ევროკავშირის მხრიდან ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარის, ფილიპ ლეფორის განცხადებამ, რომ სამხრეთ ოსეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი დიდი ხანია განსაზღვრულია, ოფიციალური თბილისი გააკვირვა.
ქვეყნის საგარეო უწყებაში ჯერჯერობით არ აქვთ ინფორმაცია, რამდენად შეესაბამება სინამდვილეს ოსური მედიით გავრცელებული ფილიპ ლეფორის განცხადება და იმედოვნებენ, რომ ეს მხოლოდ ჟურნალისტების ინტერპრეტაციაა.
რა იგულისხმა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, როდესაც სამხრეთ ოსეთის სტატუსზე საუბრობდა, ამას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე ხვალ გაარკვევს.
"ხვალ, 12:00 საათზე მე მაქვს მასთან შეხვედრა. ის ჩამოდის საქართველოში, რომ დაგვემშვიდობოს, როგორც სპეციალური წარმომადგენელი ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში და საერთოდ, როგორც ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი. ხვალ დავუსვამ მე მას შეკითხვას - არის თუ არა სწორი ის ინფორმაცია, რასაც ოსური მედია ავრცელებს და რა არის მისი პასუხი, თუკი ეს ინფორმაცია სწორია",- განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
იმ შემთხვევაში კი თუ ოსური მედიის გავრცელებული ინფორმაცია მართალი აღმოჩნდება, ფილიპ ლეფორს პრობლემები ექნება არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ თვითონ ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ფილიპ ლეფორი არის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი და ჟენევის მოლაპარაკებებში თანათავმჯდომარე ევროკავშირის მხრიდან და მის მიერ გაკეთებული ნებისმიერი განცხადება მნიშვნელოვანია და მას უყურადღებოდ ვერ დატოვებენ.
"ფილიპ ლეფორი გახლავთ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი. ევროკავშირი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე ჩვენს რეგიონში და განსაკუთრებით საქართველოში სწორედ კონფლიქტების კუთხით. ევროკავშირი არის ის ორგანიზაცია, რომელმაც მიაღწია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას; ევროკავშირის დაქვემდებარებაშია სადამკვირვებლო მისია; ევროკავშირი არის მონაწილე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების და როგორც ევროკავშირი, მისი ყველა წევრი სახელმწიფო აღიარებენ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. შესაბამისად, მისი სპეციალური წარმომადგენლის მიერ ამ ყველაფერთან წინააღმდეგობაში მოსული განცხადება ეწინააღმდეგება თავად ევროკავშირის პოლიტიკას და მისი წევრი სახელმწიფოების პოლიტიკას. ასე რომ, ეს მიუღებელი არის არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ თავად ევროკავშირისთვის და მისი წევრი სახელმწიფოებისთვის. ევროკავშირის წარმომადგენელს არ აქვს უფლება გააკეთოს განცხადება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის თავად ევროკავშირის პოზიციასთან.
ძალიან მინდა ვისურვო, რომ ეს განცხადება არ არის მართალი, მაგრამ თუკი აღმოჩნდება, რომ ეს მართალია, მაშინ ბატონ ლეფორს პრობლემები ექნება არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ თვითონ ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
ფილიპ ლეფორის განცხადებამ გააკვირვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილეც. როგორც დავით ზალკალიანი აცხადებს, ფილიპ ლეფორს საქართველოს საწინააღმდეგო განცხადება არასდროს გაუკეთებია.
"იგი, როგორც ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარე, იყო მიუკერძოებელი და ყოველთვის უძღვებოდა შესაბამისად ამ მოლაპარაკების პროცესს. მე ძალიან გამიკვირდა და არ მინდა დავიჯერო, რომ ეს არის სიმართლე და რომ ეს არ წარმოადგენს ჟურნალისტების ინტერპრეტაციას", - განაცხადა ზალკალიანმა.
სამხრეთ ოსეთის სტატუსთან დაკავშირებით, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ცხინვალში, სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტ, ლეონიდ თიბილოვთან შეხვედრაზე ისაუბრა. როგორც ოსური მედია წერს, ფილიპ ლეფორმა აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთის სტატუსი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი, რესპუბლიკის ხალხის მიერ დიდი ხანია განსაზღვრულია. "ამ პოზიციის შეცვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს რეალობაა, რომელთან ერთად ცხოვრება და მუშაობა უნდა ვისწავლოთ",- განაცხადა ლეფორმა.
ჯერჯერობით იმაზე არავინ საუბრობს, რა საფრთხეების შემცველი შეიძლება იყოს ეს განცხადება, რადგან ან დრომდე თავად ფილიპ ლეფორს განმარტებები არ გაუკეთებია. იყო თუ არა ეს მედიის შეცდომა, ამაზე პასუხის გაცემა ფილიპ ლეფორს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრაზე მოუწევს.
დაახლოებით ერთი თვის წინ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ჟენევის მოლაპარაკებათა ერთ-ერთი თანათავმჯდომარის მხრიდან რუსეთის ფედერაციასთან "გარკვეული თამაში" მიდიოდა.
ეს განცხადება ზალკალიანმა რამდენიმე საპარლამენტო კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ თანათავმჯდომარის პოზიცია ქართული მხარისთვის მაინცდამაინც სახარბიელო არ იყო.
"ჩვენთვის გარკვეულწილად არ იყოს სახარბიელო ერთი თანათავმჯდომარის პოზიცია, რომელიც ხშირ შემთხვევაში გამოირჩეოდა მერყეობით და გარკვეული თამაშიც კი მიდიოდა რუსეთის ფედერაციასთან, ჩვენი დაყოლიების კუთხით. მაგრამ, კარგია, რომ ეს პროცესი დასრულდა ისე, როგორც ჩვენ გვინდოდა. მომავალი წლიდან ახალი თანათავმჯდომარე იქნება", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს მაშინ არ დაუკონკრეტებია, რომელ თანათავმჯდომარეზე იყო საუბარი, თუმცა მედიაში მალევე გავრცელდა მოსაზრება, რომ საუბარი ევროკავშირის მხრიდან ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეს, ფილიპ ლეფორს ეხებოდა.
ნანა ხიდეშელი, Ambebi.ge