რა შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს პრეზიდენტს თურქეთის ხელისუფლებამ

რა შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს პრეზიდენტს თურქეთის ხელისუფლებამ

20 იანვარს საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის თანამშრომელს სოფო ჯაჯანაშვილს თურქეთში თავს დაესხნენ. ინციდენტი სამთავრობო უწყების მოსაცდელში მოხდა. თურქი წარმოშობის უცნობმა ქალბატონმა ჯაჯანაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, თმებში სწვდა და როგორც თურქული პრესა იუწყება, იატაკზე ათრია. სიტუაცია დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა განმუხტეს. როგორც თურქული მედია იუწყება, უცნობი ქალბატონი პრეზიდენტ აბდულა გიულისთვის თხოვნის გადასაცემად იყო მისული, მას ფსიქიკური პრობლემები აქვს. ამ დროს რას აკეთებდნენ თურქეთის სპეცსამსახურები, ან რატომ არ მომზადდა სათანადოდ ვიზიტი ისე, რომ მსგავსი ინციდენტები არიდებული ყოფილიყო და საერთოდ, პრეზიდენტი პრეზიდენტს ტრაპთან დახვედროდა. კარგი იქნება, თუ ამ კითხვებზე პასუხს გაგვცემენ შესაბამისი უწყების თანამშრომლები. ასევე ჩნდება კითხვები, რატომ არჩია საქართველომ, რომ ახალი პრეზიდენტის პირველი ვიზიტი თურქეთში დაეგეგმა, ვილნიუსის სამიტის შემდეგ, როცა ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორები აშშ და ევროპა არიან.

პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი სკანდალით დაიწყო, ეს კარგის მომასწავებელია თუ ცუდის, ამის გარკვევას შევეცდებით პოლიტოლოგ სოსო ცინცაძესთან ერთად, რომელიც მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის პრესსამსახურზე თავდასხმა არ არის პოლიტიკის ნაწილი, ეს არის სპეცსამსახურების ცუდი მუშაობის შედეგი. როცა სააკაშვილი დაფრინავდა უცხოეთში ვიზიტებით და დაცვის სამსახური გაცილებით ძლიერი და მობილიზებული იყო. მსგავსი სკანდალი მაშინ არ მომხდარა, მაგრამ თურქეთის მხარე მაშინაც თავხედურად იქცეოდა. სოსო ცინცაძე აქვე იხსენებს ერთ კონკრეტულ მაგალითს, რომლის თვითმხილველიც თვითონ აღმოჩნდა. ბათუმში ვიზიტით ჩამოსული იყო თურქეთის პრემიერ-მინისტრი ერდოღანი, ის ახალი სასტუმროს გახსნის პრეზენტაციაზე მოვიდა, ლიფტში შევიდა ერდოღანი, მას შეჰყვა სააკაშვილი და შევიდა მხოლოდ ერდოღანის დაცვა. ერდოღანის დაცვამ ლიფტში სააკაშვილის დაცვა არ შეუშვა, ლიფტის კარი ცხვირწინ მიუხურეს და სააკაშვილის დაცვის წევრები თავქუდმოგლეჯილები გარბოდნენ კიბეებით მე-14 სართულზე.

როგორც სოციალური ქსელიდან ირკვევა, მარგველაშვილი თურქეთში ჩაფრინდა მიხეილ სააკაშვილის ნაქონი საპრეზიდენტო ბორტით, სახელად "ლაზიკა", რასაც მოჰყვა კომენტარები, რომ მოქმედი პრეზიდენტი ექსპრეზიდენტის პომპეზურ თვითმფრინავს იყენებს. პომპეზური თვითმფრინავისა და ფრენის მიუხედავად, როგორც გითხარით, მას ტრაპთან არ დახვდა თურქეთის პრეზიდენტი, რაც უკვე დიდი პოლიტიკის ნაწილია. პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამ ფაქტს ასე ხსნის: "პროტოკოლით დეტალები უნდა იყოს გაწერილი. პროტოკოლის მიხედვით, როცა მაღალი რანგის სტუმარი იწყებს თვითმფრინავიდან ჩამოსვლას, აეროპორტის შენობიდან იწყებს სვლას დამხვედრი მხარე. ახლო წარსულიდან ერთ საინტერესო ფაქტს მოგიყვანთ: რუსეთში ჩამოვიდა სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ ასადის მამა, აეროპორტიდან დამხვედრმა მხარემ სვლა არ დაიწყო, ერთმანეთი დიდი ხნის უნახავი ჰყავდათ და საუბარში შეყვნენ... ხაფეზმა დაიწყო ტრაპზე ჩამოსვლა, როგორც კი ნახა, რომ დელეგაცია იქიდან არ დაიძრა, მიბრუნდა თვითმფრინავის ბორტზე. ზუსტად 2 საათის მანძილზე იჯდა და არ გამოვიდა, ბოდიშების მიუხედავად. ეს ამბავი მომიყვა კრემლის ნომერ პირველმა თარჯიმანმა ვიქტორ სუხადროვმა. ხაფეზმაც კი ახდევინათ ბოდიშები, რომელიც რუსეთში იარაღის სამათხოვროდ ჩადიოდა, აქ სახელმწიფოს ღირსების საკითხი დგას და არა პიროვნების. რა ფუნქციის მატარებელიც არის თურქეთის პრეზიდენტი, იგივე ფუნქციის მატარებელია საქართველოს პრეზიდენტი, ორივე უფლებაშეზღუდულია. ის, რომ პრეზიდენტს პრეზიდენტი არ დახვდა, ეს არის ქვეყნის უპატივცემულობა"...

შეგახსენებთ, რომ საგარეო ურთიერთობები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჩაბარებული აქვს მიხეილ მაჭავარიანის ძმას, ესეც ერთგვარი კაზუსია, როგორ შეიძლება ერთი ძმა იყოს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი და მეორე, საქართველოს პრეზიდენტის წამყვანი ფიგურა? ოპოზიციისთვის ყბადაღებული თემა იყო და დღემდე რჩება ძმები კუბლაშვილების საკითხი, თუმცა ორივე მათგანი ერთ პარტიას ემსახურებოდა. გასაკვირი ისაა, რატომ არ აპროტესტებს "ოცნების" ხელისუფლება "ნაცმოძრაობიდან" დესანტად ჩასმულ მაჭავარიანის ძმის საკითხს?! როგორც ჩანს, ვანო მაჭავარიანი არც ისეთი პროფესიონალია, ამას ასე განმარტავს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე: "ვანო მაჭავარიანი, ეს არის ქართველი ტალეირანი (რა თქმა უნდა, იუმორით), მაგრამ მარგველაშვილსა და ხელისუფლებას იქ ბისმარკებიც ჰყავს, რასაკვირველია, ისინი მოძებნიან ამ ფაქტის ლამაზ ახსნას, პირს მოწმენდენ თურქულ მხარეს, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი საკითხია, რატომ აირჩია პრეზიდენტმა ოფიციალურ ვიზიტად თურქეთი. ეს მარტო ქართველებს კი არა, სხვებსაც აინტერესებთ, ამ თემას აზერბაიჯანულმა პრესამ რამდენიმე დიდი სტატია მიუძღვნა ასეთი შინაარსით – რატომ არჩია მან თურქეთი და არა აზერბაიჯანი?! აზერბაიჯანელი ექსპერტები ამას ასე ხსნიან, რომ გადასაწყვეტია, მაგალითად, რკინიგზის თემა - ყარსი-ახალქალაქის მიმართულებით და ამიტომაც ვერ მოხერხდა პირველი ვიზიტი აზერბაიჯანშიო. ისმის ასევე კითხვა, - რატომ არ წავიდა პრეზიდენტი პირველი ოფიციალური ვიზიტით ევროპაში? როგორც ჩანს, ევროპელებმა თვითონ არ დაპატიჟეს. დღეს ევროპას ნაკლებად აინტერესებს მარგველაშვილი. ევროპელი ლიდერები დროს არ დაკარგავენ მარგველაშვილთან ვიზიტის მომზადებაზე, რადგან ზუსტად იციან, რომ ის გადაწყვეტილების მიმღები არ არის, ბოლოს და ბოლოს, სადღაც ხომ უნდა წასულიყო? ამხელა ხელფასს იღებს, პრეზიდენტი ჰქვია, მერე რა, რომ ერთი კაცის დანიშნულია?.. მე მაინც მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვიზიტი ცუდად იყო მომზადებული. საერთოდაც მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მოვახდინეთ სტრატეგიული პარტნიორის, როგორც ცნების დეფოლტი, ძველი რომიდან მოყოლებული სტრატეგიული პარტნიორი არის სახელმწიფო, რომელიც შენი გულისთვის იომებს. აფხაზეთის ომის შემდეგ, აფხაზეთის ომში გამძაფრებული ინტენსივობით შედიოდნენ თურქული გემები, მაშინაც კი, როცა იყო მცდელობა, რომ აფხაზეთი ეკონომიკურ იზოლაციაში მოექციათ, მაშინაც კი თურქეთმა ანგარიში არ გაუწია საქართველოს. ცხადია, თურქეთი ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანაა და საქართველო, როგორც პარტნიორი ამ კუთხით ესაჭიროება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თურქეთი, რომელმაც დაიპყრო ნახევარი აჭარა და ტოტალური გათურქება მიდის, ის არ შეიძლება ჩაითვლაოს კეთილსინდისიერად, პარტნიორად და უფრო გულსატკენია, როცა მსგავსი ინციდენტებით იწყება პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი".

სოსო ცინცაძე იხსენებს, თუ როგორ შედიოდა მართლაც აფხაზეთის ომის შემდეგ თურქული გემები აფხაზეთში,- "რომელ სტრატეგიულ პარტნიორობაზეა ლაპარაკი?.. თურქულ გემებს აფხაზეთიდან მიაქვთ ქვანახშირი, ამარაგებენ სურსათით. არის ინფორმაცია რომ ომის დროს შეჰქონდათ იარაღი. ოფიციალური მონაცემებით, 25 ათასი თურქია ბათუმში ჩამოსული, არაოფიციალურად, აჭარა, ბათუმი უფრო ბორდელად აქვთ გადაქცეული. ბოლოს და ბოლოს, თავმოყვარეობის საკითხია. თავის დროზე კუბა იყო ამერიკელების ბორდელი, ფიდელ კასტრომ ამიტომაც მოახდინა ადვილად რევოლუცია, რადგან კუბელებს ყელში ამოუვიდათ ამერიკელების "გრიალი" და ჩვენ როდემდე უნდა ვუყუროთ, თუ როგორ რყვნიან ქვეყანას და როგორ გადააქციეს ბორდელად აჭარა. წადით და ნახეთ, როგორ იქცევიან ბათუმში თურქები. თავმოყვარე ქვეყნის პრეზიდენტი პირველ ვიზიტს თურქეთში არ განახორციელებდა. მე, როცა კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი მარგველაშვილის, ჟურნალისტები ამ კანდიდატურასთან დაკავშირებით, დიდ დისკომფორტს არ განიცდიდნენ. მაშინ ჩემი მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ მიუხედავად კარგი განათლებისა და კარგი ადამიანური ფაქტორებისა, ის არის პიროვნულად სუსტი. წარმოიდგინეთ, როდესაც თანამდებობაც კონსტიტუციურად სუსტია და პიროვნებაც სუსტი, ეს იწვევს დისბალანსს. ასეთი საპრეზიდენტო მოდელის პირობებში ჩვენ პიროვნულად სუსტი პრეზიდენტი არ უნდა აგვერჩია, პირველ საპრეზიდენტო ვადაში მაინც. ამან გამოიწვია გავლენის კატასტროფული ვარდნა, ადამიანები პარალელს ავლებენ სააკაშვილთან, მოსახლეობა ვერ ეგუება პიროვნულად სუსტ პრეზიდენტს. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერი ჯენტლმენურად იქცევა და მას აქვს სურვილი დროდადრო გამოჩნდეს პრეზიდენტი. საქმე ის არის, რომ პრეზიდენტის გამოჩენას თავისი პეწი უნდა ჰქონდეს. მე აქ ვხედავ პროტოკოლის სამსახურის მინუსს, ვიზიტი არ იყო მომზადებული, საერთოდაც, ჩვენ არ გვაქვს ტრადიცია ვიზიტების მაღალ დონეზე მომზადების. შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილის პირველ ვიზიტს ევროპაში, როცა მას საქართველოს ელჩიც კი არ დახვდა, ეს იმიტომ, რომ ვიზიტი არ იყო სათანადოდ მომზადებული. როცა საქართველოს საგარეო მინისტრი საჯაროდ აცხადებს, რომ აუცილებელი არ არის დიპლომატიური განათლება ელჩისთვის, ჩვენ ხომ ვიცით რატომაც ამბობს ამას, იმიტომ, რომ თვითონ მას არ აქვს დიპლომატიური განათლება. ამის შემდეგ, დიპლომატიის რა მაღალ კლასზეა საუბარი?.. საგარეო საქმეთა მინისტრი პროვინციული სკოლის მასწავლებელი იყო. ასე რომ, მოშლილია დიპლომატიური სკოლა და ტრადიცია.

მსოფლიოში ყველა დიდ მნიშვნელობას აქცევს პრეზიდენტის პირველ ვიზიტს და ცდილობენ, ძალიან მაღალი რანგის ვიზიტი განახორციელონ პროფესიონალურ დონეზე. ვილნიუსში მარგველაშვილი, როგორც პრეზიდენტი, ისე არ ჩასულა, არამედ ის ჩავიდა ხელის მოსაწერად ევროპასთან ასოცირების პარაფირების დოკუმენტზე, შესაბამისად, აქცენტი უნდა გაკეთებულიყო ევროპაზე, საფრანგეთზე, ან გერმანიაზე, მით უმეტეს, მთელი სიმძიმე ჩვენი დიპლომატიური აქტივობის გადატანილი უნდა იყოს საფრანგეთსა და გერმანიაზე, რადგან სექტემბრის სამიტზე გადამწყვეტი იქნება ბერლინისა და პარიზის პოზიცია. დიდი ალბათობით ჩვენ უკვე ვიცით, როგორი იქნება ეს პოზიცია. ჩვენ ახლა უნდა ვეცადოთ, პოზიციები შევაცვლევინოთ ჩვენს სასარგებლოდ, მაგრამ გეკითხებით, ვინ არის ამის გამკეთებელი, გეკითხებით... არასამთავრობო სექტორიდან პარიზში ელჩად წასული?.."

მოკლედ, რაც მოხდა პრეზიდენტის ამ ვიზიტისას, ამის გამო ბოდიში უნდა მოიხადოს თურქეთის მხარემ და პრეზიდენტმა მარგველაშვილმა არ უნდა ითავმდაბლოს, რომ ქვეყნის პრესტიჟი შეილახოს. თავმდაბლობა ამშვენებს გაზონებს და არა პრეზიდენტებს.

ნინო სამხარაძე

გაზეთი "ალია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა