"პატარა ნაბიჯები... ზედ მდინარესთან წყდებოდა" - ვანში 6 წლის გოგონა დაიკარგა

"პატარა ნაბიჯები... ზედ მდინარესთან წყდებოდა" - ვანში 6 წლის გოგონა დაიკარგა

ვანის რაიონის სოფელ შუამთაში მომხდარმა უბედურებამ მთელი სოფელი დაზაფრა, - სოფელმა პატარა გოგონა, მედეა ადეიშვილი დაკარგა. ის მხოლოდ 6 წლის არის. ტრაგედიას, რომელიც გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო მოხდა, არც მიზეზი აქვს, არც საბაბი. რაც მით უფრო აღრმავებს დრამას. დაკარგული გოგონას ოჯახს არც აქამდე ულხინდა და ახლა სულ გაუბედურდნენ - ადეიშვილები აფხაზეთიდან ლტოლვილები არიან და წლების მიუხედავად, ვანში ფეხის მყარად მოკიდება ვერ შეძლეს, - ჯერ სოფელ ყუმურში ცხოვრობდნენ, მერე კი შუამთაში გადასახლდნენ იქ კი მიწის დამუშავებით ირჩენენ თავს. დევნილების ოჯახს 6 წლის მედეას გარდა კიდევ ორი შვილი ჰყავს, მეოთხეზე ბავშვების დედა ფეხმძიმედ არის.

უბედურების დღეს, 15 დეკემბერს, დაახლოებით 2 საათზე ოჯახის მამამ უფროს შვილს, 7 წლის ლევანს სთხოვა, - ფულს გაგატან, სოფლის ცენტრში წადი და მაღაზიაში სიგარეტი მიყიდეო. სახლიდან წასვლით საბაბით გახარებულმა ბავშვმა მამას ფული გამოართვა და დავალების შესასრულებლად გაიქცა. ამ დროს მისი უმცროსი დაც გამოჩნდა და ძმას გაედევნა, - მეც მინდა მაღაზიაში წასვლაო. ბავშვები დაახლოებით ნახევარ კილომეტრში მდებარე სოფლის მაღაზიაში დაახლოებით ნახევარ საათში მივიდნენ, საიდანაც გამყიდველმა უარით გამოისტუმრა, - მამათქვენს უთხარით, რომ სიგარეტს არ გატანთ, რადგან პატარები ხართ, თავად მოვიდეს და სიგარეტიც თავად წაიღოსო. როგორც ჩანს, უარმა და-ძმა დიდად არ დაადარდიანა, - სახლის ნაცვლად მაღაზიასთან დახლოებით 50 მეტრის მანძილზე მდებარე მდინარე ყუმურისკენ გადაუხვიეს სათამაშოდ. საუბედუროდ, ეს თამაში საბედისწერო აღმოჩნდა...

სოფრომ მამფორია, ოჯახის ახლობელი:

- რა ვთქვა... მთელი სოფელი გონზე ვერ მოსულა ამ უბედურებისაგან, ბავშვის დედ-მამას ახლა თითქოს რაღაც ფუნქცია აქვს, ელოდებიან მათი შვილის ცხედარს როდის აღმოაჩენენ და მანამდე ვითომ მაგრად არიან, როგორი ამბავია, - დედა ფეხმძიმედ არის... როგორია ასეთი უბედურების გადატანა ფეხმძიმე ქალისთვის! ბავშვის მამაც შოკშია, თავჩაქინდრულმა რამდენჯერ ყრუდ თქვა, ეს რა მომივიდაო. მტერსაც არ ვუსურვებ ასეთ უბედურებას. როცა და-ძმიდან სახლში მარტო ბიჭი დაბრუნდა დაახლოებით 4 საათი იყო. ბავშვი შეშინებული იყო და გაიძახოდა, - ჩემი და დავკარგე, არ ვიცი სად წავიდა, მდინარეზე კი ჩავედით, მაგრამ რომ ამოვედით და უკან მივიხედე, აღარ მომყვებოდაო. საცოდავი მამამისი მაშინვე გამოვარდა შვილის საძებნელად და სწორედ ამ დროს შევხვდით გზაზე. მარტო რას გავუშვებდით და ჩვენც გავყევით. მაშინვე ვნახეთ პატარა ნაბიჯები მდინარის პირას... ზედ მდინარესთან წყდებოდა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ