რას ამბობს დაღუპულის ოჯახი ლაფანყურის ტრაგედიაზე

რას ამბობს დაღუპულის ოჯახი ლაფანყურის ტრაგედიაზე

"ჩამოვიდნენ, დაგვკითხეს, ცხედრების ექსჰუმაციაც ჩაატარეს... ამდენი ხანი გავიდა და გამოძიების დასრულებას კი საშველი არ დაადგა. აქ ხომ ბევრი ჩეჩნური ევროპული ორგანიზაცია არის ჩართული, ამიტომ ადრე თუ გვიან ეს ამბავი გაიხსნება, არაფერი დაიმალება..." - 2012 წლის 28 აგვისტოს ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპული ბაჰაუდინ ალდამოვის დედა ასმათ ქავთარაშვილი გამოძიების მიმართ იმედგაცრუებას არ მალავს.

ამბობს, რომ ოქტომბრის ბოლოდან ლამის ყოველ თვე საქმის დეტალებზე ინფორმაციას ელოდება, მაგრამ პასუხი არ ჩანს.

მასაც, როგორც პანკისის ხეობაში ყველა ადგილობრივს სჯერა, რომ ახალგაზრდების საქართველოს გავლით ჩეჩნეთში გადაყვანაზე მაშინდელი შს სამინისტრო ზრუნავდა, ყოფილი ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მიერ მოხდა ახალგაზრდების ლოპოტას ხეობაში გაგზავნა, იქ კი "რაღაც გაუგებრობა მოხდა", "ხელისუფლებამ ბიჭებს უღალატა" და მათი ლიკვიდაციაც ამიტომ განხორციელდა. სპეცოპერაციის დროს დაღუპული 7 პირი სოფელ დუისშია დასაფლავებული. მათ შორისაა ასმათ ქავთარაშვილის 26 წლის შვილის საფლავიც.

ყოფილი ხელისუფლების მხრიდან გაჟღერებული ოფიციალური ინფორმაციით, 2012 წლის 28 აგვისტოს შსს-მ თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურთან ე.წ. ანტიტერორისტული ოპერაცია ლაფანყურის ტყიდან 25 აგვისტოს 5 ახალგაზრდის გატაცების გამო დაიწყო. შსს ირწმუნებოდა, რომ შეიარაღებულმა ჯგუფმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა და ახალგაზრდები მძევლებად აიყვანა. საბოლოოდ, სპეცოპერაციის დროს დაიღუპა შსს-ს ორი თანამშრომელი და სამხედრო ექიმი და შეიარაღებული დაჯგუფების 7 წევრი, მათ შორის საქართველოს ორი მოქალაქე – 22 წლის ასლან მარგოშვილი და 26 წლის – ბაჰაუდინ ქავთარაშვილი. სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გამოძიებას შსს-ს კონტრტერორისტული დეპარტამენტი აწარმოებს.

16 იანვარს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავის პირველ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გამოძიება ბოლომდეა მიყვანილი და შს სამინისტრო და პროკურატურა საქმეს ერთობლივად გაასაჯაროებენ. თებერვალშივე ანონსდება სპეციალურად ამ საქმის შესწავლისათვის ომბუდსმენის ინიციატივით გასული წლის ოქტომბერში შექმნილი საზოგადოებრივ-საგამოძიებო კომისიის დასკვნის გაჟღერებაც.

როგორც კომისიის ერთ-ერთი წევრი, კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე აცხადებს, როგორც საქართველოში, ისე ჩეჩნებს შორის "სერიოზული ძალებია" დაინტერესებული იმაში, რომ ლაფანყურის საქმე არ გაიხსნას და რომ ლაფანყურში "რაღაც სხვა მოხდა". ფიქრობს, რომ დასკვნა ყველასთვის მოულოდნელი იქნება.

მამუკა არეშიძე: "დღეს ამ საქმესთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო ფიგურასთან მქონდა შეხვედრა. ცოტა უნდა მოითმინოთ! ხუთი დღე კიდევ გვაცალეთ. საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება, მაგრამ რაღაც ინფორმაციის მოცემა პირადად მე შემეძლება.

"პრემიერ-მინისტრის განცხადება მეტყველებს იმაზე, რომ ლაფანყურთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება დასასრულს უახლოვდება და ჩვენც ალბათ ამ დროისთვის დავდებთ დასკვნასაც. იცით, რომ დეტალების გამხელის უფლება არ მაქვს, უბრალოდ გეტყვით, რომ იმ დროს მოვლენები ყველასთვის მოულოდნელად წარიმართა. ჩვენ გარკვეულწილად გადავამოწმეთ ზოგიერთი ფაქტი, რომელიც საზოგადოებისთვისაც ისედაც ცნობილი იყო. ის ხაზი, რაც ომბუდსმენის დასკვნაშია მოყვანილი, შენარჩუნებულია, მაგრამ ამის გარდა სპეცოპერაციის დღეს მოხდა კიდევ სხვა რამ, ძალიან მნიშვნელოვანი და რაც ჯერჯერობით ჩემთვის ბოლომდე ცნობილი არ არის. გეგმა იყო სხვა და, როგორც ჩანს, იმის მიუხედავად, რომ ქართული სპეცსამსახურები და ჩეჩნები თანამშრომლობდნენ, ამ უკანასკნელებმა, ეტყობა, თავისი თამაში წამოიწყეს. ვფიქრობ, ფინალი ყველასთვის მოულოდნელი იქნება".

არეშიძის თქმით, არ არის გამორიცხული ძალოვანი უწყებების ყოფილი მაღალჩინოსნების დანაშაულიც გამოიკვეთოს და კვალი მაშინდელი შს მინისტრისკენაც მიდის.

"გამოძიებასთან კონსულტაცია არ გვაქვს. დასკვნას შს სამინისტროსა და პროკურატურას აუცილებლად გავუგზავნით... ბაჩო ახალაია ამ პროცესებში მთავარი მონაწილეა, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ იმ დღეს ეს საქმე ახალაიას მერაბიშვილმა სპეციალურად "გაუჩალიჩა". მერაბიშვილის ნამუშევარიც იკვეთება და ახალაიას მოუმზადებლობაც და დაბნეულობაც. ამასთან გეტყვით, რომ გია ლორთქიფანიძის, სანდრო ამირიძის და ბევრი სხვა მაღალჩინოსნის სქაციელი უარყოფით კონტექსტში ჩანს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ სპეცსამსახურის ზოგიერთი თანამშრომელი ცდილობს ხელი აშშ-ს შეაწმინდოს", - ამბობს არეშიძე და დასძენს, რომ საბრალდებო დასკვნა ვინმეს საბრალდებო დასკვნის საფუძველს არ იძლევა, გამოძიება დაადგენს, ვის შეიძლება ბრალი წარედგინოს, ეს იქნება თუ არა მერაბიშვილი, ან კიდევ სხვა ვინმე.

როგორც არეშიძე განმარტავს, პრემიერმა განაცხადა, რომ დასკვნა იქნება ისეთი, რომ არ დაზარალდეს საქართველოს უსაფრთხოების საკითხი. უსაფრთხოებაში კი იმიჯიც იგულისხმება და, როგორც ჩანს, სხვა არაქართული ძალების ჩარევაც იკვეთება.

"რუსეთი იკვეთება თუ სხვა, ამაზე ჯერ კომენტარს არ გავაკეთებ. მხოლოდ ერთ დეტალს ვიტყვი, რომელიც ცნობილია და აქედან გამომდინარე დასკვნის გაკეთებაც შეიძლება – თურქეთში ლაფანყურის სპეცოპერაციიდან 3 თვეში დააპატიმრეს რუსლან პაპასქირი, მეტსახელად "ზონა" და მას გრუ-ს აგენტობა და "კავკასიური იმარატის" წარმომადგენლის მკვლელობა ედება ბრალად. ამ პიროვნებას და კიდევ ორ სხვა პირს ჰქონდათ ქართველ სპეცსამსახურებთან ურთიერთობა. მათი მეშვეობით ხდებოდა ევროპაში ზარების განხორციელება და საქართველოში შეიარაღებული დაჯგუფებისათვის ჩეჩენი ახალგაზრდების ჩამოყვანა. პაპასქირს საქართველოს შს სამინისტროს საბუთი ჰქონდა. თუ მას გრუ-ს თანამშრომლობა დაუმტკიცდა, მაშინ ლაფანყურთან დაკავშირებით საინტერესო კონფიგურაცია იკვეთება", - ამბობს არეშიძე.

შეგახსენებთ, რომ კომისიის შექმნამდე ლაფანყურის საქმე სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშშიც მოხვდა. ანგარიშის მიხედვით, სწორედ შსს-ს მაღალი თანამდებობის პირების მითითებით 2012 წლის მარტიდან დაიწყო ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ ჩეჩნების ჩამოყვანა, წვრთნა, აღჭურვა და ჩეჩნეთში გადასვლისთვის ყოველგვარი პირობის შექმნა. საუბარია დაახლოებით 120 კავკასიური წარმოშობის მებრძოლის ჩამოყვანაზე.

სახალხო დამცველი, ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით, ანგარიშში აღნიშნავს, რომ ჩეჩენი მებრძოლების ჯგუფთან უშუალო კავშირი ჰქონდათ და მათთვის საჭირო ყველა საკითხს აწესრიგებდნენ შსს-ს მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძე, და სამინისტროს მაღალჩინოსნები სანდრო ამირიძე და ზურაბ მაისურაძე.

"2012 წლის მარტიდან ჩეჩენი მებრძოლების წვრთნა დაგეგმილზე მეტხანს გაგრძელდა, რამაც ჯგუფის წევრებში თავიდანვე უარყოფითი შეფასება გამოიწვია. ისინი ჩეჩნეთში გადასასვლელად შეპირებული კორიდორის მიცემას ითხოვდნენ. ჩეჩნების ნაწილი თანდათან კარგავდა ნდობას საქართველოს ხელისუფლებისა და შსს-ს მაღალჩინოსნების მიმართ. ახლოვდებოდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, საქართველოში შიდაპოლიტიკური ვითარება თანდათან იძაბებოდა და ჩეჩენ მებრძოლებში გაჩნდა ვარაუდი, რომ შესაძლოა, დაგეგმილზე მეტი ხნით საქართველოში მათი გაჩერების მიზეზი დაკავშირებული ყოფილიყო არჩევნებთან და საარჩევნო პროცესებში რაიმე სახით მათ გამოყენებასთან", - აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, სახალხო დამცველი საეჭვოდ მიიჩნევს იმ ფაქტსაც, რომ სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში ოჯახის წევრებს არ აძლევდნენ გარდაცვლილთა ცხედრებს.

ომბუდსმენის დასკვნის გარდა საკუთარი გამოძიების შედეგი "ჩეჩენ პრესში" ჩეჩნურმა მხარემ, იჩქერიის დევნილობაში მყოფმა სამთავრობო კომისიამაც გაავრცელა, რომლის მიხედვით, საქართველოს წინა ხელისუფლებას არჩევნებამდე პოლიტიკური მიზნები ჰქონდა და შეიარაღებული პირების გამოჩენა დაღესტნიდან საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლად უნდა წარმოჩენილიყო.

დასკვნის მიხედვით, ლოპოტას ხეობაში ლიკვიდირებული შეიარაღებული სამხედრო დაჯგუფებების მომზადება თავდაპირველად რუსული სპეცსამსახურების ინიციატივით მოხდა. შეიარაღებული დაჯგუფების განადგურება კი ვანო მერაბიშვილმა დაგეგმა.

ბაჰაუდინ ალდამოვის დედა, ასმათ ქავთარაშვილი, რომელიც გამოძიებას და კომისიის დასკვნას მოუთმენლად ელოდება, "რეზონანსთან" იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც მიცვალებული შვილიც არ ატირეს, დასაფლავებამდე ჭიშკარიც არ გააღებინეს, "ყველას ნუ გააგებინებთო".

ასმათ ქავთარაშვილი: "ოთხი შვილი მყავდა, უფროსი გოგოა, მეორე იყო ბაჰაუდინი. მას ცოლი და 11 თვის შვილი ჰყავდა, შემდეგ მეორე ბიჭიც შეეძინა. სახლიდან ისე წავიდა, არავინ აზრზე არ ვიყავით. ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი ჩემი შვილის თანაკლასელი იყო. თურმე მეგობრობდნენ. მისი ოჯახი ავსტრიაში ცხოვრობს, დუისში კი ბიძის სახლი და ბევრი ნათესავი ჰყავს. ავსტრიიდან ჩამოსვლის შემდეგ, როცა სოფელში იყო, ჩემს შვილს თითქმის ყოველდღე ხვდებოდა თურმე, არც ერთს ისეთი არაფერი უთქვამს, რომ ეჭვი ამეღო. თბილისში ამზადებდნენო საბრძოლველად, ეს მე არ ვიცი. ჩემი შვილი თბილისში არ ყოფილა, აქ დუისში იყო. ბოლო დღეებში მხოლოდ ორი დღით იყო წასული. ამბობდა, რომ შს სამინისტროს წარმომადგენლები ჩამოდიოდნენ და ამ ახალგაზრდებს მათთან ურთიერთობა ჰქონდათო, მაგრამ მე არაფერი ვიცი. ლოპოტაში წასვლამდე, წინა დღით, ბაღაკაშვილი მოვიდა, ამაღამ თურქეთში მივდივარ, იქიდან ავსტრიაში უნდა გადავფრინდეო. შემდეგ, გვიან მანქანით ისევ მოვიდა. შვილმა მითხრა, სპორტული დარჩენია და გავუტანო. მანქანა რომ წავიდა, მეგონა, ჩემი შვილი სახლში შემობრუნდებოდა, მაგრამ არ შემოვიდა, გარეთ გავედი და იქაც არ დამხვდა. ეს ყველაფერი 26 აგვისტოს ხდება.

ასლან მარგოშვილი კი ამათზე უმცროსი იყო, ის არასოდეს მინახავს. მარგოშვილი ძალიან ჭკვიანი ბიჭი იყო, თბილისში სწავლობდა. როგორც ვიცით, საზღვარგარეთაც იყო წასული. ამბობდა, ფინეთში ვიყავიო, მაგრამ არაბეთში ყოფილა თურმე. იქიდან რომ ჩამოსულა, დედ-მამასაც არ სცოდნია. მისი სახლი აქვე, სოფლის ბოლოშია. ახლა მამა დაეღუპა".

ბაჰაუდინ ალდამოვის დედა გვეუბნება, რომ საგამოძიებო კომისიის წევრებიც იყვნენ ნოემბერში ჩასული, რაც იცოდა, მოუყვა კიდეც, მათგან დაპირებაც მიიღო, "ორ თვეში საქმის დასკვნაც დაიდებაო, მაგრამ აგერ რამდენი ხანი გავიდა და არაფერი არ ჩანს".

"ექსჰუმაციაც ჩატარდა, რა ვიცი, რა უნდა დაედგინათ. ბევრზე უკნიდან იყო ნასროლი. არ ვიცი, ჩემს შვილისთვის სად არის ნასროლი. 9 თვის შემდეგ, ისედაც რა უნდა მენახა?! გამოძიებას მალე დავასრულებთო და ჯერჯერობით არაფერია", - ამბობს ასმათ ქავთარაშვილი და ბევრ კითხვაზე პასუხის მოლოდინშია.

ასმათ ქავთარაშვილი: "როცა ამბობენ, დაღესტანში უნდა გადასულიყვნენო, ისეთი გაძლიერებული რუსული ჯარი დგას, ეს როგორ უნდა მომხდარიყო, არ მესმის. ამიტომაც ყველას სჯერა, რომ მათ შს სამინისტრო ეხმარებოდა. სოფელში ყველას სჯერა, რომ ბაჩო ახალაია იყო ჩართული, აბა, სხვა ვინ?! ძველი ხელისუფლების ხალხია დამნაშავე იმიტომ, რომ აქედან რაც ტელევიზიით იარაღი აჩვენეს, იმას პატარა მანქანით კი არა, ტრაილერით ვერ წაიღებდნენ. ამიტომაც დადგენილია, რომ იარაღი სწორედ ძველი ხელისუფლების იყო. ასევე ის, რომ სამხედრო ფორმა მათთვის თბილისში შეიკერა. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ამდენი იარაღი მანქანით გადაეტანათ და არავის შეუნიშნავს?! ლოპოტას ხეობაში რატომ მიიყვანეს და ალყაში რატომ მოაქციეს?! ეტყობა, რაღაც ჩანაფიქრი ჰქონდათ და რა, არ ვიცით. 17 კაცს სპეცრაზმელების სამი რკალი შემოარტყეს თურმე. მათგან 7 დაიღუპა, 10-მა კი თავი დააღწია.

"7 გარდაცვლილიდან, 3 ჩვენი სოფლიდან იყო, დანარჩენი - ჩამოსული ჩეჩენი. მათგან ერთი ავსტრიიდან ჩამოსული. სამს ამ დრომდე პატრონიც არ გამოსჩენია. აქაურები რომ ყოფილიყვნენ, გამოჩნდებოდნენ. გადარჩენილები კი თურქეთსა და სირიაში წავიდნენ. ჩვენ რაც ვიცით, მათგან მხოლოდ ერთია ჩვენი სოფლიდან, მარგოშვილი. ერთი იყო ჩეჩნეთიდან, რომელსაც სოფელ ჯოყოლოდან ჰყავდა ცოლი და სირიაში დაიღუპა. ცოლთან რომ სამძიმარზე მივიდნენ, იქიდან გავიგეთ".

ეკატერინე ბასილაია

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია