C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებზე ფასები პირველი თებერვლიდან გაიაფდება. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განხორციელებულმა რეფორმამ სამინისტროს საშუალება მისცა, რომ სამოქალაქო საზოგადოებაზეც, 10 ათას ადამიანზე ეტაპობრივად შეეძინა და შემოეტანა მედიკამენტი 60%-ით უფრო ნაკლებ ფასად, ვიდრე დღეს ღირს.
მინისტრის ინფორმაციით, ამ პროექტის განხორციელება პირველი თებერვლიდან დაიწყება, მსურველებს კი ამ დღეების განმავლობაში მიეწოდებათ დაწვრილებითი ინფორმაცია, როგორ უნდა მოიქცნენ.
დავით სერგეენკოს განმარტებით, 60%-იანი ფასდაკლების პროექტი განხორციელდება მხოლოდ იმ პაციენტებზე, ვისაც უკვე დიაგნოზი დადგენილი აქვს, ჩატარებული აქვს ყველა საჭირო კვლევა და ფაქტიურად ხელში უჭირავს დანიშნულება.
რამდენიმე ავტორიზებული აფთიაქი თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში იქნება, სადაც ამ მედიკამენტების ფასდაკლებით ყიდვა იქნება შესაძლებელი.
რაც შეეხება დაწესებულ შეზღუდვას და იმას, რომ მედიკამენტები ფასდაკლებით არ გაიცემა იმ პირებზე, ვინც ვარაუდობს, რომ C ჰეპატიტი აქვს, ან დაუზუსტებელი გენოტიპი, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ეს ფასი მსოფლიოში, ეგვიპტის შემდეგ მეორე ადგილზეა სიიაფით და შეზღუდვაც იმის გამო დაწესდა, რომ არალეგალური გადაყიდვა არ მომხდარიყო და ნებისმიერს არ შეძლებოდა ამ ფასად მედიკამენტების ყიდვა და სხვა ქვეყენაში უფრო ძვირად გაყიდვა.
ჟურნალისტებთან შეხვედრაზე სერგეენკო საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გავრცელებულ იმ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმად, საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეები C ჰეპატიტზე უფასოდ ვეღარ იმკურნალებენ.
ამ საკითხის კომენტირებისას, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყველა ქვეყნის მთავრობა გადაწყვეტილებას მისი ინტერესებიდან გამომდინარე იღებს და ესეც საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებაა.