაწყობად ახლა უკვე ინფრასტრუქტურაა მოსაწესრიგებელი და იმედი გვაქვს, რომ ბაკურიანის რაიონს მოგვაწვდიან იმდენ თანხას, რომ ამ პარკში ტალახის და გრუნტის გზა აღარ იყოს, ეკლესიას კი გალავანი ჰქონდეს.

"რა თქმა უნდა, ეს საპატრიარქოს საქმეა, მაგრამ ტაძარს პატარა გალავანი სჭირდება, რადგან იქ საქონელი შედის და ანტისანიტარიაა. თვითონ იმ ნაკვეთის მესაკუთრესაც შუა პარკში უზარმაზარი ჯართის გროვა უგდია და ახლა იმაზე ვმუშაობთ, რომ ეს ტერიტორია მოვასუფთაოთ. მაგრამ მე, როგორც სახელმწიფო მოხელე, იქიდან გამომდინარე, რომ ეს კერძო საკუთრებაა და არა სახელმწიფო ქონება, ვერაფერს გავაკეთებ. შეიძლებოდა ნოდარის სახელობის მემორიალის დადგმა, მაგრამ რადგან ეს ბიჭი აქ დაასაფლავეს, მაშინ შესაბამისი ინფრასტრუქტურაც უნდა გაკეთდეს, ვინაიდან ბაკურიანისთვის ეს მნიშვნელოვანი თემაა", - განაცხადა რევაზ კალაძემ.

სალომე აბულაძე

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია