ახალი მთავარი პროკურორი თავის ნამდვილ ბიოგრაფიას მალავს?

ახალი მთავარი პროკურორი თავის ნამდვილ ბიოგრაფიას მალავს?

"საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ახალი მთავარი პროკურორის ბიოგრაფია, სადაც აღნიშნულია, რომ ბატონი გიორგი ბადაშვილი 2013 წლის მაისიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან მივიღეთ 2013 წლის 31 ოქტომბერს გამოცემული წერილი #60953/11 საქმეზე გადაწყვეტილების შესახებ, სადაც ამავე სასამართლოს სახელით ხელს აწერს სასამართლოს იურისტი რეფერენტი ბ-ნი გიორგი ბადაშვილი.

აქსიომურია, რომ გიორგი ბადაშვილი 2013 წლის ოქტომბრის თვეში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისტ-რეფერენტისა და შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის მოადგილის თანამდებობებზე ერთდროულად ვერ იქნებოდა, რამეთუ "აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ", პრინციპი ევროსასამართლოსთვის უცხოა.

შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ბატონი ბადაშვილი ნამდვილად იყო იურისტი-რეფერენტი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, მაშინ გაყალბებულია მისი ბიოგრაფია. თუ არ იყო იურისტი რეფერეტი, მას ევროპული სასამართლოს სახელით სასამართლოს გადაწყვეტილებებზე ან კორესპონდენციებზე ხელმოწერის უფლება არ ჰქონდა და შესაძლებელია, საქმე გვაქვს უარესთან, კერძოდ, ხელისუფლების მიერ ჩადენილ სიყალბესთან ან ევროსასამართლოში კორუფციის შეტანასთან,

მოსარჩელეებისთვის/დაზარალებულებისთვის რეაბილიტაციის, რესტიტუციის ან კომპენსაციის უფლების ხელოვნურად აღკვეთის მიზნით იმ საქმეებზე, რომელთა გამოთხოვაზე იუსტიციის მინისტრმა ევროსასამართლოს მიმართა მოსარჩელეებთან მორიგების აბსურდული მოტივით".

აღნიშნული ინფორმაცია "ალიას" არასამთავრო ორგანიზაცია "დემოკრატიული და სამართლიანი საქართველოს" თავმჯდომარემ, გერონტი აშორდიამ მიაწოდა. ამიტომ მას დეტალების დასაზუსტებლად დავუკავშირდით:

- ბატონო გერონტი, როგორ აღმოაჩინეთ ეს დოკუმენტი?

- მე მაქვს მხოლოდ ის დოკუმენტი, რომელიც მოგაწოდეთ. რამდენჯერმე დამიკავშირდნენ და მკითხეს, ეს ბადაშვილი სხვა ხომ არ არისო? დიახ, ისაა, რადგან სხვა გიორგი ბადაშვილის თაობაზე არავინ იცის არაფერი. ასეთი დოკუმენტები, გიორგი ბადაშვილის ხელმოწერით, უამრავია საქართველოში და ყველა აბსურდული, დაუსაბუთებელი და მასში მითითებულ 34-ე და 35-ე მუხლებთან შეუსაბამო.

- რატომ მიმართეთ ბადაშვილს სტრასბურგში, რა საქმეებზე მუშაობდა?

- მისთვის არ მიგვიმართავს. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში არიან საქართველოდან წარდგენილი კადრები, იურისტი-რეფერენტები, რომლებიც სასამართლო განხილვისთვის ამზადებენ საქმეებს და მათთან მოსარჩელეებს არავითარი ურთიერთობა არ აქვთ. სტრასბურგის სასამართლოში იყო ჩვენი სარჩელი რეგისტრირებული და ამაზე გაგვაჩნია 2011 წლის 8 დეკემბრის დოკუმენტი იურისტი-რეფერენტის, ნინო ხაინდრავას ხელმოწერით. როდესაც გამოვთქვი პროტესტი, რომ თეა წულუკიანი ახდენდა სარჩელების დაბლოკვას, მხედველობაში მქონდა ის დოკუმენტი, რომელიც თქვენ იხილეთ. იქნებ სულაც არაა ეს გიორგი ბადაშვილი ის, ვინც აღნიშნულ დოკუმენტზე აწერს ხელს, მაგრამ ვერც ის ადამიანი ვნახე, რომელიც სხვა გიორგი ბადაშვილს იცნობს.

- ანუ ბადაშვილი თეა წულუკიანის კადრია და საფრანგეთიდან იცნობს?

- არ ვიცი, მაგრამ უდავოა, რომ ერთმანეთს კარგად უნდა იცნობდნენ, რამეთუ სარჩელების დაბლოკვა თავისთავზე ხომ თეა წულუკიანმა მოახდინა. მგონი, თეა დააკვალიანებდა მას და ასწავლიდა, როგორ ეშოვა სტრასბურგში ბინის შესაძენი ფული. სტრასბურგში გაიცნო, თუ იქ გააცნეს და დაავალეს, იქ გზა გაუკვალეო, არ ვიცი.

"ალია" კომენტარისთვის მთავარი პროკურორის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, თემურ დოლიძეს დაუკავშირდა.

- ბატონო თემურ, დოკუმენტი მომაწოდეს და გვიმტკიცებენ, რომ ბატონ ბადაშვილს სტრასბურგში უმუშავია და ეს ოფიციალურ "სივი"-ში არ უწერიაო. ამის შესახებ იცით რამე?

- სხვა გიორგი ბადაშვილი იქნება, ახალ მთავარ პროკურორს სტრასბურგში არ უმუშავია.

გერონტი აშორდიას პროკურატურის პასუხი გავაცანით, რაზეც გვიპასუხა: "ორი დღეა, ვარკვევ მაგას და მეუბნებიან, ერთი და იგივეაო. შევეცდები დავამტკიცო ეს და მერე რა პასუხს გამცემენ, მაგას ვნახავთ..."

ჟანა ასანიძე

გაზეთი "ალია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა