სოციალური ქსელი: აგენტების დაქირავება საჭირო აღარ არის!

სოციალური ქსელი: აგენტების დაქირავება საჭირო აღარ არის!

სოციალურ ქსელში ჩართულთა უდიდესი ნაწილი თავს დაცულად ვერ გრძნობს. მათი აზრით, "ფეისბუკი" საკუთარი ცხოვრების აფიშირებას და სხვათა მიერ გაკონტროლებას უწყობს ხელს. ამაზე კვლევა ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფმა "ვისითმაც" ჩაატარა. რესპონდენტთა უმეტესობა აცხადებს, რომ მათი სოციალური ქსელების პაროლები სხვებისთვისაც ხელმისაწვდომია.

დღეს საქართველოში სოციალური ქსელით ასიათასობით ადამიანი სარგებლობს. პოპულარობით "ფეისბუკი" გამოირჩევა. ჯგუფმა "ვისითიმ" ამ საკითხზე და სოციალური ქსელით სარგებლობისას მის კონფიდენციალურობაზე კვლევა ჩაატარა. გამოკითხვა 405 ზრდასრულ თბილისელს შორის ჩატარდა, რომლის მიხედვითაც აღმოჩნდა, რომ დღეისთვის ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი "ფეისბუკია", "ინსტაგრამით" - 1%, "ტვიტერით" - 4%, "ოდნოკლასნიკით" - 17%, ხოლო "ფეისბუკით" 47% სარგებლობს.

"ვისითი" ასევე დაინტერესდა, რამდენად დაცულია სოციალური მედიის მომხმარებლის პირადი სივრცე? აღმოჩნდა, რომ რესპონდენტთა 51%-ის სოციალური ქსელების პაროლები ოფიციალურმა და არაოფიციალურმა პარტნიორებმა იციან.

"რეზონანსის" მიერ გამოკითხულთა უმეტესობაც ამ ფაქტს ადასტურებს. ისინი ჩვენთან საუბრისას ყურადღებას "ფეისბუკთან" დაკავშირებულ საფრთხეებზე ამახვილებენ. ერთ-ერთი მათგანი, კოკა ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ პაროლის ძირითადი მიზანი უცხო პირებისგან დაცვაა, თუმცა ხშირად ასე არ ხდება და იგი თავის ფუნქციას ვერ ასრულებს.

რესპონდენტი ჩვენთან საუბრისას იხსენებს იმ ფაქტებსაც, როდესაც სამსახურში "ფეისბუკი" ჩართული დარჩენია ან კომპიუტერს პაროლი დაუმახსოვრებია. როგორც აღმოჩნდა ასეთი შემთხვევები საკმაოდ ხშირი ყოფილა. კოკა ჩიხლაძე ასევე დასძენს იმასაც, რომ სოციალურ ქსელში დარეგისტრირებისას მომხმარებელი დაწვრილებით ავსებს ინფორმაციას საკუთარი ინტერესებისა და ურთიერთობების შესახებ. ამით ქსელი შენზე ინფორმაციას იღებს, რაც შემდეგ ნებისმიერი პირისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

საკუთარი თავის აფიშირებას ზოგი შეგნებულად ახდენს, ნაწილს კი არ უყვარს ცხოვრების გამომზეურება და თავის დაცვის მიზნით სოციალურ ქსელზე უარს ამბობს.

"ფეისბუკი" მქონდა და გავაუქმე. გადაწყვტეილება სპონტანურად, ყოველგვარი ფიქრისა და ყოყმანის გარეშე მივიღე. ნამდვილად იმის გამო არ გამიკეთებია, რომ დროს მაკარგვინებდა ან მონიტორთან დიდხანს ყოფნა ჩემს ჯანმრთელობას უქმნიდა საფრთხეს. ამ საქციელისკენ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა მიბიძგა.

სოციალური ქსელით შესაძლებელია, დაინტერესებულმა რომელიმე პირმა შენზე თვალთვალი განახორციელოს. მაგალითად, "ფეისბუკზე" "ეფლის" "აიფონით" და "აიპადით" შესვლისას ფიქსირდება დრო და ადგილმდებარეობა. ეს არის სათვალთვალო მოწყობილობა, რომელიც მარტივად ახდენს შენი ცხოვრების, გადაადგილების მარშრუტის, დროის დაფიქსირებას, საზოგადოება თავად უწყობს ხელს, სააშკარაოზე გამოიტანოს საკუთარი თავი. ადრე ამისთვის "კაგებე" მუშაობდა, ახლა ტექნოლოგიებმა ყველაფერი გაამარტივა", - ამბობს ანასტასია კოლელიშვილი.

ასეთი კომენტარების მიღების შემდეგ "რეზონანსმა" დასვა შეკითხვა, მათ გარდა კიდევ რამდენმა იცის "ფეისბუკის" ინდივიდუალური პაროლი? პასუხები ასეთი აღმოჩნდა: ნაწილი ამბობს, რომ ეს ინფორმაცია არავისთვის ხელმისაწვდომი არ არის, ზოგიერთის შემთხვევაში მხოლოდ შეყვარებულს ან მეგობარს მიუწვდება ხელი. იყვნენ ისეთებიც, ვისი ელექტრონული ფოსტის პაროლი 6-7-მა ადამიანმა იცოდა. ამ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში კი, "ფეისბუკზე" შესვლა სიძნელეს აღარ წარმოადგენს.

"მე თუ მკითხავთ, მისი გატეხვის, მომხმარებლის პირად სივრცეში შეღწევის გარეშეც შესაძლებელია გაიგო ადამიანის შესახებ ყველაფერი. ზოგი ისეთი გახსნილია, რომ სტატუსად ყველაფერს წერს, იმასაც კი, რა ჭამა, რას გრძნობს, სად მიდის, საიდან მოვიდა, ვინ უყვარს...

"ფეისბუკმა" კონფიდენციურობა სამუდამოდ დაასამარა. მისი წყალობით ტოტალურად ხდება ადამიანების პირადი ცხოვრების გაკონტროლება, თვალის დევნება. ბევრს თავისი გრძნობები, სულიერი განცდებიც კი სააშკარაოზე გამოაქვს. ვიცი ყოველდღე, ჩემი მეგობრებიდან, ვინ ბედნიერია და ვის დეპრესია სჭირს. იწერება მიზეზები, როდის უყვართ, თავს დამნაშავედ რატომ გრძნობენ და ათასი დეტალი, რასაც კაცი საკუთარ თავს ძლივს უმხელს ხოლმე.

არის ადამიანების კატეგორია, რომლებიც წერენ, თუ სად იყვნენ. ხშირად მხვდება "სტატუსებად", რომ მავანი არის სახლში, უნივერსიტეტში, რომელიმე ბარში (სახელწოდება, რა თქმა უნდა, მითითებულია). "ფეისბუკი" როცა არსებობს, ადამიანის გაკონტროლების სურვილის შემთხვევაში, აგენტის დაქირავება აღარ არის საიჭრო. ამის გაკეთება უკვე ფულის უაზრო გადაყრა გამოდის", - ამბობს მარიამ ფუტკარაძე.

სოციალური ქსელის კარგად შესწავლა "ფეისბუკის" გატეხვის ალბათობას ძალიან ამცირებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი მართლაც საკუთარი თავის გამოაშკარავების, კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების გარკვეულ საფრთხეს შეიცავს.

დავით ფიფიას თქმით, პირადი ინფორმაციის დაცვა შესაძლებელია. არსებობს მეთოდი, რომლით სარგებლობის შემთხვევაში, პაროლის ცოდნის მიუხედავად, მსურველნი "ექაუნთით" ვერ ისარგებლებენ. მისი აზრით, თუ ადამიანმა მოინდომა, მისი პირადი მონაცემებიც დაცული იქნება.

"ფეისბუკს" უამრავი ფუნქცია გააჩნია: დამალვა სურათების, მეგობრების, პაროლის, მაშინაც კი, თუ შემთხვევით ჩართული დაგრჩათ ან ვინმემ გაიგო. ეს გახლავთ საფრთხე საკუთარი თავის გამოაშკარავების, თუმცა ინფორმაციის კონფიდენციურობის დაცვა შესაძლებელია. ამაზე ადამიანმა თავად უნდა იზრუნოს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას დავით ფიფია.

მარიამ აფციაური

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია