ახალგაზრდა უფლებადამცველები ბენზინის მაფიაზე დოკუმენტებს აგროვებენ

ახალგაზრდა უფლებადამცველები ბენზინის მაფიაზე დოკუმენტებს აგროვებენ

ახალგაზრდა უფლებადამცველები კანცელარიასთან შეკრებილ გორის ბაზრის მოვაჭრეთა აქციას შეუერთდნენ და ფასების ზრდა გააპროტესტეს. რატომ გაძვირდა პროდუქტები და როგორ გადაინაწილეს ხელისუფლებაში ბიზნესები ისე, რომ ახლა ხალხის ხარჯზე კვლავ ერთეულები მდიდრდებიან? ვართ თუ არა სოციალური აფეთქების ზღვარზე, გამოვა თუ არა ხალხი ქუჩაში და მოითხოვს თუ არა ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას?

"ალია" უფლებადამცველ ლექსო კობაიძეს ესაუბრა.

- მოგეხსენებათ, ლარის დევალვაცია მიმდინარეობს, საზოგადოებამ კარგად დაინახა, რა ტენდენციაა და როგორ ძვირდება ყველა პროდუქტი. ჯერ თავს იმართლებდა მთავრობა, ფასების ზრდა ახალ წელს უკავშირდებაო, მაგრამ ჩაიარა ახალმა წელმა და უფრო გაუარესდა ეკონომიკური მდგომარეობა. ჩვენ აქციაზე არა მხოლოდ პროდუქტებზე, არამედ საწვავზეც გავამახვილეთ ყურადღება. კარგად იცით, რომ სამ დღეში ერთხელ ფასები იმატებს საწვავზე, რაც ისედაც დამძიმებულ სოციალურ ფონს უარესად ამძიმებს.

- კი მაგრამ, სულ იმას არ ამბობდნენ, "ნაციონალების" ჯიბეში შედის საწვავის ფულიო? ახლა ვის ჯიბეში მიდის?

- არსებითად არაფერი შეცვლილა, "ნაციონალების" დროს ვის ჯიბეშიც მიდიოდა, ახლაც იმ ხალხის ჯიბეში მიდის. უკვე დარწმუნებული ვარ, რომ აქაც კოჰაბიტაცია მუშაობს. ერთობლივი კლანი შექმნეს "ნაციონალებმა" და "ოცნებამ". მოხდა ბიზნესების გადაბარება. ბიზნესში ისევ კარტელური გარიგებებია. ხალხის კისერზე ისევ შოულობენ ფულს ცალკეული პირები და ხელისუფლება ამაზე თვალს ხუჭავს. ხალხი, რომელიც ადანაშაულებდა წინა ხელისუფლებას ენერგომაფიასთან ან სხვა სახის კარტელურ შეთანხმებებში, ახალმა ხელისუფლებამ იგივე ხაზი გააგრძელა. საზოგადოებაში უკვე მუსირებს აზრი, რომ ახალი ხელისუფლება გაურიგდა ამ მაფიას. ფაქტიც სახეზეა, ყველაფერი იგივე დარჩა, არ გაზრდილა ხელფასები, სამაგიეროდ გაძვირდა ყველაფერი და მოიმატა გადასახადებმა. ბენზინის ფასი და ლარის დევალვაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ეს აქცია, რომელიც ჩავატარეთ, გამაფრთხილებელი იყო და გაჩერებას არ ვაპირებთ. ბოლომდე მივყვებით.

- დამისახელეთ რამდენიმე ადამიანი, ვის ჯიბეშიც ამხელა ფული ილექება.

- რა თქმა უნდა, ვიცი ამ ადამიანების გვარები. მესმის, რომ ძალიან გინდათ, ისინი დაგისახელოთ, მაგრამ აუცილებლად ვპირდები "ალიას" დოკუმენტურად მათ გამოაშკარავებას. მე იურისტი ვარ და დოკუმენტების გარეშე ამის მტკიცება არ მჩვევია.

- მიმანიშნეთ მაინც, ვინ არიან.

- ესენი არიან ძველი ჩინოვნიკები, რომლებიც ახალ ხელისუფლებასთან შევიდნენ კოჰაბიტაციურ ურთიერთობაში. მხოლოდ დროებით არ ვასახელებ ამ გვარებს, თორემ აუცილებლად არგუმენტებით დავასახელებ, უკან დახევა არ მჩვევია. დაგისახელებთ ადამიანებს, რომლებიც არიან ხალხის ხარჯზე გამდიდრებულები და ვინც აპირებს კიდევ უფრო გამდიდრებას.

საწყენია, რომ ღარიბაშვილი სააკაშვილივით იმეორებს, რომ ყველაფერი კარგადაა, გარღვევა არაფერში გვაქვს და წინ მივდივართ, მაგრამ რეალობა სულ სხვაა. ხალხი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. მე ვფიქრობ, სოციალური აფეთქება უეჭველად მოხდება და ის ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებაში არიან, ისე კომფორტულად ვეღარ იგრძნობენ თავს, როგორც არიან. საპროტესტო მუხტი აშკარაა და ეს გაღვივდება. ხალხში სოციალური პროტესტი არსებობს. მართალია, ამას ორგანიზებული სახე არ აქვს, მაგრამ ვაძლევ ხელისუფლებას პირობას, რომ, თუ ასე უუნაროდ გააგრძელებს მუშაობას, ეს ხალხის მძლავრ აგრესიას გამოიწვევს. მერე ლამაზი დაპირებები ვეღარ გადაარჩენს ამ ხელისუფლებას.

ჟანა ასანიძე

გაზეთი "ალია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა